Alchemy Pay-მ DWF Labs-ისგან $10 მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა

icon JST
icon FOR
ფოტო - Alchemy Pay-მ DWF Labs-ისგან $10 მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა
გადახდის სისტემამ Alchemy Pay, რომელიც ფიატურ და კრიპტოვალუტურ კონტრაგენტებს შორის ტრანზაქციებს ამარტივებს, საინვესტიციო კომპანია DWF Labs-თან პარტნიორობის ფარგლებში, $10 მილიონის ოდენობის დაფინანსება მიიღო.
სახსრები პროდუქტის სამხრეთ კორეაში დანერგვისთვის არის განკუთვნილი, რადგან იქ ციფრული ვალუტების მიმღებლობის მაღალი დონე ფიქსირდება. გარიგების გაფორმების მომენტისთვის Alchemy Pay-ის ბიზნესი 400 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.

მოსალოდნელია, რომ გადახდის ეს შლუზი კორეულ ბიზნესს საერთაშორისო ბაზარზე ფეხის მოკიდებაში დაეხმარება. ძირითადი სერვისის გარდა, კომპანია აპირებს NFT Checkout-ის სერვისის მიწოდებასაც. მისი მეშვეობით, Alchemy Pay-ის მომხმარებლები არაჩანაცვლებად ტოკენებს მათი ქვეყნის ფიატური ვალუტით შეიძენენ.

”სამხრეთ კორეას აქვს დიდი საბაზრო ბაზა იმ სექტორებში, სადაც Alchemy Pay ჯერ ფართოდ არ გამოიყენება. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ სტრატეგიული ინვესტიციები DWF Labs-ისგან, რათა გადახდის შლუზი კორეის ბაზარზე გავიტანოთ და მომხმარებლებს ამ რეგიონიდან ჩვენი სერვისები შევთავაზოთ“, - აღნიშნა Alchemy Pay-ს ეკოსისტემის მფლობელმა, რობერტ მაკრაკენმა. 

"Alchemy Pay-თან თანამშრომლობით მოხარულები ვართ, რადგან ისინი გლობალურ ექსპანსიას ახორციელებენ. დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ინვესტიცია დაეხმარება Alchemy Pay-ს, სწრაფად გააფართოოს თავისი წარმომადგენლობა სამხრეთ კორეის ბაზარზე, რაც ნიშნავს, რომ მეტი საწარმო და მომხმარებელი მიიღებს სარგებელს კრიპტოვალუტებისა და Web3 ტექნოლოგიების გამოყენებით“, - გამოეხმაურა თანამშრომლობას DWF Labs-ის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის იანვარში Alchemy Pay-მ Visa-სთან პარტნიორობის შესახებ განაცხადა. შეტყობინების შემდეგ, გადახდის შლუზის ნატიური ACH ტოკენის ფასი რამდენიმე წუთში 50%-ით გაიზარდა. ამის შემდეგ, 2023 წლის თებერვალში, კომპანიამ თავისი პროდუქტის Google Pay-ში ინტეგრაცია დააანონსა. 

გარდა ამისა, სერვისი დანერგილია ფინანსურ-ტექნიკური ბაზრის ისეთი წარმომადგენლების საქმიანობაში, როგორიცაა MasterCard, Discover, Diners Club. ის ასევე Apple Pay-ს მომხმარებლებისთვის ფიატსა და კრიპტოს შორის სწრაფ ტრანზაქციებს უზრუნველყოფს.

Alchemy Pay 2018 წელს სინგაპურში დაარსდა. კომპანია აერთიანებს ფიატურ და კრიპტოვალუტურ გადახდებს ბიზნესისთვის, რითეილერებისთვის, დეველოპერებისა და ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის. ამის გარდა, Alchemy Pay-ის  სერვისები პოპულარულია DeFi სექტორში. კომპანიის სერვისები პლატფორმებსა და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს პლაგინისა და API-ის (გამოყენებითი პროგრამირების ინტერფეისი) მეშვეობით უკავშირდება, რის შედეგადაც უზრუნველყოფილია მარტივი უკუკონვერტაცია ფიატურ ფულსა და კრიპტოვალუტებს შორის.

DWF Labs არის საინვესტიციო Web3 კომპანია, რომელიც ასევე წარმოადგენს ციფრული აქტივების გლობალურ მარკეტმეიკერს. ის  არის კრიპტოვალუტური გარიგებების მოცულობით უმსხვილესი სავაჭრო ორგანიზაცია Digital Wave Finance-ის შვილობილი კომპანია. DWF Labs-ის ოფისები მდებარეობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის სინგაპურში, შვეიცარიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჰონგ-კონგსა და სამხრეთ კორეაში.