პლატფორმა IOTA-ს და მონეტა MIOTA-ს მიმოხილვა

ფოტო - პლატფორმა IOTA-ს  და მონეტა MIOTA-ს მიმოხილვა
IOTA — ტექნოლოგიურ გიგანტებთან კოლაბორაციით ცნობილი პლატფორმა, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიისთვის ნამდვილი გამოწვევაა. საკუთარი მონეტა ნივთების ინტერნეტის (IoT) მოახლოებული რევოლუციის მოლოდინში შეიქმნა, სადაც ყოველი გაჯეტი მიკროგადახდების გატარების უფლებას მიიღებს.

უპირველეს ყოვლისა, პლატფორმა IOTA ცნობილია თავისი გადარიცხვებით საკომისიოს გარეშე  და კლასიკური ბლოკჩეინის არარსებობით. ის ორიენტირებულია IoT (ნივთების ინტერნეტის) ინდუსტრიის მხარდაჭერაზე. სწორედ აქედან მოდის პლატფორმის სახელი, IOTA.

პლატფორმა IOTA-ს და მონეტა MIOTA-ს შექმნა

ასეთი კრიპტოვალუტის შექმნის იდეა 2015 წელს გაჩნდა და 2016 წელს ის ოთხმა თანამოაზრემ განახორციელა: დევიდ სონსტებემ, დომინიკ შინერმა, სერგეი ივანჩეგლომ და სერგეი პოპოვმა. თუმცა, "ნივთების ინტერნეტის" კონცეფციის იდეა ბევრად უფრო ადრე დაიბადა - ჯერ კიდევ 1999 წელს. მისი ავტორი კევინ ეშტონი იყო. მოგვიანებით, ამერიკულ  გამოცემაში Scientific American ვრცელ სტატიაში გაანალიზეს ასეთი კონცეფციის მქონე გამოთვლითი ქსელის შესაძლო რეალიზაცია. კერძოდ, საუბარი იყო ერთიანი ქსელის საყოფაცხოვრებო გამოყენებაზე, სადაც გაჯეტები, ინტერნეტ ტექნოლოგიების დახმარებით, ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან ადამიანის მონაწილეობის გარეშე.

2010-იანი წლებიდან ნივთების ინტერნეტის კონცეფცია Fog Computing პარადიგმის საფუძველი გახდა. ის ახორციელებს ღრუბლოვანი ტექნოლოგიების პრინციპებს გეოგრაფიულად დაშორებულ მოწყობილობებს შორის მონაცემთა დამუშავების ფუნქციების განაწილებით, რომლებიც შეიძლება  ძალიან  ბევრი იყოს. თავად იდეა საზოგადოებამ ისე მკვირცხლად მიიღო, რომ ნივთების ინტერნეტის ბაზარმა  აქტიური განვითარება დაიწყო და საკუთარ სეგმენტში   საშუალოწლიური ზრდის ტემპი 23%-ის დონეზე აჩვენა.

IoT-ზე ამ აჟიოტაჟის შედეგად ჩამოყალიბდა ეკოსისტემა IOTA, რომელზეც კონტროლს არაკომერციული ფონდი IOTA Foundation ახორციელებს. ისინი სათანაშრომლოდ ცნობილ კომპანიებსა და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს იწვევენ. 2017 წლის ივნისში კომპანია Outlier Ventures-მა  პლატფორმის მიმართ ინტერესი გამოიჩინა და პროექტში ათობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა (თანხა შვიდჯერ აღემატებოდა ქსელის სავარაუდო ღირებულებას იმ მომენტისთვის). შემდგომში მას შეუერთდნენ მიკროგადახდების ოპერატორი SatoshiPay და ფონდი Robert Bosch Venture Capital, რომლებმაც დიდი რაოდენობით მონეტები შეიძინეს.

ჰაკერების ინტერესი

თუმცა, ახალი პლატფორმის მიმართ ინტერესს იჩენდნენ არა მხოლოდ ღირსეული ინვესტორები, არამედ ჰაკერებიც. 2018 წლის იანვრის მეორე ნახევარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქსელის მონაწილეთა საფულეებიდან 4 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტის სახსრები გაქრა. ქსელის კვანძებში სახსრების დაბრუნების მცდელობების გასართულებლად   DDoS შეტევა მოეწყო. ბევრმა კრიტიკოსმა იმ მომენტში ქსელის ტექნოლოგიური პრობლემები და დაუცველობა გაიხსენა. მაგრამ, IOTA Foundation-ის წარმომადგენლებმა ქურდობის ფაქტი არა ტექნოლოგიის დაუცველობით, არამედ მომხმარებლების დაუფიქრებელი საქციელით ახსნეს, რომლებმაც 81 სიმბოლოსგან შემდგარი SEED ფრაზის შესაქმნელად მესამე მხარის სერვისებს მიმართეს.

ქსელის ტექნოლოგიური თავისებურებები და ტოკენომიკა

კლასიკური ბლოკჩეინის ნაცვლად, IOTA პლატფორმა მიმართულ აციკლურ გრაფს DAG-ს იყენებს  - (მას ასევე უწოდებენ tangle-ს). ქსელი ეფუძნება „ხლართის“ პრინციპს და შედგება ტრანზაქციებისგან, სადაც ყოველი ახალი გარიგება ორ წინა ტრანზაქციას ადასტურებს. ეს მიდგომა ნიშნავს, რომ ქსელის სიდიდე და სიჩქარე პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენი ადამიანი იყენებს პლატფორმას. სისტემის კვანძები ამოწმებენ ყველა ტრანზაქციას და არავალიდურების აღმოჩენის შემთხვევაში მათ არ ადასტურებენ.
ასეთი სახე აქვს DAG ქსელს ბლოკჩეინის ჯაჭვთან შედარებით

ასეთი სახე აქვს DAG ქსელს ბლოკჩეინის ჯაჭვთან შედარებით

პრაქტიკულად ნებისმიერი რაოდენობის გადახდების უფასოდ ჩასატარებლად (მიკროტრანზაქციების ჩათვლით), დეველოპერებმა მონეტების დაგეგმილი მაქსიმალური რაოდენობის ემისია ერთბაშად განახორციელეს - 2,779,530,283 MIOTA. DAG-ის გამოყენების და მონეტების მაქსიმალური ემისიის გამო, IOTA მაინინგს და ასევე სტეიკინგს არ საჭიროებს.

საბაზრო კაპიტალიზაცია 625 მილიონ დოლარზე მეტია (Coinmarketcap-ის რეიტინგში #78).

კრიპტოგრაფია და ქსელის დაცვა

იმის გათვალისწინებით, რომ ქსელი IOTA არ იყენებს ბლოკჩეინს, როგორც ჩანს, ის დიდად არც კონსენსუსის მექანიზმს საჭიროებს. თუმცა, ქსელების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ტრანზაქციის გადამოწმების პროცესს დაემატა შედარებით მარტივი Proof-of-Work ჰეშის თავსატეხი.

MIOTA იყენებს Winternitz-ის ჰეშირებაზე დაფუძნებულ კრიპტოგრაფიულ ხელმოწერებს, რომლებიც თავისი მაღალი სიჩქარით განსხვავდება ელიპტიკური კრიპტოგრაფიისგან (ECC: Elliptic Curve Cryptography). კრიპტოვალუტის შემქმნელებმა თავიდან საკუთარი ჰეშ-ფუნქცია "Curl" გამოიყენეს, მაგრამ, აუცილებელი გახდა მისი ჩანაცვლება ფუნქციით "Kerl" (SHA-3-ის რეალიზაცია), რადგან თავდაპირველ ვერსიაში კრიტიკული მოწყვლადობა გამოვლინდა, რომელიც ხელმოწერების გაყალბების საშუალებას იძლეოდა.

