მაინინგი 2023 წელს მოკვდა. რა ალტერნატივები არსებობს?
გასულ წელს, როდესაც Ethereum გადავიდა PoS-ზე, წამყვანი მედია გამოვიდა სათაურებით მაინინგის სიკვდილის შესახებ. მაგრამ ნამდვილად შეწყვიტა თუ არა მაინინგმა შემოსავლის მოტანა და რა ალტერნატივა არსებობს?
დრო, როდესაც მაინერები ვიდეობარათებს მასობრივად ყიდულობდნენ და კომპიუტერული ტექნიკის ბაზარზე დეფიციტს ქმნიდნენ, დღეს ღიმილისმომგვრელია. არადა რამდენიმე წლის წინ ეს საკმაოდ რეალური სიტუაცია იყო, ხოლო მაინინგს კარგი შემოსავალი მოჰქონდა. ამასთან, მაინინგი უკვე რამდენჯერმე „დამარხეს“, როდესაც მიუთითებდნენ გარემოზე მის მავნე ზემოქმედებასა და არარენტაბელურობაზე ელექტროენერგიის მაღალი ფასის მქონე ქვეყნებში.
დიდი ხნის განმავლობაში, გრაფიკული ბარათები/პროცესორები - GPU - ციფრული აქტივების მოპოვების მთავარ მეთოდად რჩებოდა. Ethereum მაღალი მოგებას აჩვენებდა, რადგან Bitcoin-თან შედარებით მისი მოპოვება უფრო ადვილი იყო. მაინერები Nvidia-სგან ყიდულობდნენ ყველაზე მძლავრ ვიდეობარათებს GeForce RTX 3080, RTX 3080 Ti და RTX 3090, რის შედეგად ვიდეობარათების ფასი სამჯერ ძვირდებოდა. მაგალითად, საბაზისო RTX 3080-ს აჩვენებდა ჰეშრეიტს 95Mh/s-ის დონეზე, რაც ხარული ბაზრის პიკში კვირაში ერთი ბარათიდან, ელექტროენერგიის ღირებულებიდან გამომდინარე, $30-იანი შემოსავლის მიღების საშუალებას იძლეოდა.
Ethereum-ის PoS-ზე გადასვლის შემდეგ მაინერები მაინინგისთვის ეძებდნენ ალტერნატიულ ტოკენებს, რომელთა შორისაა Ethereum-ის რამდენიმე ფორკი - Ethereum Classic, Ethereum PoW და სხვა. თუმცა, ბაზრის ამჟამინდელ ვითარებაში, სპეციალიზებული ვებგვერდ WhatToMine-ის თანახმად, რვა RTX 3080 ფერმის მომგებიანობა უარყოფითია, ანუ მაინერები მოგებას კი არ იღებენ, არამედ მხოლოდ ელექტროენერგიის ხარჯების ნაწილს ფარავენ, რომ აღარაფერი ვთქვათ თავად ფერმის რენტაბელურობაზე.
ამასთან, ასეთ ვითარებაშიც კი არსებობენ პროექტები, რომლებსაც მოგება მოაქვთ. მაგალითად, ეს არის Alephium (ALPH), რომელიც მუშაობს PoLW: Proof of Less Work ტექნოლოგიით. ქსელის ერთნაირ პირობებში, Bitcoin-თან შედარებით, Alephium იყენებს ენერგიის მხოლოდ 1/8-ს. იგივე RTX 3080-ის სიმძლავრის გათვალისწინებით, Alephium-ის მაინინგი ყოველკვირეულად 200 დოლარზე მეტ შემოსავალს მოიტანს.
აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, ვებგვერდ Hotline-ის მონაცემებით, RTX 3080-მა 2021 წლის მაისის პიკთან შედარებით თავისი ღირებულების 50% დაკარგა.
GPU მაინინგის ალტერნატივა არის ASIC - სპეციალური დანიშნულების ინტეგრალური სქემა, ანუ მოწყობილობა მხოლოდ კრიპტოვალუტების მაინინგისთვის. მათი თავისებურება ისაა, რომ ისინი მონეტების მოსაპოვებლად ჰეშირების ცალკე ალგორითმებითაა კონფიგურირებული. მაგალითად, Bitcoin და მისი ფორკები დაფუძნებულია SHA-256 ალგორითმზე, ხოლო Scrypt-ის ალგორითმი Litecoin-ისა და Dogecoin-ის საფუძველია.
ASIC-ის უპირატესობები არის ანალოგებთან შედარებით უფრო მაღალი ჰეშრეიტი, ასევე კონფიგურაციის სიმარტივე. იგივე WhatToMine-ის მონაცემებით, ASIC-ების გამოყენება მომგებიანია ყველაზე პოპულარული მონეტებისთვის (ამჟამინდელ საბაზრო პირობებში).
მაინინგის უფრო ეგზოტიკური მეთოდებია HardDrive მაინინგი და 5G მაინინგი. თუმცა, არსებობს ნიუანსი: მაინინგის ეს მეთოდები მხოლოდ სპეციალიზებული ტოკენების მოპოვების საშუალებას იძლევა, რაც ამ მეთოდების გამოჩენის მიზეზი გახდა.
მყარი დისკი საჭიროა Chia Network-ის Chia ტოკენის მოსაპოვებლად. ეს ბლოკჩეინი აგებულია ალგორითმზე Proof-of-Space-and-time (PoST), როგორც PoW-ის კონკურენტი, რომელიც ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. ამიტომ, HDD ფერმები GPU-ზე უფრო იაფი და ენერგოეფექტურია.
Chia-ს მაინინგისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული კალკულატორების მიხედვით, მიმდინარე საბაზრო პირობებში, 100 ნაკვეთიანი (10 ტერაბაიტი HDD-ზე) ფერმა თვეში 4 დოლარზე ოდნავ მეტ მოგებას მოიტანს. ამ ტიპის მაინინგი აბსოლუტურად არარენტაბელურია.
5G მაინინგი აგებულია უკაბელო ქსელის დაფარვის გაზრდის პრინციპის გარშემო იმ მომხმარებლების მიერ, რომლებმაც შეიძინეს სპეციალური 5G მოდემები და ამისთვის იღებენ ჯილდოებს ტოკენების სახით. საუბარია HNT ტოკენზე Helium-ის ქსელში. მოდემების ფასი $1000-დან იწყება.
2022 წლის ზაფხულში, როდესაც HNT-ის ფასმა 10 USD-ს მიაღწია, ასეთ მაინინგს ერთი მოწყობილობიდან წელიწადში 400 დოლარის მოგება მოჰქონდა. ტოკენის ამჟამინდელი ფასის პირობებში, რომელიც $2.37-ს შეადგენს, რენტაბელურობაზე საუბარი უაზროა. თუმცა ასეთ მაინინგს აქვს სამომავლო პერსპექტივები, როდესაც Internet of Things-ის კონცეფცია უფრო ფართოდ იქნება გამოყენებული.