რატომაა ტრეიდერის წარმატების 99% დამოკიდებული სავაჭრო სისტემაზე
ტრეიდერის პროფესია დიდ ცოდნას, კომპეტენციასა და პრაქტიკულ გამოცდილებას მოითხოვს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ყველა ტრეიდერისთვის არის მთავარი ინსტრუმენტის - სავაჭრო სისტემის ათვისება და წარმატებით გამოყენება.
უსისტემო ტრეიდინგი პოზიციების გახსნისას, რომელსაც არც თუ იშვიათად მიმართავენ დამწყები ტრეიდერები, ინტუიციაზე, ან სადღაც სხვაგან მიღებულ სიგნალებზე დაყრდნობით, იწვევს დეპოზიტის თანდათანობით შემცირებას, ან სრულ ლიკვიდაციასაც კი. მხოლოდ კრიპტობაზრისგან მკაცრი გაკვეთილის მიღების შემდეგ (რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, ყველაზე ვოლატილურია და მანიპულატორ ვეშაპებზეა დამოკიდებული), ტრეიდერები იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ გარკვეული სისტემისა და პრაქტიკაში შემოწმებული ტაქტიკებისა და სტრატეგიების გარეშე სტაბილური წარმატების მიღწევა რთული იქნება.
რა არის სავაჭრო სისტემა
ტრეიდერის მიერ სავაჭრო სისტემის გამოყენება შეიძლება შევადაროთ გემის მართვას. კაპიტანმა ოსტატურად უნდა მართოს ის ქარიშხალსა და შტილშიც, ასევე ოსტატურად წაიყვანოს ის სწორად შერჩეული კურსით, რათა გემი მეჩეჩზე არ დაჯდეს. ზოგჯერ შტორმი კრიპტობაზარზეც ხდება. აპტრენდებს ცვლის დაუნტრენდები, რომლებიც ხანდახან მეცხრე ტალღაზე მეტად გვაშინებს, ფლეტი კი შეგვიძლია შევადაროთ ოკეანეს შტილს. სავაჭრო სისტემის შექმნა და მისი წარმატებულად, და რაც მთავარია, რეგულარულად გამოყენების სწავლა არის ერთადერთი გზა ტრეიდინგში სტაბილური შემოსავლისა და კაპიტალის მისაღწევად.
სწორედ მომგებიანი სავაჭრო სისტემის ფლობა განასხვავებს პროფესიონალ ტრეიდერს მოყვარულისგან. ფაქტობრივად, წარმატებული ტრეიდერი არის ის, ვინც შექმნა და იყენებს ისეთ სავაჭრო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს დეპოზიტის ბალანსის ზრდას ნებისმიერ ვითარებაში. როგორ მიიღწევა ეს, შემდგომში განვიხილავთ.
რისგან შედგება სავაჭრო სისტემა
თავად სავაჭრო სისტემა არის გარკვეული კოდექსი ან წესების კრებული იმ პირობებით, რომლითაც გარკვეულ ბაზარზე (სპოტური, მარჟინალური და ა.შ.) თითოეული ტრანზაქცია იხსნება და იხურება.
წარმატებული და მომგებიანი სავაჭრო სისტემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
- სავაჭრო სტრატეგიები (ყველაზე ხშირად ტრეიდერი იყენებს რამდენიმე მათგანს, გამოცდილებიდან და პრაქტიკული უნარებიდან გამომდინარე);
- რისკების მართვისა და კაპიტალის მართვის (მანი მენეჯმენტის) სისტემა;
- ტრეიდერის ფსიქოლოგიური მდგრადობა და თვითდისციპლინა.
მოდით, გავაანალიზოთ თითოეული კომპონენტი ცალ-ცალკე.
როგორ ავირჩიოთ სავაჭრო სტრატეგია
უმეტეს შემთხვევაში, თითოეული სავაჭრო სტრატეგია მოიცავს ტექნიკური ანალიზის მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, რომელთა მეშვეობით ხდება ბაზრის მოძრაობის, აქტივების ფასის პროგნოზირება და პოზიციებზე შესვლისა და გასვლის წერტილების დადგენა. თუმცა, არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებიც სხვა მიდგომებზეა დაფუძნებული.
უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ბევრი მომგებიანი სტრატეგია, რომლებშიც გარკვეული რაოდენობით წამგებიანი გარიგებები მაინც იქნება. მთავარი ის არის, რომ წარმატებით დახურული გარიგებებიდან მიღებულმა მოგებამ წარუმატებლიდან მიღებული ზარალი გადაფაროს - მხოლოდ ასეთ პირობებში შეძლებს ტრეიდერი გარკვეული საანგარიშო პერიოდის (თვე, კვარტალი და ა.შ.) "პლუსით" დახურვას.
სტრატეგიის არჩევისას, უნდა იხელმძღვანელოთ იმით, თუ რამდენად მოსახერხებელი და გასაგებია ის ტრეიდერისთვის, არჩეული ტაქტიკისა და სავაჭრო დიაპაზონის შესაბამისად (სკალპინგი, ინტრადეი, სვინგ ტრეიდინგი და ა.შ.).
