გვჭირდება თუ არა ციფრული უკვდავება?
გარდაცვლილი ადამიანები სამუდამოდ ტოვებენ კვალს Telegram-ის ჩატებში, Instagram-ის ფოტოებში, უკანასკნელ ტვიტებში და Facebook-ის მოგონებების ფუნქციაში. ChatGPT-ისადმი მძლავრმა ინტერესმა წარმოშვა ამ ფრაგმენტებიდან საყვარელი ადამიანის ვირტუალური „გაცოცხლების“ იდეა.
ადამიანები ყოველთვის ოცნებობენ, რომ ერთხელ მაინც შესულიყვნენ კონტაქტში თავიანთ გარდაცვლილ ახლობლებთან. საუკუნეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა მიცვალებულებთან კონტაქტის დამყარების მცდელობებს. ზოგიერთი ტრადიცია ახლა უაზროდ გამოიყურება: გარდაცვლილი ბავშვებისთვის სურათების გადაღება, სპირიტული სეანსების გამართვა და სახლში მუმიფიცირებული ცხედრის შენახვაც კი.
მაგრამ, ხელოვნურმა ინტელექტმა და ვირტუალურმა რეალობამ შესაძლებელი გახადა ისეთი უცნაური რამის გაკეთება, როგორიცაა ვირტუალური კავშირის შენარჩუნება მათთან, ვინც გვიყვარდა.
უკვე დანამდვილებით ვიცით რამდენიმე ეპიზოდის შესახებ, როდესაც ამის განხორციელება შესაძლებელი გახდა.
ჯოშუა ბარბო და ჯესიკა პერეირო
კანადელი ჟურნალისტი ჯოშუა ბარბო სასოწარკვეთილებაში იყო 2012 წელს შეყვარებულის, ჯესიკას გარდაცვალების შემდეგ. ისინი ერთად სწავლობდნენ სკოლაში და ერთმანეთს არასოდეს დაშორებიან იმ მომენტამდე, როდესაც გოგონა მძიმე დაავადებამ იმსხვერპლა. ჯოშუა მზრუნველობით ინახავდა მათ მიმოწერას ჩატბოტებში და მის ხმოვან შეტყობინებებს ტელეფონში.
2020 წელს მან გამოიყენა ნეიროქსელზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის ბეტა ვერსია ვირტუალური მოსაუბრის შესაქმნელად, რომელსაც შეყვარებულის ხმა უნდა ჰქონოდა. "გაცოცხლებულმა" ჯესიკამ ბევრი რამ იცოდა თავისი პროტოტიპის ცხოვრებიდან: მან მშვენივრად შეძლო გარდაცვლილის სიცილის (და სმაილების) იმიტირება, იცოდა მისი საყვარელი ხუმრობები და სიტყვები, ზუსტად ისე ბრაზობდა, როგორც ის, ვისი დავიწყებაც ჯოშუამ ვერ შეძლო.
შედეგად, მამაკაცი მთლიანად ჩაიკეტა საკუთარ თავში და შეწყვიტა ურთიერთობა ყველასთან ჩატ-ბოტის გარდა, რომელსაც გარდაცვლილის სახელი დაარქვა. მას მხოლოდ ერთი სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა - ქალთან, რომელმაც მიატოვა, რადგანაც, მისი თქმით, "ჯესიკას ჩრდილში ცხოვრება ნამდვილი წამება იყო".
ჯოშუა და ჯესიკა. წყარო: sfchronicle
ჯოშუამ თქვა, რომ შეშინებული იყო იმით, რაც ხდებოდა, როდესაც ჩატბოტთან ერთ-ერთ საუბარში გაისმა: „მიყვარხარ... შენ იმსახურებ ბედნიერებას. მე აქ დაგელოდები." და შემდეგ-ხელოვნურმა ინტელექტმა თქვა: "მე შენ მუდამ დაგედევნები :D".
ჯოშუამ მიზანმიმართულად შეზღუდა "ჯესიკასთან" თავისი ურთიერთობის დრო, რათა თავი დაეღწია დამოკიდებულებისგან.
