სანქცირებულმა როსბანკმა დაიწყო ტრანსსასაზღვრო გადახდები კრიპტოში

ფოტო - სანქცირებულმა როსბანკმა დაიწყო ტრანსსასაზღვრო გადახდები კრიპტოში
რუსეთის საბანკო სისტემის საკვანძო მოთამაშე როსბანკი ნერგავს ტრანსსასაზღვრო გადახდებს კრიპტოვალუტის საფუძველზე. ივნისის დასაწყისიდან ბანკი საპილოტე გარიგებებს ახორციელებს როგორც კორპორაციულ, ასევე კერძო კლიენტებთანაც. ეს ყველაფერი ხდება დასავლეთის ფინანსური სანქციების გვერდის ავლით, რომელთა მიზანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შეჩერებაა.
2023 წლის თებერვლიდან მოკავშირეები რუსეთისთვის ფულზე წვდომის შეზღუდვას ცდილობენ. რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინულია ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და კანადაში. ასევე, მსხვილ რუსულ ბანკები საერთაშორისო ფინანსური შეტყობინებების სისტემა SWIFT-ში დაბლოკეს.

გავიდა წელიწადზე მეტი და როსბანკმა კრიპტოვალუტის მეშვეობით საერთაშორისო ანგარიშსწორების გამარტივების გზას მიაგნო. როსბანკის ახალ სერვისს მხარს უჭერს პლატფორმა B-crypto, რომლის სპეციალიზაცია ტრანსსასაზღვრო ანგარიშსწორებაა. მაინც, როგორია დასავლეთის ფინანსური სანქციების გვერდის ავლის სქემა?

რუსული ბიზნესი უცხოურ კონტრაგენტებთან კრიპტოვალუტის მეშვეობით გადახდის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. რუსი იმპორტიორები აგზავნიან ფიატს თავიანთ ანგარიშზე როსბანკში. ის ჯაჭვურად გადასცემს მას B-crypto-ს. პლატფორმა თანხებს კრიპტოვალუტაში აკონვერტებს და მას პროვაიდერის კრიპტოსაფულეში აგზავნის. ან პირიქით, დამკვეთის კრიპტოს B-crypto აკონვერტირებს რუბლებში, რომლებიც შემდეგ ირიცხება რუსი ექსპორტიორების ანგარიშებზე როსბანკში. რუსული პრესა ცალკე უსვამს ხაზს იმას, რომ კრიპტოპლატფორმა კრიპტოვალუტებს რუსეთის მეგობრულ ქვეყნებში ყიდულობს.

ეს გადაწყვეტილება რუსეთის ფინანსური ბაზრისთვის პრინციპულად ახალია. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ღიად აღიარებს, რომ ბიზნესები დიდი ხანია იყენებენ კრიპტოვალუტებს საგარეო ვაჭრობაში, ეს მეთოდი არალეგალური რჩება. ამავდროულად, ადგილობრივ ცენტრალურ ბანკს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს რუსეთის ფედერაციის ფინანსური ინფრასტრუქტურის ფარგლებს გარეთ განხორციელებულ ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციებში კრიპტოვალუტის გამოყენების წინააღმდეგ.

ამასთან, ცენტრალური ბანკი ქვეყნის შიგნით კრიპტოვალუტების შეუზღუდავ მიმოქცევას ეწინააღმდეგება. ასე, კანონი "ციფრული ფინანსური აქტივების შესახებ" შეიცავს პირდაპირ აკრძალვას რუსეთის ფედერაციის რეზიდენტების მიერ საქონლისა და მომსახურების კრიპტოვალუტით გადახდის შესახებ. ვირტუალური აქტივების ლეგალიზაციის შესაძლებლობა, ჯერჯერობით, მხოლოდ ექსპერიმენტული სამართლებრივი რეჟიმის ფარგლებში განიხილებოდა.

აღსანიშნავია, რომ დღეს რუსეთის ფედერაციის ტრანსსასაზღვრო გადახდების 50%-ზე მეტი არც დოლარში და არც ევროში ხდება. ამ ვალუტებს ტერორისტ ქვეყანაში "ტოქსიკურს" უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს ისინი ქვეყნებს შორის ფულადი გზავნილების დაახლოებით 80% უზრუნველყოფდა. რუსეთის საგარეო ეკონომიკური აქტივობის მთავარ "მაშველ რგოლად“ ჩინური იუანი იქცა. თანაც მოსახლეობასაც ახლა თავის "ხის" რუბლებზე  სწორედ ამ ვალუტის ყიდვა ურჩევნია.

შეგახსენებთ, რომ GNcrypto-სთან ინტერვიუში უკრაინის ეროვნული პოლიციის კიბერპოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა, ევგენი პანჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინა სერიოზულ ძალისხმევას მიმართავს იმისათვის, რომ პარტნიორმა ქვეყნებმა სასანქციო რეჟიმებში კრიპტოვალუტური ოპერაციებიც  შეიტანონ. ამ შემთხვევაში, კრიპტოს გამოყენება რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივ ანგარიშსწორებაში უკანონო იქნება და ამგვარ ფინანსურ ტრანზაქციებში მონაწილეებისთვის სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.