დო კვონის ექსტრადირებას აშშ-სა და სამხრეთ კორეაში წლები დასჭირდებ

ფოტო - დო კვონის ექსტრადირებას აშშ-სა და სამხრეთ კორეაში წლები დასჭირდებ
ამის შესახებ ცნობილი გახდა ინფორმაციიდან, რომელიც კრიპტოანალიტიკურ რესურსზე, DL News-ზე გამოქვეყნდა. გამოცემა დო კვონის საქმის ჟურნალისტურ გამოძიებას უკვე რამდენიმე თვეა ატარებს.
23 მარტს სამხრეთ კორეელი კრიპტობიზნესმენი დო კვონი (31) პოდგორიცას აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც დუბაიში გაფრენას ცდილობდა. კვონს თან ახლდა მისი კოლეგა ჰან ჩანგ-ჯუნი, მობილური გადახდის სისტემის, Chai Corporation-ის ყოფილი გენერალური  დირექტორი.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძებნილი პირის დაკავების შესახებ ტვიტერზე ჩერნოგორიის (მონტენეგრო)  შინაგან საქმეთა მინისტრმა ფილიპ აჯიჩმა  დაწერა. აჯიჩის თქმით, დო კვონი იყენებდა ყალბ საბუთებს გამოგონილ სახელზე.  

რა უძღოდა წინ ჩერნოგორიაში დო კვონის დაკავებას: ექსკლუზიური დეტალები

შეგახსენებთ, რომ კვონის მიერ დაარსებული Terraform Labs-ი იყო Luna და UST ტოკენების ემიტენტი. გასულ წელს ისინი თითქმის ნულამდე დაეცა. მხოლოდ სამხრეთ კორეაში Terra-ს ჩამოშლის შედეგად 200 000-ზე მეტი ინვესტორი დაზარალდა. მათი ზარალის ჯამურმა ოდენობამ დაახლოებით 42 მილიარდი დოლარი შეადგინა. გასული წლის სექტემბერში ინტერპოლმა კვონისა და Terra-ს კიდევ ხუთი თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა.  კრიპტო თაღლითებზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება სამხრეთ კორეამ მოითხოვა. სასამართლოს განჩინების მიუხედავად, რომელიც ქვეყნის დატოვებას უკრძალავდა, მათ დატოვეს ქვეყანა და სინგაპურში გაემგზავრნენ. საკუთარ გამოძიებას Terra-სთან დაკავშირებით აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიაც (SEC) ატარებს.  

შესაბამისად, დო კვონს სამხრეთ კორეის, სინგაპურის და შეერთებული შტატების ხელისუფლება ეძებს. მას ფასიანი ქაღალდებით თაღლითობა, ინვესტორების შეცდომაში შეყვანა და სხვა დანაშაულებები ედება ბრალად. 2022 წლის ოქტომბერში, Terra-ს გენერალურმა დირექტორმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მიმალვაში  არ იმყოფება, მაგრამ საკუთარი ადგილმდებარეობა არ გაამხილა. მან აღნიშნა, რომ დაკავების ორდერი არ უნახავს და ყველა ინფორმაციას მედიიდან იღებდა.

2022 წლის ნოემბერში სამხრეთ კორეის პროკურატურას ეჭვი გაუჩნდა, რომ დო კვონი სერბეთში ჩაფრინდა. სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ გამოძიებაში დახმარება სერბ სამართალდამცავებს სთხოვა. ბელგრადის პოლიცია თაღლითის კვალზე გავიდა და ექსტრადირებისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ DL News-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში სერბეთის მაღალი ტექნოლოგიების სფეროში დანაშაულების სპეციალური პროკურატურის ხელმძღვანელმა ბრანკო სტამენკოვიჩმა განაცხადა.
წარმოდგენა არ მაქვს თუ რა ლოგიკით ხელმძღვანელობდა ის. ჩვენ ყველანი გაოცებულები ვიყავით. შესაძლოა, ის ფიქრობდა, რომ ვინაიდან სერბეთს არ აქვს სამხრეთ კორეასთან ექსტრადირების შესახებ ორმხრივი შეთანხმება, ის იქ უსაფრთხოდ იქნებოდა
, – ამბიბს სტამენკოვიჩი.
სერბეთის საზღვარი თითქმის გამჭვირვალეა: თქვენ შეგიძლიათ საბუთების გარეშე ამ ქვეყნიდან წახვიდეთ ჩერნოგორიაში, ბოსნიასა და ჩრდილოეთ მაკედონიაში.

