როგორ ხდის Zapper ბლოკჩეინს მოსახერხებელს მომხმარებლისთვის

ფოტო - როგორ ხდის Zapper ბლოკჩეინს მოსახერხებელს მომხმარებლისთვის
დავალებები, ადვილად წაკითხვადი ბლოკები და Twitter-ის მსგავსი ფიდი, რათა საქმის კურსში იყოთ, თუ რა ხდება ქსელში. ასეთია Web3-ში თქვენი სახლის - Zapper-ის არსი.
GN: გამარჯობა მარკ. მადლობა, რომ Gagarin News-თან სასაუბროდ დრო გამონახეთ. თქვენთან რამდენიმე კითხვა გვაქვს. პირველ რიგში, გვიამბეთ პროექტ Zapper-ის შესახებ? რა არის მისი თავისებურება?
 
Marc-Antoine Proulx: მადლობა მოწვევისთვის. თავდაპირველად Zapper ცნობილი იყო პორტფელის კონტროლის ფუნქციონალით - საინფორმაციო პანელით, რომლის მეშვეობითაც ყველა მსურველს შეუძლია, ნახოს თავისი ინვესტიციების სტატუსი ბლოკჩეინის სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა DeFi, NFT და DAO. ამჟამად ჩვენი კომპანია განვითარდა. ჩვენ ახლა ბლოკების სრულყოფილი მიმომხილველები ვართ, რისი წყალობითაც ჩვენი მომხმარებლები უფრო მეტ მონაცემსა და გონივრული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იღებენ. ჩვენი მიზანია, გავხადოთ ბლოკჩეინი ყველასთვის გასაგები და ხელმისაწვდომი.

ჩვენ ვაწვდით მომხმარებლებს ინფორმაციას საკუთარი ინვესტიციების შესახებ, ასევე მონაცემებს ქსელის სხვა წევრების საქმიანობის შესახებ. მაგრამ ჩვენ აღქმის მაქსიმალური სიმარტივისკენ ვისწრაფვით. დავუშვათ, თუ ბლოკჩეინის შესახებ გარკვეული ცოდნა გაქვთ, შეგიძლიათ, შეხვიდეთ Etherscan-ზე, წაიკითხოთ ბლოკი და შეეცადოთ გაიგოთ იმ ყველაფრის არსი, რაც ხდება.

თუმცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ გარკვევა გაგიჭირდებათ – სწორედ ამის დაძლევას ვცდილობთ. იმისათვის, რომ თითოეულმა ადამიანმა, ბლოკჩეინის სფეროში მისი ცოდნის მიუხედავად, ჯაჭვში შენახული მონაცემების საფუძველზე გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღება შეძლოს, აუცილებელია ერთიანი საინფორმაციო გარემოს შექმნა.

არავითარი გიჟური რბოლა: Zapper-ს კონკურენტების შთანთქმა არ სურს

GN: გვიამბეთ, ვინ არიან თქვენი კონკურენტები ამ სექტორში? ბაზარი ახლა საკმაოდ გაჯერებულია.
 
Marc-Antoine Proulx: რა თქმა უნდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენს მეტოქეებს შორის ვინმეს გამოყოფა ძნელია. თუ მხედველობაში, ვთქვათ, მხოლოდ საინვესტიციო მენეჯმენტს ავიღებთ, მაშინ ინფოგრაფიკის მიწოდება შეუძლია ისეთ აგრეგატორ პროექტებს, როგორიცაა DeBank და Zerion. თუმცა, ჩვენ ყველანი სხვადასხვა მიდგომასა და მეთოდს ვიყენებთ.

კერძოდ, Zerion  საკუთარი საფულის შემუშავებას აპირებდა. ჩვენ კი ამ დროისთვის ასეთის შექმნას არ ვგეგმავთ.

DeBank მუშაობს L2-ზე და მიზნად ისახავს DeFi პროდუქტების მაქსიმალური მრავალფეროვნების ინტეგრირებას.

