როგორ აუაროს რუსეთმა გვერდი სანქციებს კრიპტოვალუტებით და CBDC-ით

icon FOR
ფოტო - როგორ აუაროს რუსეთმა გვერდი სანქციებს კრიპტოვალუტებით და CBDC-ით
დასავლეთის ფინანსურმა სანქციებმა უკვე აიძულა რუსული მცირე ბიზნესი, ანგარიშსწორება სტეიბლკოინებში ეწარმოებინა. ახლა ტრანსსასაზღვრო ანგარიშსწორებაში კრიპროვალუტისა და CBDC-ის გამოყენებაზე რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკიც ალაპარაკდა. გახდება თუ არა ვირტუალური აქტივები მყუდრო ნავსაყუდელი აგრესორისთვის?
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების საკოორდინაციო ოფისში გამოთვალეს, რომ 2030 წლისთვის რუსეთის ეკონომიკა 20%-ით შემცირდება. რუსეთის ცენტრალური ბანკი ფინანსურ საქმიანობაზე დასავლეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლებლობას ეძებს.

რუსეთის ფედერაცია კრიპტოვალუტებისთვის სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმს შექმნის

დიდი ხნის განმავლობაში, რუსეთის ცენტრალურ ბანკს კრიპტოვალუტების მიმართ უკიდურესად ფრთხილი დამოკიდებულება ჰქონდა. ამავდროულად, სანქციებმა აიძულა რიგითი რუსები, კრიპტობაზრის აქტიური მონაწილეები გამხდარიყვნენ. ადგილობრივი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მცირე მეწარმეები  კონტრაგენტებთან ტრანსსასაზღვრო ანგარიშსწორებისთვის სტეიბლკოინებს დიდი ხანია და წარმატებით იყენებდნენ. ახლა დაჟინებული მზერა კრიპტოვალუტებს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმაც მიაპყრო. დეკემბერში მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ექსპერიმენტული სამართლებრივი რეჟიმის ფარგლებში საერთაშორისო ანგარიშსწორებებში კრიპტოვალუტების გამოყენებას გატესტავს.

როგორ იგეგმება რუსული ციფრული რუბლის გამოყენება

გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბანკს სურს,  ტრანსსასაზღვრო ანგარიშსწორებისთვის ციფრული რუბლი გამოიყენოს. ჯერჯერობით მოვლენების განვითარების ორი სცენარი განიხილება. პირველის მიხედვით, რუსეთი პარტნიორ ქვეყნებთან CBDC სისტემების ინტეგრაციის, პროტოკოლებისა და სტანდარტების ჰარმონიზაციის შესახებ ორმხრივ შეთანხმებებს აფორმებს. მათ შესაბამისად, თითოეული ქვეყნის პლატფორმები აქტივების კონვერტაციასა და გადაცემას უზრუნველყოფს. რუსეთში ამ გეგმას სარეალიზაციოდ საკმაოდ მარტივად თვლიან. ორმხრივი სქემის ყველაზე სავარაუდო პარტნიორად ჩინეთი სახელდება. 

მეორე სცენარი საერთაშორისო ციფრული ჰაბის შექმნაა, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნების CBDC პლატფორმებს შორის ტრანზაქციებს ერთიან პროტოკოლებსა და სტანდარტებზე დაყრდნობით უზრუნველყოფს. ფაქტობრივად, საუბარია "ქვეყნებზედა" გადახდის სისტემის ორგანიზაციაზე. აქ რუსები პრობლემას იმ სახელმწიფოების ციფრული ვალუტების განვითარების ტემპის სინქრონიზაციაში ხედავენ, რომლებიც მზად არიან, პროექტს შეუერთდნენ. სხვათა შორის, CBDC პლატფორმის პროტოტიპის შექმნა რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 2021 წლის ბოლოს დაასრულა.

ამრიგად, რუსეთის ცენტრალურ ბანკს სურს, ბანკებს შორის საკორესპონდენტო ურთიერთობების კლასიკურ სქემას გვერდი აუაროს. ეს ნეიტრალური საბანკო სივრცის ჩამოყალიბების მცდელობაა, რომელიც დასავლეთის სასანქციო პოლიტიკით „დაინფიცირებული“ არ არის.

რატომ ვერ უშველის რუსეთს კრიპტოვალუტა და CBDC

რუსი ბანკირების გარეგანი ოპტიმიზმის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციის გეგმაში, რომლის მიზანი ფინანსური სანქციებიდან თავის დაღწევაა, სერიოზული ხარვეზები არსებობს. ასე, ჯერჯერობით, სახელმწიფო ახალ ციფრულ პროექტებში ინფორმაციის დაცვის დონის მოთხოვნებზე ჯერ ვერ ჩამოყალიბდა. მათი კლასის ამაღლებამ შეიძლება, გამოიწვიოს დამატებითი მილიარდობით ინვესტიციები, რომელთა მოზიდვა რთულია.

ასევე ჟღერდება შეშფოთება, რომ საბანკო სისტემა მომავალი CBDC პლატფორმების აპარატულ უზრუნველყოფას ვერ გაქაჩავს. მაგალითად, ადგილობრივი მწარმოებლები სერვერების პარკის მნიშვნელოვანი ზრდის საჭიროებებს ვერ დააკმაყოფილებენ.  მსოფლიოს ტექნოლოგიური გიგანტების უმეტესობამ კი რუსული ბაზარი უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ Bloomberg-ის თანახმად, რუსეთის ფედერაციამ უკვე დაკარგა:

  1. ცენტრალური ბანკის $300 მილიარდის ოდენობის გაყინული რეზერვები;
  2. 4,6 ტრილიონი რუბლის ოდენობის გაყინული ევრობონდი;
  3. საფონდო ბირჟის კაპიტალიზაციის 40%;
  4. საბანკო კაპიტალის 10%;
  5. 563 მილიარდი რუბლის ოდენობის გაყინული საცალო აქტივები, აგრეთვე აქტივები, რომლებიც დეპოზიტარებში ინახება;
  6. საბანკო სექტორის აქტივების 80% სანქციების ქვეშაა;
  7. პრაქტიკულად მიუწვდომელია ჰეჯირება, ევროობლიგაციები და აქციების პირველადი საჯარო განთავსებები.

დასკვნა: რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ნამდვილად მუშაობს. ვერც კრიპტოვალუტები, ვერც CBDC, დიდი ალბათობით, აგრესორის ეკონომიკაზე მათი დესტრუქციული გავლენის ნიველირებას ვერ შეძლებს.