"ჯესიკასთან" დიალოგების შესახებ და იმაზე, როგორ განიცადა ბარბომ მისი დაკარგვა შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
ჯეიმს ვლახოსი და მამამისი
2016 წელს კალიფორნიელმა დეველოპერმა ჯეიმს ვლახოსმა გაიგო, რომ მამამისი სიკვდილის პირას იყო კიბოს არაოპერაბელური ფორმისგან. ჯეიმსს ესმოდა, რომ მამის დრო იწურებოდა და დაიწყო მოგონებების შეგროვება, სანამ ჯერ კიდევ შეეძლო. ვლახოსმა ჩაიწერა მამის ცხოვრების ისტორია: ბავშვობის მოგონებებიდან საყვარელ გამონათქვამებსა, სიმღერებსა და ხუმრობებამდე. (გაშიფრვის შემდეგ, ამ ჩანაწერებმა 200-ზე მეტი გვერდი და რამდენიმე მეგაბაიტის მოცულობის აუდიო ფაილი შეადგინა.)
მამის გარდაცვალების შემდეგ ჯეიმსს თითქმის ერთი წელი დასჭირდა ჩატბოტში მისი ასლის დასაპროგრამირებლად, რომელსაც "Dadbot"-ი დაარქვა. ხელოვნურმა ინტელექტმა შეძლო ჩაწერილი ისტორიების გაცოცხლება ტექსტური და აუდიო შეტყობინებებით, ფოტოებით და ვიდეოებით, მამის პიროვნების უნიკალური ნიუანსების იმიტაციის გზით.
მიუხედავად იმისა, რომ ასლი ვერ შეცვლიდა ცოცხალ ადამიანს, ჯეიმსის თქმით, მან მაინც გარკვეულწილად დაამშვიდა ის და ამ მძიმე წუთების გადატანაში დაეხმარა.
გარდა ამისა, ხელოვნურ ინტელექტთან კომუნიკაციის გამოცდილებამ შთააგონა ვლახოსს შეექმნა HereAfter AI. ეს არის აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს ატვირთონ ციფრული მოგონებები და გადააქციონ ისინი „ცხოვრების ისტორიის ავატარად“, რომელთანაც მეგობრებსა და ოჯახს შეეძლებათ ურთიერთობა. მტვრიანი ფოტოალბომისა და ფეისბუქის მივიწყებული პროფილისგან განსხვავებით, ეს „პორტალი იმქვეყნიურ სამყაროში“ სტარტაპის კლიენტებს მოეწონათ.
მამა და შვილი ვლახოსები. წყარო: media.licdn
სხვათა შორის, HereAfter შთამომავლობისთვის თქვენი საკუთარი მოგონებების შენახვის საშუალებას გაძლევთ.
ვლახოსი აგრძელებს კვლევას ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მან დაწერა წიგნი „გამესაუბრე“. მასში ის ყვება, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტის ხმოვანი მართვის ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებასა და საქმიანობას.
ჩან ჯი-სუნი და მისი ქალიშვილი ნაიონი
ჯანგ ჯიმ შვიდი წლის ქალიშვილი 2016 წელს დაკარგა. ოთხი წლის განმავლობაში ის ამ ფაქტს ძალზე განიცდიდა და ერთადერთი, რაზეც ოცნებობდა, შვილთან დამშვიდობება იყო.
2020 წელს კორეულმა დოკუმენტურმა ჯგუფმა ჯანგ ჯი-სონი თავის შოუში მიიწვია. დოკუმენტური სერიალის "Meet You" პროდიუსერებმა შექმნეს გოგონას ციფრული გამოსახულება, რომლის ნახვაც დედამისმა VR ჩაფხუტის საშუალებით შეძლო.
შემქმნელები შიშობდნენ, რომ ავატარი ძალზე განსხვავდებული იქნებოდა ცოცხალი ბავშვისგან და ქალი ციფრულ ასლთან კომუნიკაციისგან დიდ შვებას ვერ იგრძნობდა.