საინვესტიციო მენეჯმენტი ჩვენი შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია. რაც შეეხება აღქმის სიმარტივეს, ვერ დავასახელებ ვერც ერთ მსხვილ პროექტს, რომელიც იმავეს გააკეთებდა, რასაც ჩვენ - მიაწვდიდა მომხმარებლებს გასაგებ ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ. გარდა ამისა, ესაა სწავლისა და მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ჩვენ შეიძლება გვყავდეს ბევრი კონკურენტი ცალკეულ სფეროებში, მაგრამ ეს არ ხდის ჩვენს პროდუქტს ნაკლებად თვითმყოფადს. ჩვენ ასევე მოგვწონს კონკურენტებზე დაკვირვება. ასე ვრწმუნდებით, რომ ჩვენ სათავეში ვართ და საუკეთესო პროდუქტს ვავითარებთ.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მუდმივად მზარდ სფეროში ყველასთვისაა საკმარისი ადგილი.  სწორედ ამ მიდგომას ვიზიარებთ. ჩვენ სხვების განდევნას არ ვცდილობთ.
 
GN: რა თავმდაბლობაა, ეს შესანიშნავია. მართლაც, კანიბალიზაცია არ არის საუკეთესო სტრატეგია. რამდენი მომხმარებლის დაინტერესება მოხერხდა?
 
Marc-Antoine Proulx: ადამიანების რაოდენობა მუდმივად იცვლება,  ჩვენ ხომ ხარული ბაზრის პერიოდი გავიარეთ, როდესაც აქტიურ  მომხმარებელთა რიცხვი თვეში 500 000-600 000-ს აღწევდა. ახლა კი, დათვური ბაზრის ფსკერზე, ყოველთვიური აქტივობა დაახლოებით 200 000-300 000 ადამიანს შეადგენს, ყოველდღიური აქტივობა კი - 20 000-დან 30 000-მდე მერყეობს.

მე უფრო შეკავების მაჩვენებელი მომწონს; ის არ არის ცუდი არც ვებგვერდის, არც მობილური აპლიკაციების შემთხვევაში, იქნება ეს iOS, თუ Android. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით დღევანდელ რეალობაში.
 
GN: მიაღწიეთ თუ არა მსოფლიო დაფარვას, თუ თქვენი მომხმარებლები კონკრეტულ რეგიონში ბინადრობენ?
 
Marc-Antoine Proulx: დიახ, თითქმის ყველა რეგიონში. ეს მაინც გლობალური აუდიტორიაა. უმსხვილეს ბაზრად ჩრდილოეთ ამერიკა რჩება, თუმცა ბევრი მომხმარებელია ევროპასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც, როგორიცაა აზია და ოკეანია. 
 
GN: როგორ არის საქმე კანონებთან დაკავშირებით კანადაში? აშშ-ში SEC და სხვა სახელმწიფო უწყებები სულ უფრო მეტად ახდენენ ზეწოლას კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინზე.
 
Marc-Antoine Proulx: ჩვენი გუნდის ძირითადი ნაწილი კანადაში იმყოფება, თუმცა კომპანია Zapper აშშ-შია რეგისტრირებული.  მიუხედავად ამისა, კანადაში ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ აშშ-ში მიმდინარე მღელვარების შედეგებს. ორი ქვეყნის ეკონომიკა დიდწილად ურთიერთდაკავშირებულია. მაგრამ ჯერჯერობით არანაირი დაბრკოლება არ შეგვხვედრია.
 
GN: სასიამოვნოა ამის მოსმენა.
 
Marc-Antoine Proulx: დიახ, საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ რა მოუვა SEC-ს. ახლა თქვენ ხედავთ, რომ Coinbase უკიდურესად გააქტიურდა. ინიციატივა მათ მხარესაა. ვფიქრობ, ნებისმიერ web3 კომპანიას ესმის, რომ Coinbase ეკოსისტემის განვითარებაში დიდძალ ფულსა და ძალისხმევას დებს.

Zapper-ის ისტორია კომპანიის ტერმინატორები

GN: იმედი ვიქონიოთ, რომ SEC ცოტა ნაკლებად კონსერვატიული აღმოჩნდება, ხოლო მათი მიდგომა - უფრო პროგრესული. თქვენს ვებგვერდზე ვნახე, რომ თქვენ NFT-ებს ყიდით. გვიამბეთ, როგორ ეხმარება ეს კომპანიას? სხვათა შორის, 2021 წელს ეს ტოკენები ძალიან პოპულარული იყო. ისინი ისევ მოთხოვნადია?
 
Marc-Antoine Proulx: რა თქმა უნდა. დიახ. NFT-ები ბაზრის მნიშვნელოვან წილს კვლავ შეადგენს და მომხმარებლების მოზიდვაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. მაგრამ რაც შეეხება Zapper-ის NFT-ებს, უმეტეს შემთხვევაში ისინი ე.წ. სეზონებს უკავშირდებოდა. პროექტში ასეთი სულ ორი იყო. მათთვის ქვესტიც იყო გათვალისწინებული.

მომხმარებლები სტუმრობდნენ ჩვენს ვებგვერდს და ასრულებდნენ ისეთ დავალებებს, როგორიცაა ყოველდღიურად შესვლა სისტემაში, გაცვლა სხვადასხვა ქსელებში, ლიკვიდობის უზრუნველყოფა პულებში, ცალკეული ტოკენების ფარმინგი და მრავალი სხვა. ამ აქტივობებისთვის მათ ენიჭებოდათ ქულები, სახელწოდებით ვოლტები, რომელთა გადაცვლა NFT-ზე სეზონის ბოლოს იყო შესაძლებელი.

არსებითად, ქვესტები ბლოკჩეინის გასაცნობად გამოიგონეს. ანუ, თუ ახალი მომხმარებელი ხართ და აქამდე არ გქონიათ შეხება სვოპებთან, ან არ გამოგიყენებიათ კროსჩეინ ხიდი, ქვესტები ახალი რაღაცის მოსინჯვის სტიმულს იძლეოდა, რადგან დასასრულს იყო ჯილდო NFT-ს სახით.

ის სეზონები დასრულებულია, მაგრამ Zapper NFT-ის ყიდვა მეორად ბაზარზე ჯერ კიდევ შესაძლებელია.
 
GN: მაშ, ეს ყველაფერი განმანათლებლობისთვისაა?
 
Marc-Antoine Proulx: ზუსტად.
 
GN: რას წარმოადგენდა ის NFT-ები?
 
Marc-Antoine Proulx: კონცეფციას საფუძვლად Zapper-ის ისტორია დაედო. მათ შესაქმნელად დიდი ბრიტანეთიდან ციფრული მხატვარი მოვიწვიეთ. ცალკეული NFT-ები ეძღვნება სხვა საზოგადოებებს, როგორიცაა SushiSwap და Uniswap. კიდევ არის Zapper Terminator, როგორც ჩვენს დეველოპერებს ვუწოდებთ. ერთი სიტყვით, მთელი ეს იდეა შიდა ხუმრობებზეა აგებული და სხვა მომხმარებლების მოსაზიდადაა შექმნილი.
 
GN: იქნებ ეს ტერმინატორები ავსტრიელი მძიმეწონოსანი სპორტსმენები არიან? *იცინის*
 
Marc-Antoine Proulx: *იცინის* დიახ, ზოგიერთი ჩვენი თანამებრძოლი უბრალოდ სუპერმძიმეა. ჩვენ მათ ტერმინატორებს ვუწოდებთ, რადგან ისინი სპორტდარბაზში იღვრებიან ოფლად, მაგრამ კოდზეც იგივე წარმატებით მუშაობენ.
 
GN: შესანიშნავია. რა ბლოკჩეინებს უჭერს მხარს Zapper ამჟამად?
 
Marc-Antoine Proulx: რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამჟამად მხარდაჭერილია 11 ბლოკჩეინი. Ethereum, Arbitrum, Optimism, Polygon, BSC, Gnosis, Aurora, Avalanche, Celo, Moonriver და Fantom.
 
GN: და ვინ დგას სათავეში? ვფიქრობ, პასუხი აშკარაა. თუმცა...
 
Marc-Antoine Proulx: რა თქმა უნდა, ეს არის Ethereum. მაგრამ Polygon, Optimism, Arbitrum და BSC ასევე კარგ შედეგებს აჩვენებენ.
 
GN: პლატფორმა საკომისიოს 75%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა. როგორ მუშაობს ეს?
 
Marc-Antoine Proulx: არა მგონია, ეს სიმართლეს შეესაბამებოდეს. უნდა გავარკვიოთ, საიდან მოდის ეს რიცხვი. და მაინც, ჩვენთან სვოპი შესაძლებელია. ჩვენი სვოპ მარშრუტების ოპტიმიზაციისთვის 0x-ს ვიყენებთ. შესაბამისად, გათვალისწინებულია სხვადასხვა მარშრუტი სხვადასხვა DEX-დან და ხდება მომხმარებლისთვის ყველაზე ოპტიმალურის შერჩევა. ამრიგად, თქვენ შეგიძლიათ, დაზოგოთ ფული და  თქვენი სვოპისთვის მეტი მიიღოთ, თუ მარშრუტი ოპტიმიზირებული იქნება. გარდა ამისა, ეს ოდნავ ამცირებს გაზის საფასურს, მაგრამ ზუსტ პროცენტსა და ციფრს ვერ დავასახელებ.
 
GN: გმადლობთ. მადლობა, რომ აგვიხსენით, რადგან ზოგიერთი ადამიანი შეიძლება ნამდვილად დაიბნეს. ხშირად ციფრები უბრალოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილია. მოდით უსაფრთხოებასაც შევეხოთ. ახალი დღე, ახალი გატეხა. რამდენად უსაფრთხოა თქვენი პროტოკოლი?

"ადრე უარესი იყო"

Marc-Antoine Proulx: უსაფრთხოება ნამდვილად გაუმჯობესდა. ახლა, პრინციპში, Zapper-ის გატეხის არანაირი შანსი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი პირი ეწევა ფიშინგს, დომენის მისამართის ასოების შეცვლით. სწორედ ამიტომ, ვმუშაობთ კომპანიასთან Doppel, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით. მისი მიზანი  ასეთი ვებგვერდების ლიკვიდაციაა. თუმცა, Zapper-ის ვებგვერდზე სმარტ კონტრაქტები ჯერ კიდევ არ გვაქვს, ასე რომ, თუ ოფიციალურ რესურსზე შეხვედით, თქვენ უსაფრთხოდ ხართ.

ადრე ე.წ. Zap-ს ვიყენებდით. მისი მეშვეობით ადვილად შეიძლებოდა ლიკვიდობის პულებსა და ფერმებში მოხვედრა, მაგრამ ეს ფუნქციები ახლა გაუქმებულია. 

ახლა კი თქვენ აკავშირებთ თქვენს საფულეს და იგებთ, რა დევს შიგნით და რა აქვთ სხვებს. გამოდის, რომ ეს არის ხელმოწერა და არა ტრანზაქცია გაზით. ჩვენ ასევე ვიყენებთ 0x-ს მესამე მხარეს სვოპებისთვის; რაც შეეხება ხიდებს, ჩვენ ვიყენებთ ხიდის აგრეგატორს Socket.

