როგორ მუშაობს კრიპტოვალუტებით მარჟინალური ვაჭრობა?

icon FOR
ფოტო - როგორ მუშაობს კრიპტოვალუტებით მარჟინალური ვაჭრობა?
მარჟინალური ვაჭრობა გაძლევთ საშუალებას, გარიგებაში უფრო დიდი თანხით შეხვიდეთ, ვიდრე დეპოზიტზე გაქვს. თუმცა, მოგების გაზრდის შესაძლებლობას გაზრდილი რისკები ახლავს თან.

რა არის მარჟინალური ვაჭრობა და როდის გაჩნდა ის ბირჟებზე

მარჟინალური ვაჭრობა ბაზარზე ნასესხები სახსრების გამოყენებით მიმდინარე ვაჭრობაა. მარჟინალურ ვაჭრობას სპოტ ვაჭრობისგან ის განასხვავებს, რომ ტრეიდერს პოზიციის გახსნა მთელი თანხის საკუთარი ჯიბიდან გადახდის გარეშე შეუძლია. მარჟინალური ვაჭრობა მომგებიან გარიგებებზე მეტი პროფიტის გამომუშავების საშუალებას იძლევა, თუმცა ამავდროულად, წარუმატებლობის შემთხვევაში, ზარალსაც ზრდის.

ასეთი გარიგების გასახსნელად, ტრეიდერი თავდაპირველ დეპოზიტს წარმოადგენს, რომელსაც "მარჟა" ეწოდება. ფინანსური ლევერიჯის მქონე პოზიციის გახსნისას, ტრეიდერს მასში დეპოზიტის გარკვეულ პროცენტი შეაქვს. მაგალითად, $10 000-იანი პოზიციის გასახსნელად, ფინანსური ლევერიჯით x10, ტრეიდერმა $1 000 უნდა შეიტანოს.

ტრეიდერის დეპოზიტის ჯამურ ღირებულებას „ჯამური კაპიტალი“ ეწოდება და ის იმ აქტივის მიმდინარე ღირებულებით ფასდება, რომლითაც გარიგება იხსნება, ნასესხები სახსრების გამოკლებით.

აქტივების ფასი რეალურ დროში იცვლება, ამიტომ საკუთარი კაპიტალიც ცვლილებას მუდმივად განიცდის. როდესაც კაპიტალის ოდენობა მითითებულ ნიშნულზე (მარჟინალური მოთხოვნა)  დაბლა ეცემა, ტრეიდერი შეტყობინებას „margin call“ იღებს. ეს ნიშნავს, რომ მან ან პოზიციის ნაწილი უნდა გაყიდოს, ან ანგარიშზე მეტი თანხა შეიტანოს, რათა მარჟის ოდენობა საჭირო ნიშნულებზე დააბრუნოს. 

“Margin сall” ცნებაა, რომელიც ამერიკულ საფონდო ბირჟებზე 100 წელზე მეტი ხნის წინ წარმოიშვა. მაშინ ტრეიდერები პოზიციებს თავიანთი ბროკერის მეშვეობით ხსნიდნენ და ხურავდნენ, რომელთანაც დაკავშირება ტელეფონით იყო შესაძლებელი. როდესაც ფასი მიმართულებას იცვლიდა და საკუთარი კაპიტალი გარიგების განსახორციელებლად საკმარისი უკვე აღარ იყო, ბროკერი თავად  რეკავდა და მარჟის ოდენობის გაზრდას ითხოვდა. ამ ზარს "margin call" ეწოდებოდა. ტრეიდერის მხრიდან უარის შემთხვევაში, მის ორდერს იძულებით ხურავდნენ.

აქტივები, რომლებსაც ტრეიდერი ანგარიშზე ინახავს, სესხის უზრუნველყოფის სახით გამოიყენება. თუ ტრეიდერმა “margin call”-ის შესრულება ვერ შეძლო, ბირჟა, კრედიტის დასაფარად, მის აქტივებს ყიდის. ამ პროცესს ლიკვიდაცია ეწოდება.

მარჟინალური ვაჭრობის დროს რისკების შესამცირებლად, შემდეგი წესების დაცვას გირჩევთ:

1. ნუ გარისკავთ იმაზე მეტს, რისი დაკარგვის უფლებასაც თავს მისცემთ. კრიპტოვალუტებით მარჟინალურ ვაჭრობას თქვენი დეპოზიტის სწრაფად განულება შეუძლია. 

2. დააყენეთ სტოპ-ლოსი. ეს რისკის მართვის მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც ზარალის შეზღუდვისა და ლიკვიდაციის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. 

3. გამოიყენეთ take profit. კრიპტოვალუტის ბაზარი ძალიან ვოლატილურია და ხშირად ტრეიდერები სასურველ ნიშნულებზე პოზიციების ხელით დახურვას ვერ ასწრებენ. Take profit გარიგებას (ან მის ნაწილს) მითითებულ დონეზე  ავტომატურად დახურავს.

კრიპტოვალუტით მარჟინალური ვაჭრობის თავისებურებები

კრიპტოვალუტის ბაზრის გამორჩეული თავისებურება ფინანსური ლევერიჯის რაოდენობაა. ფიატური ვალუტების ბირჟაზე Forex უკიდურესად დაბალი ვოლატილობაა, ამიტომ ვაჭრობას ლევერიჯის გარეშე აზრი არ აქვს. Forex-ის ბროკერები ფინანსური ლევერიჯის х100, ან х1000 აღებას სთავაზობენ. 

კრიპტობაზრის ვოლატილობა სოლიდური მოგების მიღების საშუალებას ნასესხები სახსრების გარეშეც იძლევა. ამიტომ მცირე ფინანსური ლევერიჯი х5 უკვე საკმარისია, რათა ვაჭრობა ატრაქციონ "ამერიკულ მთებად" იქცეს. 

თუმცა, კრიპტობირჟებს შორის ისეთებიც არის, რომლებიც ლევერიჯს x100-მდე სთავაზობს. 

ბაზარზე Forex, ან საფონდო ბირჟაზე სესხს საფონდო ბროკერი გასცემს. კრიპტოვალუტის ბაზრებზეც არსებობს ბირჟები, რომლებიც მომხმარებლებს სესხს პირდაპირ აძლევს, მაგალითად Kraken. თუმცა ეს, ხშირად, ირიბად ხდება.

Bitfinex-ის ტრეიდერი სესხს არა ბირჟისგან, არამედ ინვესტორებისგან იღებს, რომლებმაც მარჟისთვის თავიანთი სახსრები წარადგინეს. საკუთარ ფულს ისინი პროცენტული სარგებლის სანაცვლოდ დებენ. თავისი სახსრებით კრედიტორები პასიურ შემოსავალს არა ვაჭრობაში მონაწილეობით, არამედ მხოლოდ მარჟინალური ვაჭრობისთვის სახსრების მიწოდებით იღებენ. 

დასასრულს, გვინდა, გავაფრთხილოთ გამოუცდელი ტრეიდერები, ბირჟაზე მარჟინალური ვაჭრობის გზით სწრაფად გამდიდრების ცდუნებას არ აჰყვნენ. იმ  შემთხვევაშიც კი, თუ კრედიტს მაღალსიხშირიანი ვაჭრობით (სკალპინგი) იღებთ, ფინანსური ლევერიჯის ოდენობას გააზრებულად უნდა მოეკიდოთ და დეპოზიტის ზომის გათვალისწინებით, შესაძლო მოგება ფხიზლად შეაფასოთ. ახალბედებმა მარჟინალური ვაჭრობისგან საერთოდ თავი შორს უნდა დაიჭირონ.