Boop & Frens: მარად 16 წლის ბეტი Web3-ში ინაცვლებს

icon FOR
ფოტო - Boop & Frens: მარად 16 წლის ბეტი Web3-ში ინაცვლებს
ბეტი ბუპი ლეგენდარული ანიმაციური პერსონაჟია, რომელიც მაყურებელთა გულებს უკვე 90 წელზე მეტია იპყრობს. მას შეეძლო მხოლოდ კინოეკრანებზე დარჩენილიყო, რომ არა მოდური ტრენდები: 2022 წელს კეკლუცმა ქალბატონმა Web3-ის სამყაროში თავდაჯერებულად შეაბიჯა.
Boop & Frens არის ოფიციალური NFT კოლექცია, რომელიც მთლიანად ეძღვნება მომხიბვლელ ბეტი ბუპს. ექსკლუზიური პროექტის შექმნაში მონაწილეობდნენ პერსონაჟის მფლობელი Fleischer Studios, Inc., ბრენდების ლიცენზირების სააგენტო Global Icons, LLC და Web3 ინტეგრაციის პლატფორმა Xlabel.
წყარო: globalicons.com

წყარო: globalicons.com

2022 წლის აგვისტოში წარმოდგენილ კოლექციას დეველოპერები  დამოუკიდებლობის, ურთიერთპატივისცემისა და საყოველთაო აღიარების სიმბოლოს უწოდებენ. გამოიცა ციფრული ბეტის 8888 უნიკალური ვერსია, რომელთაგან თითოეული მისი გმირისთვის სახასიათო თვისებებით გამოირჩევა. სტატიის მომზადების მომენტში, კოლექციის საბაზრო კაპიტალიზაცია 242.1 ETH-ს შეადგენს და NFT-ების ფასი 0.0369 ETH-დან იწყება.

როგორც კინოინდუსტრიაში, აქაც განსაკუთრებული ყურადღება გოგონას სტილსა და მის ჩაცმულობას ეთმობა. ყველა NFT-ს ახლავს ორიგინალური ციფრული ტანსაცმელი და აქსესუარები, რომლებიც digital-fashion მოდების სახლმა, Myami Studio-მ შექმნა. კოლექცია მოიცავს 92 ინდივიდუალურ მოდურ მახასიათებელს, რომელთაგან თითოეული ეძღვნება ბეტის არსებობის ერთ წელს, Boop & Frens-ის ამოქმედებამდე.
წყარო: nft.gamestop.com

წყარო: nft.gamestop.com

Boop & Frens-ის კოლექცია არის  ბეტის  მხოლოდ პირველი ნაბიჯი ციფრულ სამყაროში. უახლოეს მომავალში პროექტის შემქმნელები მნიშვნელოვანი მისიის შესრულებას აპირებენ - უზრუნველყონ სცენა ყველასთვის. ამისათვის შემუშავდება მუდმივი ციფრული პლატფორმა, სადაც შეძლებენ გამოსვლას ვირტუალური მხატვრები  და ავტორები მეტავერსის სხვადასხვა კუთხიდან.

ასევე, ბეტის გამოსახულებიანი NFT-ების მფლობელები მიიღებენ დამატებით პრივილეგიებსაც - ადრეულ წვდომას ციფრული ხელოვნების ნიმუშებზე და უნიკალურ ფან გამოცდილებას მეტავერსში. პროექტის ბოლო განახლებებს შორის არის თემატური საშობაო მინი კოლექცია. ის მოიცავს სამ NFT-ს, რომლებზეც ბეტი ბუპი  სადღესასწაულო სამოსშია გამოწყობილი. მათი ფასი 0.029 ETH-დან იწყება.
წყარო: nft.gamestop.com

წყარო: nft.gamestop.com

ბეტი ბუპის შესახებ

ბეტი ბუპი არის მულტფილმის პერსონაჟი, რომელიც პოლონელი წარმოშობის ამერიკელმა ანიმატორმა, მაქს ფლეიშერმა შექმნა. პირველად ეკრანებზე ის 1930 წელს, ანიმაციურ შავ-თეთრ მულტფილმში Dizzy Dishes გამოჩნდა. კეკლუცმა და ქალურმა ლამაზმანმა ნახვისთანავე დაიპყრო მაყურებელთა გულები, რასაც 1932-1939 წლებში მისი მონაწილეობით 99 ეპიზოდის შექმნა მოჰყვა.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

მისი "კარიერის" გარიჟრაჟზე ბეტი იმდენად პოპულარული იყო, რომ ადვილად შეეძლო კონკურენციის გაწევა თვით მიკი მაუსისთვისაც. ფილმი "ფიფქია" (1933) მისი მონაწილეობით ისტორიული ფილმების ეროვნულ რეესტრშიც კი მოხვდა.

მაყურებლის სიყვარულის მიუხედავად, პერსონაჟის გამომწვევი იმიჯი ფილმების პროდიუსერებისა და დისტრიბუტორების ასოციაციისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. 1934 წელს ჰეისის კოდექსის მიღების შემდეგ, ბეტი ბუპი რადიკალური ცენზურის მსხვერპლი გახდა. მას წაართვეს საფირმო დეკოლტე და მინი კაბები, რის შედეგადაც ჯაზის ქარიზმატული შემსრულებელი კლასიკურ მარტოხელა დიასახლისად იქცა. ასეთი ტრანსფორმაციის შემდეგ პერსონაჟი იძულებით შვებულებაში წავიდა, კინოეკრანებზე კი მხოლოდ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაბრუნდა.