თითოეული პერსპექტიული აქტივი კერძო პირების ან ორგანიზაციების საინვესტიციო პორტფელებში ხვდება. გარკვეული აქტივის ყველაზე დიდი მოცულობის მფლობელები მის ღირებულებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ და ბაზარზე აქტიურ ოპერაციებს ახორციელებენ. უმსხვილესი ინვესტორების ფულადი ნაკადების მიმართულებზე დაკვირვებით, შეგიძლიათ თავადაც დარჩეთ მოგებული.
კრიპტოვეშაპები ციფრული აქტივების სივრცეში უმსხვილესი ინვესტორები არიან. ისინი ამა თუ იმ კრიპტოვალუტის მნიშვნელოვანი რაოდენობის მონეტებს ფლობენ. ყველაზე ხშირად, მათ პორტფელებში სხვადასხვა ციფრული აქტივის დიდი მოცულობებია კონცენტრირებული. ვეშაპები შეიძლება იყვნენ როგორც ინდივიდუალური ინვესტორები (ფიზიკური პირები), ასევე ინსტიტუციონალური ინვესტორები (ორგანიზაციები და ფონდები). მაგალითად, მხოლოდ ერთი კომპანია MicroStrategy ფლობს 140000-ზე მეტ BTC-ს და სავალუტო ბაზარზე ტრანზაქციების განხორციელებით, მას ნამდვილად შეუძლია ბიტკოინის ფასზე გავლენა მოახდინოს.
ამიტომ, ამა თუ იმ მონეტის ფასის შემდგომი მოძრაობის (ზემოთ ან ქვევით) პროგნოზირების მიზნით, თქვენ უნდა აკონტროლოთ კრიპტოვეშაპის აქტივების მოძრაობა. ასე შეძლებთ გაიგოთ მათი გეგმები და ამაზე ფული გამოიმუშაოთ.
ეს ხრიკი არა მხოლოდ კრიპტოვალუტებისთვის არის აქტუალური. როდესაც უორენ ბაფეტის მსგავსი ვეშაპი აცხადებს, რომ მან გახსნა პოზიცია კონკრეტული აქტივის შესაძენად, ამ აქტივის ფასი იზრდება. ან პირიქით, როდესაც დიდი მოთამაშეები ყიდიან მნიშვნელოვანი თანხის ოდენობის აქტივს, მისი ფასი ეცემა. მსგავსი და უფრო მხიარული პროცესები კრიპტოვალუტურ ბაზარზეც მიმდინარეობს. საკმარისია, ილონ მასკის დონის კრიპტოინფლუენსერმა ყველასთვის ცნობილი ძაღლის გამოსახულება დატვიტოს და Dogecoin-ის ფასი რამდენიმე საათში +50%-ით იზრდება. სხვათა შორის, ილონის კომპანიები (Tesla, SpaceX) კრიპტოვალუტების მნიშვნელოვან რაოდენობას ასევე ფლობენ და მის მსგავსად, ვეშაპებად ითვლებიან.
უნდა გესმოდეთ, რომ კრიპტოვალუტური ბაზარი არ არის საფონდო ან ფორექსი. აქ ყველაფერი ბევრად უფრო გამჭვირვალეა. ციფრული აქტივებით შესრულებული ტრანზაქციები იწერება და ინახება საჯარო დეცენტრალიზებულ რეესტრში - ბლოკჩეინში. ბლოკჩეინის ღიაობისა და გამჭვირვალობის წყალობით, კრიპტოვეშაპების ყველა საფულის დადგენა, მათ მიერ შენახული მონეტების ყველაზე დიდი რაოდენობის მიხედვით, მარტივია. შესაბამისად, იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ და სად იმოძრავებს ბაზარი (უფრო სწორად, რა მიმართულებით მოაბრუნებენ მას ვეშაპები), ასეთ საფულეებს უნდა დავაკვირდეთ. განსაკუთრებით კი - მათგან აქტივების გადაადგილების მიმართულებას.
როდესაც გარკვეული კრიპტოაქტივების დიდი მოცულობა ვეშაპის საფულიდან ბირჟაზე გადადის, ეს სავარაუდო გაყიდვაზე მიუთითებს. შედეგად, ეს ამ კრიპტოაქტივის ფასის შემცირებას გამოიწვევს და პირიქით, თუ დიდი რაოდენობით მონეტები გადაირიცხება ბირჟებიდან საფულეში, ეს ახალი ბულრან ციკლისა და ზოგადად, ბაზრის ზრდის ნიშნად ითვლება.
ასეთი პროგნოზი ბირჟებზე კრიპტოაქტივების გადინების მაღალ ტემპებთან არის დაკავშირებული. ამ შემთხვევაში მათი მიწოდება და ლიკვიდობა მცირდება. ეს იწვევს გარკვეულ დეფიციტს, რაც ნიშნავს, რომ ასტიმულირებს მათი ღირებულების ზრდას. ამიტომ, როდესაც ვეშაპები ბირჟაზე ყიდულობენ გარკვეულ კრიპტოვალუტას და ის დიდი მოცულობით გადააქვთ საკუთარ საფულეში, ასეთი კრიპტოვალუტების ფასი იზრდება და ამან შეიძლება გამოიწვიოს ახალი ხარული ციკლი.