არსებობს თუ არა სიცოცხლე მაინინგის გარეშე?

MIOTA არის უჩვეულო აქტივი, რომელიც არ არის აგებული ბლოკჩეინის ტექნოლოგიებზე. ტრანზაქციების და მაინინგის დადასტურების აუცილებლობის არარსებობა მომხმარებლებს  ჯილდოს მიღების უფლებას ართმევს. მეორე მხრივ, სისტემა არ საჭიროებს ხარჯებს ან საკომისიოს - თითოეულ მონაწილის  ტრანზაქციის განხორციელება შეეძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის დაადასტურებს წინა ორ გადარიცხვას. ეს წესი მოქმედებს როგორც დიდი მოცულობის ტრანზაქციებზე, ასევე მიკროგადახდებზე.

DAG ტექნოლოგიაზე დაფუძნებული IOTA ქსელის თითოეული მომხმარებელი, ტექნიკური თვალსაზრისით, ვალიდატორია, რადგან ის უზრუნველყოფს ქსელის მუშაობას და ამისათვის იღებს ჯილდოს - გადარიცხვას საკომისიოს გარეშე.

უფასო გადარიცხვების რეალიზებული ტექნოლოგია - IOTA-ს მამოძრავებელი ძალაა. მაგრამ, არ არის გამორიცხული რომ მომავალში ტრანზაქციებზე დაწესდეს საკომისიო გადასახდელი. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც ახალი მომხმარებლებისა და ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება და მოხდება ქსელის გადამეტტვირთვა.

ეკოსისტემა IOTA

ეკოსისტემაში IOTA  მომხმარებლებს  შემდეგ სერვისებს სთავაზობენ:

IOTA Access არის რესურსებზე წვდომის მართვის საფუძველი. მას აქვს ღია საწყისი კოდი, რომელიც გამოიყენება „ჭკვიან“ მოწყობილობებზე კონტროლსა და მათზე წვდომისთვის. მისი ინტეგრირება ნებისმიერი IoT-ის მუშაობაში (მანქანები, სენსორები, საკეტები და ა.შ.) არის შესაძლებელი.

IOTA Streams არის კრიპტოგრაფიული პლატფორმა შეტყობინებების უსაფრთხო პროგრამების შესაქმნელად. ინფორმაციის ნაკადი საშუალებას გაძლევთ Tangle-ს ქსელში მოახდინოთ დაცული მონაცემების სტრუქტურირება და მართვა. სერვისი განსხვავებულ ინფორმაციას ერთ სტრუქტურაში აერთიანებს.

IOTA Identity - ციფრული იდენტიფიკაციის პროტოკოლი, კვანძის გამარტივებული ვერსია. აქვს ღია საწყისი კოდი. პროდუქტის გამოყენებისთვის საკომისიო არ არის გათვალისწინებული. სერვისი გამოიყენება მონაცემთა გადაცემისა და გადარიცხვის ღირებულების უზრუნველსაყოფად.

Firefly არის საფულე კრიპტოვალუტა MIOTA-სთვის. დესკტოპის ვერსია შექმნილია Windows-ისთვის, macOS-ისთვის და Linux-ისთვის, ხოლო მობილური ვერსიის ჩამოტვირთვა შესაძლებელია Google Play-დან და AppStore-დან.
ნატიური საფულე Firefly

ნატიური საფულე Firefly

დასკვნის ნაცვლად

როდესაც ნივთების ინტერნეტის ინდუსტრია გახდება ჩვეულებრივი და მასობრივი ფენომენი, მაშინ MIOTA გახდება აქტივი, რომელიც ყველა ინვესტორის საფულეში იქნება. ვიდრე ეს არ მომხდარა, MIOTA მორიგ სპეკულაციურ აქტივად უნდა ჩაითვალოს, რომელიც პერსპექტიულ კონცეფციაზე და ალტერნატიულ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზეა აგებული.