GN: თვითმარქვიები იშვიათობა არაა. როგორ ფიქრობთ, დროთა განმავლობაში პრობლემა მოგვარდება? და რა ზომები უნდა იქნას მიღებული ამ საფრთხის დასაძლევად?
 
Marc-Antoine Proulx: ნაკლებად სავარაუდოა. სამწუხაროდ, მსგავსი პრაქტიკა თავისთავად არ გაქრება.

მე უკვე აღვნიშნე, რომ ჩვენ ვმუშაობთ მესამე მხარესთან, რათა ვაკონტროლოთ ჩვენი დომენის სახელის, NFT კოლექციების, Twitter-ის ანგარიშებისა და Telegram ჯგუფების გაყალბების მცდელობები, ზოგადად ის, რასაც Zapper-ის იმიტირება შეუძლია. Doppel მათ შლის, ამიტომ, ეს საფრთხე ნაკლებ მომხმარებელს ემუქრება. 

მაგრამ მეჩვენება, რომ თაღლითები არსად წავლენ. მთავარია მომხმარებლების განათლება. თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ იყენებთ შესაფერის არაკასტოდიალურ საფულეს, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. ასე რომ, დარწმუნდით, რომ გაქვთ საბუღალტრო წიგნი, გამოიყენეთ "ცივი" საფულე თქვენი ყველაზე ღირებული აქტივებისთვის, გადაამოწმეთ URL-ები და ა.შ.

ბლოკჩეინის გამოყენება ამჟამად რთულია. ჩვენ ამის გამოსწორებას  ვცდილობთ. ამ მიზნისკენ მრავალი სხვა პროტოკოლიც მიისწრაფვის. თუმცა ეს ყოვლისმომცველ განათლებას მოითხოვს.
 
GN: როგორც ჩანს, ყველაფერში დამნაშავეა სიტყვა, რომელიც იწყება ასო "ს"-თი: სიხარბე. რას ფიქრობთ ბაზრის მდგომარეობაზე? როგორც ჩანს, ის ცოტა არამდგრადია. ხარული ბაზარი უკვე დადგა? რას ფიქრობთ?
 
Marc-Antoine Proulx: არა, არა. მე მჯერა, რომ ფსკერზე ვართ. მართალია, ეს უმდაბლესი ნიშნულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის უკვე ვნახეთ. მაგრამ ახლა, ვფიქრობ, ბაზარმა თავისი მდგრადობა აჩვენა. როგორც ჩანს, ფსკერს მივაღწიეთ, მაგრამ FTX-ის კოლაფსს flat მოჰყვა და ეს შესანიშნავი ამბავია.
 
კიდევ იყო USDC-ის დეპეგი ამერიკული ბანკების კრახის გამო,  თუმცა კოინმა აღადგინა მიბმა და ამის შემდეგ ETH-მა ზრდა დაიწყო. 

ვერ ვიტყვი, რომ ფსკერი ვიგრძენით, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვხედავთ, რომ ბაზარი მდგრადია. და არა მგონია, რომ ოდესმე უფრო დაბლა დაიწიოს. თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია. მე სპეციალისტი არ ვარ.

NFT ადამიანებს შესანიშნავად იზიდავს

GN: მოდით, დავუბრუნდეთ NFT-ებს. რა აზრის ხართ ამაზე? ჩვენ გვაქვს ბევრი სტატია NFT-ების შესახებ. თქვენი აზრით, მართლა ასეთი ღირებულია ისინი? თუ ეს უბრალოდ აჟიოტაჟია?
 
Marc-Antoine Proulx: კარგი შეკითხვაა. მე დიდი ენთუზიაზმით ვარ განწყობილი NFT-ების მიმართ. ისინი ჩემი პორტფელის ლომის წილს შეადგენს. ვინ იცის, კარგია ეს, თუ ცუდი.

თუმცა, NFT ბლოკჩეინისთვის ახალ ჰორიზონტს ხსნის, არის საკუთრების დადასტურება, რომელიც მის ფარგლებს გარეთ ადვილად ხორციელდება.