„სავარაუდოდ, მათი ექსტრადირების, დაკავებისა და დამატებითი მტკიცებულებების წარდგენისთვის სერბეთის პროკურატურის და პოლიციის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო ეჭვმიტანილები ქვეყნიდან გაიქცნენ და რეგიონში თავშესაფრის მოძიებას ცდილობდნენ“, - თქვა სტამენკოვიჩმა მეზობელ ჩერნოგორიაში დო კვონის დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ.

ჩერნოგორიის პროკურორის განმარტება

„ჩვენ ვგეგმავთ მხოლოდ ყალბი დოკუმენტების გამოყენებაში ბრალის წარდგენას. როგორ მიიღეს ეს საბუთები და საიდან - ეს უკვე პოლიციის საქმეა“, - განუცხადა DL News-ს ჩერნოგორიის  პროკურორმა ჰარის შაბოტიჩმა. სასამართლო სხდომაზე, რომელიც დო კვონის დაკავებიდან მეორე დღეს გაიმართა, მოსამართლემ თაღლითები 30 დღით ციხეში გაუშვა, ვიდრე პროკურატურა საკმარის მტკიცებულებებს არ შეაგროვებს.

შაბოტიჩმა ასევე თქვა, რომ დო კვონის დაკავების მიზეზი საერთოდ არ იყო ინტერპოლის წითელი შეტყობინება. აღმოჩნდა, რომ მიზეზი კრიპტობიზნესმენის საბუთებში იყო, რომელიც მან პოდგორიცას აეროპორტში მესაზღვრეებს წარუდგინა. 23 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, პროკურორს დაურეკეს პოლიციიდან და აცნობეს, რომ  სამხრეთ კორეის ორი მოქალაქე დააკავეს კოსტა-რიკის ყალბი პასპორტების გამოყენების ბრალდებით. გარდა ამისა, პოლიციამ თაღლითების საბარგულში ბელგიური პასპორტებიც იპოვა. სამართალდამცავებმა მხოლოდ მოგვიანებით შეიტყვეს, რომ ეჭვმიტანილებს ინტერპოლი ეძებდა.

პოდგორიცას პოლიციის განყოფილებაში კვონმა და ხანმა მოკლე განცხადება გააკეთეს ინგლისურად. დაკავებულებმა ბრალი არ აღიარეს.
ისინი ისევე იქცეოდნენ, როგორც ნებისმიერი სხვა ეჭვმიტანილი
, - ამბობს პროკურორი ჰარის შაბოტიჩი.
როგორც კი ოფიციალური ბრალდებები მზად იქნება, ორივე თაღლითი პოდგორიცას პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე წარდგება. თუ სამხრეთ კორეელების ბრალეულობა დოკუმენტების გაყალბებაში დამტკიცდება, მათ ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. შაბოტიჩის თქმით, ინტერპოლის ორდერი  მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ თაღლითებს უდანაშაულოდ ცნობენ.

მანამდე ჩერნოგორიის იუსტიციის მინისტრმა მარკო კოვაჩმა დაადასტურა, რომ აშშ-მა და სამხრეთ კორეამ  დო კვონის ექსტრადირება ოფიციალურად მოითხოვეს. მაგრამ ჩერნოგორიის პროკურორის სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, ამერიკელი და სამხრეთ კორეელი სამართალდამცავები კრიპტო თაღლითებს საკმაოდ დიდხანს უნდა ელოდონ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩერნოგორიას (მონტენეგროს) ექსტრადირების შესახებ ხელშეკრულებები არ აქვს არც სამხრეთ კორეასთან და არც შეერთებულ შტატებთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დო კვონის გათვლა სწორი აღმოჩნდა. ყალბი საბუთებით რომ არ დაეჭირათ, მრავალი წლის განმავლობაში ევროპაში კომფორტულად იცხოვრებდა.