თუ მნიშვნელოვანი თანხის ოდენობის ტრანზაქცია მოხვდება ბლოკში, ინვესტორებს მისი იდენტიფიცირება და საფულის ნაშთების გადახედვა შეუძლიათ. ესენი არიან ტრანზაქციის მონაწილეები, კერძოდ გადარიცხვის გამგზავნი და მიმღები. თუ ამ საფულეების ბალანსები არსებითია და შეიცავს მონეტების მნიშვნელოვან მარაგებს, ისინი ერთმნიშვნელოვნად ეკუთვნის ვეშაპებს. ასეთი მისამართები check list-ს უნდა დაემატოს და პერიოდულად შემოწმდეს. ასეთი საფულეების მეშვეობით აქტივის მოძრაობის ანალიზი შეიძლება სასარგებლო იყოს მასზე შენახული მონეტის ღირებულების ცვლილებების პროგნოზირებისთვის.
რა თქმა უნდა, ასეთი მონიტორინგის ხელით განხორციელება შრომატევადი სამუშაოა, რომელსაც დიდი დრო სჭირდება. მაშინაც კი, თუ ეს ეხება მხოლოდ ერთ კრიპტოვალუტას. ამ შემთხვევაში, მიზანშეწონილია, გამოიყენოთ სპეციალიზებული სერვისები, რომლებიც ვეშაპების ყველა საფულის ავტომატიზებულ და გლობალურ მონიტორინგს ახორციელებს. ასეთი სერვისები მუდმივად სკანირებს ბლოკჩეინებს, აცნობებს აღმოჩენილი კრიპტოვეშაპის ტრანზაქციების შესახებ, უთითებს საფულის მისამართებს, მონეტების რაოდენობასა და აქტივების მოძრაობის მიმართულებას.
სამწუხაროდ, ამ სერვისების უმეტესობა არ არის უფასო და სააბონენტო გადასახადს ან გამოწერას მოითხოვს. მაგრამ არსებობს უფასო ალტერნატივებიც.
კერძოდ, ზოგიერთი ბლოკჩეინ ექსპლორერი გვაწვდის ინფორმაციას ვეშაპების საკუთრებაში არსებული საფულეების მისამართების შესახებ. ეს შეიძლება იყოს rich list-ში მოხვედრილი მონეტების უდიდესი რაოდენობის მფლობელთა პირველი ოცეული, ან ასეულიც კი.
გარდა ამისა, ისეთი ვებრესურსები, როგორიცაა Coincarp და Bitinfocharts, გვაწვდის ინფორმაციას "ფულის ტომრების" პირველი ასეული მისამართის მიხედვით. Coincarp-ზე პრაქტიკულად ნებისმიერი კრიპტოვალუტის მიხედვით აღინიშნება მონეტების რაოდენობის ცვლილება ბოლო ბოლო 7 დღის განმავლობაში (+ ან -) ამა თუ იმ მისამართზე rich list-იდან. Bitinfocharts-ზე კი შეგიძლიათ გაიგოთ გატანილი ან საფულეში მოხვედრილი მონეტების რაოდენობა, ასევე ბოლო ტრანზაქციის თარიღები. ამ ვებგვერდზე, სამწუხაროდ, ინფორმაცია მოწოდებულია არა ყველა კრიპტოაქტივის, არამედ მხოლოდ ყველაზე პოპულარულის შესახებ, როგორიცაა Bitcoin, Litecoin, Dogecoin, Dash, უძველესი კრიპტოვალუტის ფორკები და ა.შ.
ვეშაპების საფულეების მონიტორინგის კიდევ ერთი უფასო ინსტრუმენტი არის Clank App. ამ ვებრესურსზე თითოეული კრიპტოვალუტის მიხედვით შეგიძლიათ გაიგოთ დღის ვეშაპების, კვირის ვეშაპების ან მათი ბოლო ტრანზაქციების შესახებ. ინფორმაცია მოიცავს გადარიცხვის გამგზავნისა და მიმღების მისამართს, ასევე კრიპტობირჟების სახელებს. Clank App-ს ასევე აქვს ტოპ 100 ვეშაპის კუთვნილი მისამართების რეიტინგი.
Clank App გთავაზობთ ვეშაპის საფულეებით განხორციელებული ტრანზაქციების მონიტორინგს 20-ზე მეტ პოპულარულ ბლოკჩეინში. წყარო: Clank App
ფასიან სერვისებსა და ინსტრუმენტებს გააჩნია უფრო დიდი ინსტრუმენტარიუმი და გაფართოებული ფუნქციონალი. ზოგი გთავაზობთ ვეშაპების აქტივობის შესახებ ნოტიფიკაციების სისტემას რეალურ დროში, ზოგი კი მომხმარებელს უფრო ფართო ანალიტიკურ შესაძლებლობებს აწვდის. პერსონალურ კაბინეტებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმირების გარდა, ამ სერვისებს შეუძლია ინფორმაციის გაგზავნა სხვადასხვა მესენჯერში (მაგალითად, Telegram-ში). რომელ სერვის აირჩევთ - ფასიანსა თუ უფასოს - არჩევანი თქვენზეა.
დასკვნა
კრიპტოვეშაპების საფულეებისა და მათი აქტივების მოძრაობის მონიტორინგის ინსტრუმენტები გვეხმარება, ვიყოთ უფრო ინფორმირებულები კრიპტოვალუტურ ბაზარზე უმსხვილესი მარკეტმეიკერების გეგმებისა და მათი ტაქტიკის შესახებ. თუმცა, პოზიციებში მხოლოდ ამ ანალიტიკის საფუძველზე არ უნდა შეხვიდეთ. თქვენ ყოველთვის უნდა მიიღოთ თქვენი ჰიპოთეზის დადასტურება ალტერნატიული წყაროებიდან და არასოდეს უგულებელყოთ ტექნიკური და ფუნდამენტური ანალიზი.