გარდა ამისა, ეს არის შესანიშნავი ინსტრუმენტი მომხმარებლების მოსაზიდად. გაცილებით ადვილია იმის გაგება, თუ რა არის NFT, ვიდრე გარკვევა დეცენტრალიზებული ფინანსების ყველა კონცეფციაში, როგორიცაა ფარმინგი, პულინგი, DEX-ის მუშაობის პრინციპი.

გასულ წელს, ინდუსტრიაში NFT-ების მეშვეობით ბევრი ახალბედა შემოვიდა. ასე რომ, ეს არის შესანიშნავი ინსტრუმენტი  მომხმარებლების მოსაზიდად. თანაც, არ არის აუცილებელი, გამოიყენოთ კლიკბეიტი, როგორიცაა "100-ჯერ მეტი სარგებელი  თქვენი ინვესტიციიდან." პირიქით, NFT-ის ყიდვით, ადამიანი მიიღებს წვდომას სხვადასხვა საზოგადოებაზე, შეძლებს მისთვის შესაფერისი საზოგადოების პოვნას, რომელსაც მსგავსი ღირებულებითი სისტემა გააჩნია. ან კომპანიის, რომელიც თამაშობს იმავე თამაშებს, როგორც ის, ან დადის იმავე კონცერტებზე და ა.შ.

ასე რომ, დიახ, მე ვფიქრობ, რომ NFT-ის წყალობით გაჩნდა მრავალი კულტურა, რომელთანაც ადამიანებს იდენტიფიცირება და მათ  ნაწილად ყოფნა შეუძლიათ. მათ შეუძლიათ, შექმნან ახალი კონტენტი NFT-ებითა და ა.შ.

ხელოვნებისა და ტექნოლოგიების შერწყმის მიმართ დიდი ენთუზიაზმით ვარ განწყობილი. ვთვლი, რომ ციფრული ხელოვნება ნამდვილი შემოქმედებაა. Ethereum-მა კი უზრუნველყო პლატფორმა, რომელიც ციფრულ მხატვრებს ფულის შოვნის საშუალებას აძლევს. ახლა ადამიანებს შეუძლიათ, გამოხატონ საკუთარი თავი და გააზიარონ თავიანთი ნამუშევარი, რაც შესანიშნავია.

არსებობს NFT-ების გამოყენების სხვა სფეროებიც. მიმაჩნია, რომ მომავალში ჩვენი იპოთეკური სესხები და სახლები NFT-ებად  გადაიქცევა. მათი გამოყენება ლუქს კლასის ბრენდებში შეინიშნება. თქვენი ბრილიანტის, ან Gucci-ის ჩანთის ქაღალდის სერტიფიკატის ნაცვლად, შემოთავაზებულია NFT, რომელიც ავთენტურობას ადასტურებს. პროდუქტის გაყიდვის შემთხვევაში თქვენ NFT-ს გადასცემთ. ასე უფრო მოსახერხებელია და ამავდროულად, კვალიც რჩება.
 
GN: ე.ი. ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ ერთსა და იმავე ტალღაზე, თუ გვინდა, რომ უძრავი ქონება რაღაც მსგავსში გადაიზარდოს. ვნახოთ რა გამოვა. ალბათ 20-30 წელიწადში. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ უკვე მიჯაჭვულები ვართ ტელეფონებს, არა? შესაძლოა, მომავალი თაობა უფრო კეთილგანწყობილი იყოს ასეთი იდეების მიმართ, ვიდრე გარი გენსლერი, ან უორენ ბაფეტი.
 
Marc-Antoine Proulx: ჩვენ ახლა ტექნოლოგიების განვითარების საწყის ეტაპზე ვართ, არა? ინტერნეტის პირველ დღეებში კომპიუტერის გამოყენება ძალიან რთული იყო. იქ შავი ეკრანი იყო. ამ ტექნიკის გამოსაყენებლად, პროგრამების უნარი უნდა გქონოდათ.