კვონის საქმე: უახლესი დეტალები

ამასობაში,  Terra -ს დევნილი აღმასრულებელი დირექტორის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას ახალი საინტერესო ფაქტები ემატება. როგორც გაირკვა, ინტერპოლის წითელი შეტყობინების მიღებიდან  რამდენიმე კვირაში კვონმა და ჰანმა  კომპანია Codokoj22 doo Beograd დაარეგისტრირეს.

ადგილობრივი ბიზნეს რეესტრის ინფორმაციით, Codokoj22 doo Beograd მდებარეობს ბელგრადის ცენტრში. საქმიანობის სფეროა საკონსულტაციო მომსახურება, საწესდებო კაპიტალი 1 ევროზე ნაკლებია. საინტერესოა, რომ კომპანიის რეგისტრაციისას თაღლითებმა სამხრეთ კორეის პასპორტები გამოიყენეს. სერბეთის საწარმოთა რეესტრში ჟურნალისტებს განუმარტეს, რომ  ინტერპოლის წითელი შეტყობინების შესახებ ინფორმაცია მათ არ ჰქონდათ.

ასეთი ინფორმაცია არც სერბულ იურიდიულ ფირმას Gecic Law-ს ჰქონდა, რომელიც დო კვონმა თავის წარმომადგენლად დაიქირავა. იურისტებმა განაცხადი შეიტანეს  კვონისა და ჰანის სახელით და მათ ნაცვლად ხელი მოაწერეს საბუთებს, რომლებიც საჭიროა საწარმოს დასარეგისტრირებლად. Gecic-ში ირწმუნებიან, რომ სამხრეთ კორეელებმა კომპანიის მიერ დაწესეული უსაფრთხოების ყველა შემოწმება, მათ შორის ინტერპოლის ვებსაიტი, წარმატებით გაიარეს.

ასევე, DL News-ის ჟურნალისტები აქვეყნებენ კერძო თვითმფრინავის ფოტოს, რომელიც შემჩნეული იყო პოდგორიცას აეროპორტში დო კვონის დაკავების შემდეგ.

ეს Bombardier Challenger 605 მალტის  Alliance Jet-ს ეკუთვნის, რომელსაც ბელგიელი ერვა ლეიტა ხელმძღვანელობს (ისევ ბელგია!). მალტის ბიზნეს ავიაციის ასოციაცია განმარტავს, რომ ავიაკომპანიაში ფრენის დაჯავშნის შემდეგ მოწმდება იმ კლიენტის ვინაობა, რომელმაც შეუკვეთა ფრენა და გადაიხადა ფრენის ღირებულება (ისინი შეიძლება იყვნენ სხვადასხვა ადამიანები). მგზავრთა სია გადაეცემა იმ ქვეყნის ხელისუფლებას, სადაც მიემართება თვითმფრინავი.

უტყუარი დასტური იმისა, რომ ეს Bombardier არის სწროედ ის თვითმფრინავი, რომლითაც სამხრეთ კორეელები დუბაიში უნდა გაფრინილიყვნენ არ არსებობს. მაგრამ  ფაქტია, რომ კვონმა შეძლო კერძო თვითმფრინავით შვიდსაათიანი ფრენის ორგანიზება სპარსეთის ყურის სანაპიროზე მდებარე ახალ გლობალურ კრიპტო ჰაბამდე.

კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებდა ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი, თვეების განმავლობაში ევროპაში თავისუფლად  გადაადგილებას, გაეხსნა ბიზნესი საკუთარ სახელზე და პრაქტიკულად სხვა კონტინენტზე გაფრენილიყო, უპასუხოდ რჩება.