Meta-ს NFT-პროექტის ბეტა-ვერსიის გაშვების მომენტიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში, მარკ ცუკერბერგის კომპანიამ შეწყვიტა ინსტაგრამზე არაჩანაცვლებადი ტოკენების მხარდაჭერა. NFT-ს გაზიარების შესაძლებლობას Facebook-ის მომხამრებლებსაც გაუთიშავენ.
ის, რომ Meta უარს ამბობს კრიპტოსექტორში ბიზნესის განვითარებაზე, Twitter-ზე განაცხადა კომპანიის წამყვანმა კომერციულმა და ფინტექს სპეციალისტმა სტეფან კასრიელმა.
მან მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს და პირობა დადო, რომ NFT საზოგადოებას სხვა გზებით დაუჭერს მხარს. საინტერესოა რას გულისხმობდა?
როგორ ავითარებდა Meta NFT- მიმართულებას?
ის, რომ Meta-ს სურს NFT სეგმენტში შესვლა, ცნობილი გახდა South by Southwest (SXSW) კონფერენციაზე, რომელიც 2022 წლის მარტში გაიმართა. მარკ ცუკერბერგმა იქ თქვა, რომ მალე მომხმარებლები NFT-ების მოჭრას, ასევე საკუთარი კოლექციების გაზიარებას პირდაპირ Instagram-ზე შეძლებენ.
და მართლაც, უკვე მაისში, კომპანიამ დაიწყო NFT მხარდაჭერა Instagram-ზე, ბეტა-ტესტირების ფარგლებში. შემდეგ პროექტს Facebook-იც შეუერთდა. ივლისისთვის Meta-მ გააფართოვა არაჩანაცვლებადი ტოკენების მხარდაჭერა 100 ქვეყნის მომხმარებლებისთვის. მოგვიანებით, სოციალურმა ქსელებმა გახსნეს NFT-ების გაცემის და გაყიდვის შესაძლებლობა Ethereum-ის, Polygon-ისა და Flow NFT-ის მონაწილეობით, მხარი დაუჭირეს NFT სივრცის ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოგრაფის, ისააკ „დრიფტ“ რაიტის ზარაფხანას, ხელოვნური ინტელექტის მხატვარს რეფიკ ანადოლის და სხვა ავტორებს. NFT-ს დეცენტრალიზებული შენახვისთვის გამოიყენებოდა პროტოკოლი Arweave.
რა კრიპტოპროექტები დახურა Meta-მ ბოლო წლებში?
უნდა ითქვას, რომ Meta-ს NFT მიმართულების დახურვის შესახებ სტეფან კასრიელის ტვიტის ქვეშ რაიმე დადებითი კომენტარი GNCrypto-ს არ უნახავს. ფოლოვერების ტიპიური რეაქცია იყო იმედგაცრუება, გაბრაზება და სარკაზმი.
თავი ისე დაანებეთ, რომ არც დაგიწყიათ. ეს ნამდვილი სირცხვილი და შესანიშნავი ადამიანების ბევრი მართლაც გონივრული ნამუშევრის განულებაა, - წერს კრიპტომხატვარი და ფოტოგრაფი დეივ კრუგმანი.
Meta-ს და არაჩანაცვლებად ტოკენებს შორის ურთიერთობების გაწყვეტა ორგვარად შეიძლება იყოს ინტერპრეტირებული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2021 წლის ოქტომბრიდან, როდესაც Facebook-ს დაერქვა Meta, 2022 წლის დეკემბრამდე, ტექნიკური გიგანტის აქციების ფასი 60%-ით დაეცა. ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ ცუკერბერგის სურვილს, თავისი ბიზნესი მაქსიმალურად ეფექტიანი გახადოს. მეწარმე თანმიმდევრულად ხურავს პროექტებს, რომლებსაც ნაკლებად პერსპექტიულად თვლის. მეორე მხრივ, ასეთი პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი კრიპტოგრაფიას უკავშირდება.
აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ უარი Diem კრიპტოვალუტის (ყოფილი Libra) გამოყენებაზე. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ Libra უნდა ყოფილიყო სტეიბლკოინი, რომელსაც უზრუნველყოფდა რამდენიმე ვალუტის და აშშ-ის სახაზინო ფასიანი ქაღალდების კალათა. ამ გეგმის მიხედვით, მონეტა WhatsApp-ისა და Facebook Messenger-ის მეშვეობით გადახდის და ფულის გადარიცხვის საშუალება უნდა გამხდარიყო. პროექტის პოტენციური სამიზნე აუდიტორია მილიარდობით (!) ადამიანს შეადგენდა.
ცუკერბერგის გრანდიოზულმა გეგმებმა ნამდვილი პანიკა გამოიწვია აშშ-ის, ევროკავშირის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მარეგულირებლების მხრიდან. სხვათა შორის, სწორედ Libra-ს შესაძლო გაშვებამ უბიძგა ევრომოხელეებს, რომ MiCA-ს კრიპტორეგლამენტი დაეწერათ. ევროპარლამენტი ამ დოკუმენტს უახლოეს კვირებში უყრის კენჭს.
ხელისუფლების შიშებმა მონეტარული სუვერენიტეტის, ფინანსური სტაბილურობის, ანტიმონოპოლიური კანონების და ა.შ. Libra ჩანასახშივე მოკლა. 2019 წელს მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ სტეიბლკოინი მსოფლიოში არსად არ იქნება გამოშვებული აშშ-ის მარეგულირებლების თანხმობის გარეშე. იდეა ნელ-ნელა ქრებოდა, Libra-ს დაარქვეს Diem და 2022 წელს პროექტი დაიხურა. საინტერესოა, რომ Diem-ის აქტივები, რომელიც 200 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, კალიფორნიულმა ბანკმა Silvergate Capital-მა შეიძინა - მის გაკოტრებამდე (2023 წელს) ზუსტად ერთი წლით ადრე.
ასევე 2022 წელს, Meta-მ კრიპტოსავალუტო საფულე Novi (ყოფილი Calibra) დახურა. საკუთარი Libra/Diem კრიპტოვალუტის მხარდაჭერის გარეშე, კრიპტოსაფულის პროექტი მკვდრადშობილი იყო. Novi-ს დახურვის კიდევ ერთი მიზეზი კრიპტოზამთარი იყო. ბედის ირონიით, Libra-ს „აფრენის“ საშუალება ზუსტად კრიპტობაზრის ხარული ტრენდის დაწყების წინ შეუზღუდეს. არა და მარკ ცუკერბერგის სტეიბლკოინები 2023 წელს შეიძლებოდა პირველი მსოფლიო კრიპტოვალუტა განხდარიყო.
იქნება თუ არა NFT Meta-ს ვირტუალურ სამყაროში?
NFT პროექტზე უარის თქმის შემდეგ, Meta-ს მეტასამყაროში არაჩანაცვლებადი ტოკენების გამოყენების პერსპექტივები უკიდურესად გაურკვეველი გახდა. მანამდე ითვლებოდა, რომ შემქმნელები NFT-ს მეტავერსის ძირითად ელემენტად ხედავენ. საუბარია ავატარებზე, ტანსაცმელზე, საყოფაცხოვრებო ნივთებზე და ა.შ. ახლა კი Meta-ში მიანიშნებენ, რომ პრიორიტეტები შეიცვალა. 10 000 თანამშრომლის გათავისუფლების მიუხედავად, საკუთარი ვირტუალური სივრცის შექმნის პროექტი თითქოს ძალაში დარჩა. მაგრამ მის ეკოსისტემაში მთავარ როლს ხელოვნური ინტელექტი და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიები შეასრულებს. თუ როგორ განხორციელდება განვითარების ახალი ვექტორი, ამაზე კომპანიაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.