ჩემი აზრით, იგივე სიტუაციაა ახლა ბლოკჩეინთან დაკავშირებით. ოდესმე ჩვენ გამოვიყენებთ მას ისე, რომ მის არსებობას ყურადღებას არც კი მივაქცევთ. ზოგიერთი ინსტრუმენტი უბრალოდ ამ ტექნოლოგიის საფუძველზე იქნება შექმნილი. შესაძლოა, ეს იყოს მასობრივი მიმღებლობის ერთადერთი გზა, მაგრამ ეს არაუადრეს 20-30 წლისა მოხდება.
 
GN: რამდენი წელიწადში იქცა ინტერნეტი მეინსტრიმად? სადღაც 20-ში?
 
Marc-Antoine Proulx: ალბათ, 10-20-ში. ტექნოლოგიური პროგრესი სწრაფად ჩქარდება და ჩვენი ბებიები და ბაბუები უკვე იყენებენ ინტერნეტს. შესაძლოა, ბლოკჩეინის, Web3-ის, NFT-ების, ან სხვა ახალი ტექნოლოგიებით, ეს კიდევ უფრო სწრაფად მოხდება.
 
GN: სრულიად გეთანხმებით. ვფიქრობ, ბებიები და ბაბუები თავიანთ შთამომავლობას ტექნიკური მხარდაჭერის სახით იყენებენ *იცინის*.
 
Marc-Antoine Proulx: *იცინის* ოჯახურ ვახშამზე ვცდილობ, ავხსნა,  რა არის კრიპტოვალუტა, ბლოკჩეინი, Web3 და NFT. აბსტრაქტული ცნებები, ასე არაა?

მაგრამ, ოდესმე გიცდიათ აგეხსნათ, რა არის ინტერნეტი? მაგალითად, "თქვენ შეგიძლიათ ინფორმაციის გაგზავნა პლასტიკური ყუთის მეშვეობით. იცით, შეტყობინებების გაგზავნა და მეგობრებთან საუბარი. ისინი მეკითხებიან: მაგრამ რა საჭიროა ამის გაკეთება პლასტმასის ყუთის მეშვეობით, როცა წერილის გაგზავნა ფოსტით შემიძლია? ეს ძალიან ჭკვიანურია, მაგრამ ახლა ეს ყველა ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ვფიქრობ, იგივე მოხდება კრიპტოვალუტებთან დაკავშირებითაც.

ბლოკჩეინი სისულელეების გარეშე

GN: და ბოლოს, მოდით ცოტათი ვისაუბროთ თქვენს კომპანიაზე, თქვენს მიზნებსა და გეგმებზე. გვიამბეთ თქვენი საგზაო რუკის შესახებ.
 
Marc-Antoine Proulx: მსხვილი პროექტი, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ და რომელიც ამჟამად ბეტა ვერსიის სახით არსებობს, სავარაუდოდ აპრილის დასაწყისში ამოქმედდება.

ეს არის აქტივობის თანმიმდევრობა ჯაჭვზე. შეგიძლიათ,  თვალყური ადევნოთ სხვადასხვა საფულეებს და გაარკვიოთ, კონკრეტულად რას აკეთებს ისინი. მაგალითად, თქვენ შეიძლება დაინტერესდეთ პატივცემული NFT კოლექციონერის, DeFi დეგენის, ან უბრალოდ მეგობრის საქმიანობით. თქვენ შეძლებთ ნახოთ, რას აკეთებენ ისინი და რა ტრანზაქციებს ახორციელებენ. ეს დაგეხმარებათ, გადაწყვიტოთ, რა იყიდოთ, გაყიდოთ, ან რომელ საზოგადოებას შეუერთდეთ. ნაწილობრივ, ესაა სწორედ ჩვენი მისია - გავხადოთ ბლოკჩეინი ყველასთვის წაკითხვადი და ხელმისაწვდომი, მის მონაცემებზე წვდომის გაადვილების გზით.

