Gemini აშშ-ის ბაზარს ტოვებს

icon ONE
ფოტო - Gemini აშშ-ის ბაზარს ტოვებს
აშშ-ის მარეგულირებლების ზეწოლის შედეგად კრიპტობირჟები ბაზრიდან მასობრივად გარბიან. იქნება თუ არა Gemini შემდეგი?
ბირჟა Gemini, რომელსაც ტყუპი ძმები, უინკლვოსები მართავენ,  პლატფორმას აშშ-ის იურისდიქციის მიღმა ხსნის.

კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:
მოხარულები ვართ დავაანონსოთ Gemini Foundation-ის - კრიპტოვალუტური წარმოებულებისთვის განკუთვნილი პლატფორმის აშშ-ის ფარგლებს გარეთ ამოქმედება. ჩვენი პირველი დერივატული კონტრაქტი იქნება GUSD-ში ნომინირებული უვადო BTC-ს კონტრაქტი. ამის შემდეგ მალევე ამოქმედდება ETH/GUSD-ის უვადო კონტრაქტი
ეს ნიშნავს, რომ ახლა მომხმარებლები ჰონგ-კონგსა და სალვადორში, ისრაელსა და თურქეთში ფსონს კრიპტოაქტივის მომავალ ფასზე დადებენ, მაგრამ ამერიკელებს ასეთი შესაძლებლობა არ ექნებათ.
ეს ნაბიჯი კრიპტოპროექტებზე აშშ-ის მარეგულირებლების უპრეცედენტო ზეწოლითაა გამოწვეული. სიხისტის თვალსაზრისით, ისინი შეიძლება შევადაროთ ჩინელი კანონმდებლების ქმედებებს იმ პერიოდში, როდესაც ისინი ქვეყნიდან დევნიდნენ ნებისმიერ ციფრულ აქტივობას, მათ შორის მაინინგს. მრავალი თვალსაზრისით, ეს პოზიცია განპირობებულია ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის, გარი გენსლერის პირადი მიკერძოებული დამოკიდებულებით. ის ღრმად არის დარწმუნებული, რომ ნებისმიერი ციფრული აქტივი, გარდა BTC-ისა, არის ფასიანი ქაღალდი.

Gemini-ის შემთხვევაში, SEC-ს არ აინტერესებს, რომ მის ყველა საბირჟო პროდუქტს გააჩნია SOC I Type 2 და SOC II Type 2 უსაფრთხოების სერტიფიკატები, რომლებიც ადასტურებენ კომპანიის ფინანსური ტრანზაქციებისა და ანგარიშგების გამჭირვალობას. მარეგულირებლებს არც ის ფაქტი აბრკოლებს, რომ ბირჟა, ნიუ-იორკის საბანკო საქმიანობის კანონის მიხედვით, ფიდუციური შემნახველია და ფლობს ნიუ-იორკის სახელმწიფო ფინანსური სერვისების დეპარტამენტის (NYDFS) ლიცენზიას. ფისკალური ორგანოების მრისხანებას არც აუდიტის დასკვნა არბილებს, რომ ბირჟა კლიენტების ციფრულ აქტივებს ცალკეულ ანგარიშებზე ინახავს. 

პრობლემა ის არის, რომ SEC-ს ჯერ არ აქვს მკაფიოდ განსაზღვრული, რომელი ციფრული აქტივები წარმოადგენს ფასიან ქაღალდებს. მაგრამ, იმისათვის, რომ აირიდოს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ნებისმიერი მარცხი, ის ზედიზედ ყველა პლატფორმას ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობაში ადანაშაულებს.

კრიპტორეგულირება აშშ-ში ჩახლართული და ალოგიკურია. მაგრამ, მკაფიო წესების არარსებობის მიუხედავად, მარეგულირებელი ორგანოები მაინც აჯარიმებენ, უჩივიან და კრძალავენ ციფრულ აქტივებს.

2022 წლის ივნისში, CFTC-მ Gemini-ს სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ მისმა დამფუძნებლებმა, კამერონ და ტაილერ უინკლევოსმა, 2017 წელს (!!!) ფიუჩერსებით ვაჭრობის სანებართვო დოკუმენტებში ბიტკოინის არასწორი ფასი მიუთითეს. ის ფაქტი, რომ სარჩელი ნებართვის გაცემიდან 5 წლის შემდეგ შეიტანეს, ბირჟის იურისტებმაც და მთელმა კრიპტოსაზოგადოებამაც აღიქვეს, როგორც მარეგულირებლის მხრიდან აშკარა დაცინვა.

2023 წლის იანვარში ბირჟა დაადანაშაულეს ფასიანი ქაღალდებით უკანონო ვაჭრობაში Gemini Earn აპლიკაციის მეშვეობით. სარჩელი მას შემდეგ შეიტანეს, რაც კრიპტოლენდინგის პროგრამა დაიხურა და თანხები მომხმარებლებს დაუბრუნდა.

ამ მოვლენის შემდეგ, Gemini Trust-მა უცხოურ ბაზრებზე დაკვირვება დაიწყო და უკვე წარადგინა საბუთები რეგისტრაციისთვის კანადასა და ინდოეთში.

მაშ ასე, მთავარი კრიპტომოთამაშეები აშშ-დან გარბიან.

1. გასულ კვირას Coinbase-მა მიიღო ლიცენზია უვადო ფიუჩერსული ბირჟის გახსნაზე ბერმუდის კუნძულებზე. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიამ მიიღო ოფიციალური შეტყობინება მოსალოდნელი სანქციების შესახებ, რომლებიც მას იმის გამო უწესდებოდა, რომ ის მომხმარებლებს სტეიკინგის სერვისებს სთავაზობდა. მართალია, ბრაიან არმსტრონგმა, საპასუხო ჟესტის სახით, გადაწყვიტა, SEC-ისთვის სასამართლოში ეჩივლა, რადგან მარეგულირებელი ვერ ახერხებს ციფრული ბაზრისთვის მკაფიო წესების შემუშავებას.

2. 2023 წლის მარტის ბოლოს ბირჟამ Bittrex განაცხადა, რომ გაურკვეველ პირობებში ბიზნესის კეთებას აზრი არ აქვს, ამიტომ კომპანია აშშ-ის ტოვებს. კლიენტებმა, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეები არიან, პლატფორმიდან ყველა თანხა 30 აპრილამდე უნდა გაიტანონ. მაგრამ SEC-მა გადაწყვიტა, დაუსჯელი არავინ დაეტოვებინა და Bittrex-სა და მის გენერალურ დირექტორს, ბილ შიხარუს სასამართლოში უჩივლა SEC-ში რეგისტრაციის გარეშე ფასიანი ქაღალდების უკანონო შეთავაზებისთვის.

3. 3. სტეიკინგის სერვისების შეთავაზებისთვის $30 მილიონის ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ, ბირჟა Kraken, როგორც ჩანს, უფრო კეთილგანწყობილ იურისდიქციას ეძებს. აღმასრულებელი დირექტორის, დეივ რიპლის თქმით, ზეწოლის მიუხედავად, ბირჟა  SEC-ში არ დარეგისტრირდება.

თუ მოვლენები ნეგატიური სცენარით განვითარდება, მაშინ 2023 წლის ბოლოსთვის ამერიკულ ბაზარზე მთავარი მოთამაშეებიდან   მხოლოდ Binance US დარჩება. რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ ჩამპენ ჩჟაო სასამართლოში შეძლებს ბრალდების უარყოფას, რომელიც მას სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიამ (CFTC) წაუყენა.