პრაქტიკაში, ტრეიდერი სხვადასხვა სავაჭრო სტრატეგიას გარკვეული დროის განმავლობაში ტესტავს, რათა დარწმუნდეს, რომელს მოაქვს ყველაზე მეტი მოგება. ამავდროულად, ის განსაზღვრავს რომელი ფიგურები, პატერნები, სიგნალები, ინსტრუმენტები და ინდიკატორები მუშაობს უკეთ და ზუსტად მისი სტრატეგიის შემთხვევაში, რაც პოზიციების დროულად გახსნისა და დახურვის შესაძლებლობას უზრუნველყოფს. ეს ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს არა მხოლოდ ხელით, არამედ ტრეიდინგისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.
კაპიტალის მართვის ძირითადი პრინციპები
მომგებიანი სავაჭრო სტრატეგია ყოველთვის ეფუძნება რისკების მართვას. ორდერების გახსნის პირობები, გარდა შესვლის ფასისა, უნდა ითვალისწინებდეს და საზღვრავდეს რისკებისა და მოგების თანაფარდობას თითოეული შეთანხმების შემთხვევაში. დანაკარგები მინიმუმამდე უნდა შემცირდეს stop-loss ორდერების (SL) გამოყენების წყალობით, FOMO და სიხარბე უნდა ვაკონტროლოთ და ამავე დროს take-profit ორდერები (TP) არ დავივიწყოთ. თანაც, ეს მიდგომა უნდა იქცეს მყარ წესად ნებისმიერი შეთანხმების შემთხვევაში.
ითვლება, რომ მოგებისა და რისკის ოპტიმალური თანაფარდობა არის 1:3. მაგრამ, უკეთესი იქნებოდა, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი რომ ყოფილიყო. აქ თქვენ უნდა იხელმძღვანელოთ საღი აზრითა და ტესტირების შედეგებით. მართლაც, არსებობს სტრატეგიები, რომლებიც განსაზღვრავს გარიგებაში შესვლის ცოტა წერტილს 1:3 თანაფარდობით, მაგრამ გვთავაზობს ბევრ ვარიანტს 1:2 თანაფარდობით, რომლებსაც ძირითადი მოგება მოაქვს. მთავარია, არ გარისკოთ 1$, რათა 1$ გამოიმუშაოთ - ეს აპრიორი წამგებიანი სტრატეგიაა.
შესვლის წერტილის განსაზღვრის შემდეგ, საჭიროა, სწორად გამოთვალოთ გარიგების ზომა. ზოგიერთი ტრეიდერი ეყრდნობა თითო გარიგებისთვის მაქსიმალურად დასაშვებ რისკს, სხვები კი განსაზღვრავენ დეპოზიტის მოცულობის წილს (ყველაზე ხშირად ის არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს). ეს გამოთვლების არასრული ჩამონათვალია.
ტრეიდერის ფსიქოლოგია
ფინანსურ ბაზრებზე ემოციების გარეშე ვაჭრობა მხოლოდ რობოტებს შეუძლია. სხვათა შორის, სწორედ ამიტომ ბევრი ინსტიტუციონალური ინვესტორი ახორციელებს ალგორითმულ ტრეიდინგს სავაჭრო ბოტების მეშვეობით, რადგან ადამიანებს აქვთ შიშის, ან სიხარბის, აზარტის, ან აპათიისადმი მიდრეკილება. ისინი შეიძლება იყვნენ ავად, ან ჰქონდეთ გარკვეული სოციალური პრობლემები. ეს ყველაფერი კი, სამწუხაროდ, ვაჭრობის ხარისხზე აისახება.
ემოციებთან გამკვლავებას ეხმარება სპეციალური პრაქტიკები, რომლებსაც შიშები ცნობიერ სიბრტყეში გადაჰყავს, რაც რაციონალური აზროვნების მეშვეობით მათი დამარცხების საშუალებას იძლევა. ასევე სასარგებლოა წიგნების წაკითხვა ტრეიდინგის ფსიქოლოგიის შესახებ, როგორიცაა პიტერ ბერნშტაინის "ღმერთების წინააღმდეგ. რისკის მოთვინიერება". ზოგადად, ამ ფორმატის რამდენიმე ათეული წიგნი უკვე არსებობს - დაგუგლეთ და აირჩიე სათქვენო.
უნდა აღინიშნოს, რომ პოზიციის გახსნამდე საგულდაგულოდ ჩატარებულმა ტექნიკურმა, ან ფუნდამენტურმა ანალიზმა, სწორად დაყენებულმა SL-მა და გარიგებაზე წინასწარ გამოთვლილმა რისკმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ტრეიდერების უმეტესობის შიში და მისცეს ვაჭრობის მშვიდად წარმართვის საშუალება.
"ერთი წარმატებული ტრეიდის კონცეფცია”, რომელიც უოლ სტრიტელი ტრეიდერის, მაიკლ ბელაფიორეს წიგნშია აღწერილი, ასევე იძლევა ემოციების გრადუსის შემცირების შესაძლებლობას. საუბარია იმაზე, რომ ყველა ტრეიდერის მთავარი ამოცანაა, მიაღწიოს ერთი წარმატებული ტრეიდის შესრულებას, შემდეგ კი მეორეს და ა.შ.
ფაქტობრივად, ყოველი ასეთი წარმატებული ტრეიდი შესაძლებელია მხოლოდ სავაჭრო სტრატეგიის წესების მკაცრი დაცვით, რისკისა და მანი მენეჯმენტით მეშვეობით. ამიტომ, ამ ინფორმაციას ნუ უგულებელყოფთ.