როს ულბრიხტი: ნარკობარონი თუ პირველი კრიპტოტუსაღი?

ფოტო - როს ულბრიხტი: ნარკობარონი თუ პირველი კრიპტოტუსაღი?
როს ულბრიხტი კრიპტოვალუტების ფორმირების ისტორიაში, ალბათ, ყველაზე ტრაგიკული ფიგურაა. საინფორმაციო ტალღა Silk Road-ის შემქმნელის, ამჟამად კი ამერიკული ციხის პატიმრის ბედის შესახებ ამ დრომდე არ ცხრება.
ამჟამად როს ულბრიხტი 38 წლისაა და აქედან 7 წელი კოლორადოს მკაცრი რეჟიმის ფედერალურ ციხეში USP Florence High-ში გაატარა. 

ამერიკელი სამართალდამცავების ოფიციალური ვერსიით, ულბრიხტი ყოფილი ნარკომოვაჭრე და დარქნეტის ბაზრის შემქმნელია, სადაც აკრძალული  ნივთიერებები და იარაღი იყიდებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელმაც როსი ციხეში გაუშვა, აღნიშნულია, რომ მან ვებგვერდი Silk Road  შეიმუშავა და ორი წლის მანძილზე მას მართავდა. ამ დროის განმავლობაში მან BTC-ში 28,5 მილიონი დოლარის ოდენობის მოგება მიიღო. 

მას ბრალი ფულის გათეთრებაში, კომპიუტერულ თავდასხმებში, პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების უკანონო მიმოქცევაში, ნარკოტიკების, შხამების რეალიზაციასა და მკვლელობის წაქეზებაში წაუყენეს. 

მისმა ოჯახმა, მეგობრებმა და ახლობლებმა სასამართლოში დაიფიცეს, რომ ინტერნეტში მისი უკანონო საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდნენ. მისმა ყოფილმა შეყვარებულმა, ჯულია ვიმ კი განაცხადა, რომ როსს მანქანაც კი არ ჰყავდა და ის ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ამიტომ მილიონების გათეთრების ბრალდებები სასაცილოა.

ვფიქრობთ, სიმართლე სადღაც შუაშია.

პოლიციის ოფიციალური ვერსია

ულბრიხტმა ვებ-გვერდი Silk Road 2011 წელს აამოქმედა. იმ დროს ის პენსილვანიის უნივერსიტეტის ასპირანტი იყო და მასალათმცოდნეობისა და ინჟინერიის დარგებში სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა. მაგრამ მისი სანუკვარი ოცნება ისეთი ღია ბაზრის შექმნა იყო, სადაც ადამიანებს, შეეძლოთ,  საგადასახადოსა და პოლიციის კონტროლის გარეშე, ეყიდათ და გაეყიდათ რაც სურდათ.

დაგვეთანხმებით, ალბათ, რომ 27 წლის ასაკში ეს ძალიან გასაგები სურვილია. მომხმარებლების კონფიდენციალურობისა და საკუთარი ანონიმურობის შესანარჩუნებლად, ულბრიხტმა პლატფორმა შექმნა დარქნეტში - ინტერნეტის ნაწილში, რომელიც ტრადიციული საძიებო სისტემებისთვის უხილავია. Silk Road ნაღდ ფულს, ან საკრედიტო ბარათებს არ იღებდა. მომხმარებლებს ბიტკოინებით გადახდა უწევდათ, რომლებიც ქსელში ცოტა ხნით ადრე გამოჩნდა. ყველა ტრანზაქცია დაშიფრული იყო და, შესაბამისად, მათზე თვალყურის დევნება ვერ ხდებოდა. ამ მოქმედებებმა საიტის მიმართ რამდენიმე სამართალდამცავი უწყების, მათ შორის გამოძიების ფედერალური ბიურო ნიუ-იორკის ელიტური კიბერ-ქვედანაყოფის ყურადღება მიიპყრო.

2013 წელს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 29 წლის ასპირანტი დანაშაულებრივი ვებგვერდის შემუშავებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ფაქტზე დააკავა. გამოძიება თითქმის 2 წელი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში პოლიციამ და გამოძიების ფედერალური ბიუროს გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ ვებგვერდი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ნარკომოვაჭრესა და მილიონამდე კლიენტს ერთმანეთის პოვნაში დაეხმარა. მოკლე დროში, 2011-დან 2013 წლამდე, ეს სასწაული წარმატება იყო. ამ შედარებით მოკლე პერიოდში Silk Road-მა დაახლოებით $200 მილიონის შოვნა შეძლო. ყოველი გარიგებიდან როსი საკუთარ წილს იღებდა, რომლის ოდენობა 5%-დან 15%-მდე მერყეობდა.

ანონიმური მოწმეების თქმით, Silk Road-ის ფორუმზე მომხმარებლებს დაკვეთილი მკვლელობების განხილვაც კი შეეძლოთ.

2015 წელს როს ულბრიხტი ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს და 2 უვადო პატიმრობა + 40 წელი მიუსაჯეს.

საზოგადოების აზრი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

გამოძიების ფედერალური ბიუროსა და მერილენდის საოლქო სასამართლოს პროკურორები ამ სასჯელს დამსახურებულად მიიჩნევენ, კრიპტოსაზოგადოების წევრები კი მას არაპროპორციულად მკაცრს უწოდებენ. ყველა განსაკუთრებით იმ ფაქტმა გააოცა, რომ სასამართლომ ულბრიხტის მიმართ ე.წ. კანონიერი ქურდების შესახებ დებულების გამოყენება მოითხოვა, რომელიც, როგორც წესი, მაფიისა და კარტელის ლიდერებისთვის არის განკუთვნილი. "უნივერსიტეტის 27 წლის ასპირანტი ნარკოკარტელის ლიდერის როლში. ეს რა, კომედიური შოუს სცენარია?" - ასეთი კომენტარებით იყო აჭრელებული ფორუმები და სოციალური ქსელები 2015 წელს.