გარდა ამისა, ჩვენ ვცდილობთ, გადავლახოთ უფსკრული ბაზრის მღელვარებასა და რეალურ პროცესებს შორის, რომლებიც ბლოკჩეინზე მიმდინარეობს. ბლოკჩეინი ახლა არის ერთი მოთამაშის თამაში და ადამიანებმა არ იციან, რას აკეთებენ სხვები. როდესაც Twitter-ზე, Discord-ზე ან Telegram-ზე ხმაური ტყდება, ზოგჯერ მოქმედება უკვე ძალიან გვიანია. ადამიანები არ გეტყვიან, რა უნდა იყიდოთ მანამ, სანამ ფურორი არ მოხდება. გარდა ამისა, მსგავსი სიგნალების გადამოწმება შეუძლებელია. ვთქვათ, ნამდვილად გვირჩევს თუ არა ის NFT ინფლუენსერი ამ NFT-ს ყიდვას, ვინაიდან ეს უბრალოდ კარგი ინვესტიციაა, თუ ის უბრალოდ ფულის გამომუშავებას ცდილობს? თვითონ თუ იყიდა ის? ახლა, მათი ონლაინ აქტივობის დათვალიერებით და ნახვით, თუ რას აკეთებენ ისინი რეალურად, შეგიძლიათ უფრო გონივრული გადაწყვეტილებების მიღება.

აი, რა არის ჩვენი ამოცანა - მოგაწოდოთ რეალური მონაცემები და არა ყალბი ჭორები. აქტივობის თანმიმდევრობა ამ შემთხვევაში საყრდენს წარმოადგენს. ის აადვილებს თქვენს ცხოვრებას იმით, რომ მონაცემებთან ურთიერთქმედებისა და სხვადასხვა კოლექციის, DAO-ს, ტოკენებისა და ა.შ. შესწავლის საშუალებას გაძლევთ. ჩვენი მიზანია გავხადოთ ყველაფერი წაკითხვადი და გაჩვენოთ, რა ხდება.

უკვე ხელმისაწვდომია ბეტა ვერსია, მაგრამ მალე მოხდება ოფიციალური ამოქმედება, რომელსაც კიდევ ბევრი საინტერესო რამ მოჰყვება. 
 
GN: ამის მეშვეობით ნებისმიერი ადამიანი ინფორმაციის სიზუსტეში დარწმუნებული იქნება?
 
Marc-Antoine Proulx: ზუსტად. ბლოკჩეინის გამჭვირვალობის წყალობით, თქვენ ჩადენილის შესახებ ვერ იცრუებთ.

განვიხილეთ ახალბედები და ის, თუ როგორ ვავარჯიშებთ მათ. მაგრამ იმის გაგების უნარი, თუ რა ხდება ბაზარზე, სწავლის პროცესის მართლაც მნიშვნელოვანი ნაწილია. თქვენ გეცოდინებათ საკუთარი შესაძლებლობები, რაც საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილებები.

ასე რომ, დიახ, სწორედ ეს არის ბლოკჩეინის არსი. გამჭვირვალობა.
 
GN: და უცვლელობა, არა? გამჭვირვალობა და უცვლელობა ორი საკვანძო სიტყვაა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან სახალისო იყო. გისურვებთ წარმატებებს. მადლობა ინტერვიუსთვის.
 
Marc-Antoine Proulx: დიდი მადლობა. ძალიან სასიამოვნო იყო. მადლობა მოწვევისათვის.

თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ გადახედოთ, როგორ ფუნქციონირებს უშუალოდ ყველაფერი, რაც გავაჟღერე. ამისათვის გადადით ვებგვერდზე  zapper.xyz

GC
GN Crypto
ავტორი