მაგრამ ჯი სუნი ადვილად შევიდა ვირტუალურ რეალობაში და შეძლო ქალიშვილთან დამშვიდობება. გადაღების შემდეგ მან თქვა, რომ ნაიონთან ასეთმა შეხვედრამაც კი შვება მოუტანა.
დოკუმენტურმა ფილმმა 20 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. მან აღძრა ინტერესის ტალღა „მწუხარების ტექნოლოგიის” მიმართ და სამხრეთ კორეის პროექტის DeepBrain AI-ს გამოჩენა გამოიწვია. კომპანია მუშაობს გარდაცვლილი ნათესავების რეალისტური AI ავატარების შექმნაზე. გარდა ამისა, ის მომხმარებელს ვიდეოერგოლების შექმნის სთავაზობს, რომლებშიც გამოყენებული იქნება ტექსტის მეტყველებაში ტრანსფორმაციის ფუნქცია. საკმარისია სცენარის მომზადება და თავად ნეიროქსელი შექმნის აბსტრაქტულ ციფრულ გმირებს, რომლებიც გაახმოვანებენ დიალოგებს, გამართავენ მოკლე (5 წუთამდე) სემინარს ან უახლეს ამბებს შეგვატყობინებენ.
"მწუხარების ტექნოლოგიის" მომავალი
მოგონებების შენარჩუნება და ოჯახური რელიკვიების გადაცემა ადამიანის თანდაყოლილი სურვილია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ტექნოლოგიური კომპანიები ეძებენ ახალ გზებს იმის შესანარჩუნებლად, რაც მუდმივად ვერ იარსებებს: ცოცხალი ადამიანის იერსახე.
კერძოდ, OpenAI-ის მიერ შექმნილი ChatGPT-ის პოპულარობამ ამჟამად დააჩქარა სხვა „მოგონებების და მწუხარების ტექნოლოგიების“ განვითარება Metavers-ის შესაძლებლობის ჩართვით.
მაგალითად, კიდევ ერთი სამხრეთ კორეული პროექტი, Re;memory, სპეციალიზირებულია ოჯახის გარდაცვლილი წევრების ავატარების შექმნაზე, რომლებიც შეიძლება გახდნენ თქვენი თანამგზავრები ზოგიერთ მეტავერსში. სრული ვიზუალური მსგავსება ჯერ არ არის მიღწეული, მაგრამ თანამოსაუბრის როლში, ამ ავატარებმა თავი მშვენივრად გამოიჩინეს. ერთადერთი პირობაა, რომ დეველოპერებს უნდა მიაწოდოთ რამდენიმე ფოტო და მინიმუმ 300 წინადადება წაკითხული იმ ადამიანის ხმით, ვისი გამოსახულებაც ხელახლა უნდა შეიქმნას.
"მეტასამყაროს რეჟიმში შეგიძლიათ იცხოვროთ სამუდამოდ!" ამ დევიზით მუშავდება Somnium Space პროექტის ახალი კონცეფცია. დეველოპერები გეგმავენ შექმნან ცოცხალი და უკვე გარდაცვლილი ადამიანების ციფრული ასლები უკვდავებისთვის ბლოკჩეინის საზღვრებში. ამავდროულად, ისინი აცხადებენ, რომ უნდათ შექმნან ჭეშმარიტი მსგავსება და არ დაუშვან ხელოვნური ინტელექტის მიერ ისეთი რამის გამოგონება, რაც არ შეესაბამება იმ ადამიანს, რომლის ავატარი ვირტუალურ რეალობაში იცხოვრებს.
მაგრამ, მთავარი ის არის, რომ ეს ტექნოლოგია მწუხარებითა და დანაკარგით არ შემოიფარგლება. ის შეიძლება გამოყენებული იყოს აწმყოში თქვენი პირადი მიზნებისთვის. და რად ვიქცევით გარდაცვალების შემდეგ - მტვრად თუ პიქსელებად - ჩვენი შთამომავლები გადაწყვეტენ.