როსი თანმიმდევრულად უარყოფდა ბრალდებებს, რომლებიც ანონიმურ ონლაინ-ჩატებში არსებულ მიმოწერას ეყრდნობოდა და რომელთა ავტორობას სასამართლო ვერ ამტკიცებდა. მათ კი, ვინც ბრალდებულს პირადად იცნობდა, ბრალდებების არასოდეს სჯეროდათ.

ერთადერთი იდენტიფიცირებული "მსხვერპლიც" კი, კერტის გრინი (ნიკნეიმით Chronicpain), როსის შეწყალების მგზნებარე მხარდამჭერია. გამოძიების დოკუმენტებში გრინი გადის როგორც ადამიანი, რომელიც Silk Road-ის მომხმარებლების მონაცემების გამხელით იმუქრებოდა და რომლის მკვლელობასაც, თითქოს, ულბრიხტი ამზადებდა.

Chronicpain-მა სასამართლოზე ოფიციალურად განაცხადა, რომ მისი მუქარა პოლიციისთვის ინფორმაციის გადაცემის შესახებ და როსის მხრიდან "მისი პოვნისა და მოკვლის" მუქარა, რომელიც პოლიციამ მათი პირადი მიმოწერიდან ამოიღო, მხოლოდ ონლაინ წაკინკლავება იყო და არც ერთის მხრიდან ამას არანაირი რეალური მოქმედება არ მოჰყვებოდა. მაგრამ სასამართლომ მისი ჩვენება არ გაითვალისწინა. 
ასევე ცნობილია, რომ „ნარკოტიკებით ვაჭრობა“, უმეტესწილად, მარიხუანას მცირე პარტიების გადაცემისგან შედგებოდა, რაც, სხვათა შორის, ვაშინგტონის, ორეგონის, ნევადის, მეინის, კალიფორნიის, კოლორადოს შტატებში ოფიციალურად ნებადართულია. მაგრამ სასამართლო პროცესი, ბრალდების მხარის მოთხოვნით, მერილენდში გაიმართა, სადაც კანაფის კულტივაციასა და მოხმარებაზე ყველაზე მკაცრი შეზღუდვებია.

პრინციპში, როსისთვის რისი ინკრიმინირებაც შესაძლებელი იყო, ესაა Silk Road-ის გამოყენება ჰაკერებისა და გატეხების დამკვეთების დაკავშირების, გატეხილი პლატფორმებიდან ამოღებული პირადი მონაცემების გაყიდვისა და ყალბი დოკუმენტებით ვაჭრობის მიზნებისთვის.

მაგრამ ასეთი ბრალდება გასაჩივრების უფლების გარეშე ორ უვადო პატიმრობას "ვერ ქაჩავს".

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამოღებული ბიტკოინების ფასი მარშალთა სამსახურის მიერ მათი გაყიდვის დროისთვის რამდენჯერმე გაიზარდა, თუმცა გაიყიდა დაკავების მომენტში არსებულ ფასად.

ადამიანებმა, რომლებმაც ისინი აუქციონზე იყიდეს (ტიმ დრეიპერი და ბარი სილბერტი) კრიპტოვალუტაში ინვესტიციებით არც თუ ცუდი კაპიტალი გამოიმუშავეს. საბაზო აქტივად კი სწორედ Silk Road-ისგან მიღებული 50,000 BTC იქცა.
Ross Ulbricht Photo: Julia Vie for Rolling Stone

Ross Ulbricht Photo: Julia Vie for Rolling Stone

რას საქმიანობს ამჟამად როს ულბრიხტი?

მკაცრი რეჟიმის ციხის, Florence High-ის პატიმარი დღეებს ხელოვნური ინტელექტის შესახებ წიგნებისა და ფიზიკის სახელმძღვანელოების კითხვაში ატარებს. დაშიფვრისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესახებ სტატიებს წერს და ინტერნეტში აქვეყნებს. მედიტირებს, აბიტურიენტებს GED-ის კურსებს უტარებს და ციხის ცხოვრებიდან დასამახსოვრებელ მომენტებს ფანქრით ხატავს.

ცოტა ხნის წინ კი როსმა Medium-ზე თავის გამომწერებს აუწყა, რომ საკუთარ NFT-ს ქმნის.

როს ულბრიხტის ციტატები

აბრეშუმის გზას" ადამიანებისთვის საკუთარი არჩევანის გაკეთების, საკუთარი ბედნიერებისკენ სწრაფვის თავისუფლება უნდა მიეცა, როგორც ისინი ამას საჭიროდ თვლიდნენ. ეს გულუბრყვილო და ძვირადღირებული იდეა აღმოჩნდა, რომელსაც ძალიან ვნანობ
ჩემს წინაშე პატიმრობის ათასწლეულებია გადაჭიმული. როდესაც ასეთ მომავალს - ამ გალიაში ჩემს შესაძლო სიბერესა და სიკვდილს თვალს ვუსწორებ, აზრსა და მიზანს ვეძებ
მაგრამ რასაც მივხვდი და რაც იმის იმედს მაძლევს, რომ კიდევ სხვა რამეს ვიპოვი, რისთვისაც სიცოცხლე ღირს, არის ის, რომ ჩემი ისტორია არ დასრულებულა. ის არ მთავრდება სიტყვებით „...შემდეგ კი ის დააპატიმრეს და მთელი ცხოვრება ციხეში გაატარა“. მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. მე ჯერ კიდევ აქ ვარ. მე სიტუაციის შეცვლა ჯერ კიდევ შემიძლია