PayPal,OpenSea,Uniswap და სხვები: ვინ მოხვდა Fortune Crypto 40-ში

ფოტო - PayPal,OpenSea,Uniswap და სხვები: ვინ მოხვდა Fortune Crypto 40-ში
ამერიკულმა ბიზნეს ჟურნალმა Fortune გამოაქვეყნა კრიპტოკომპანიების თავისი პირველი რეიტინგი - Crypto 40. მასში ადგილი მოეძებნა როგორც გამოცდილ მოთამაშეებს, ასევე კრიპტოინდუსტრიის საინტერესო ახალბედებსაც.
უნდა ითქვას, რომ გამოცდილი კრიპტელების გაკვირვება კრიპტოკომპანიების მორიგი რეიტინგით საკმაოდ რთულია. შესაძლოა, სწორედ ამიტომ Fortune Crypto 40-ის ავტორებმა  ხაზგასმით აღნიშნეს: ისინი პირადი სიმპათიებითა და ანტიპათიებით არ ხელმძღვანელობდნენ. ისინი კრიპტობიზნესმენების ქარიზმის მიმართ გულგრილები არიან. საუბარია მხოლოდ კრიპტობაზრის ძირითად სეგმენტებში მოქმედი გარკვეული კომპანიების საბაზრო წილსა და პერსპექტივებზე.

Crypto 40 შედგება რვა კატეგორიისგან, ტრადიციული ფინანსებით დაწყებული DeFi სამყაროთი დამთავრებული, ვენჩურული  კაპიტალისტებით დაწყებული, იმ კომპანიებით დამთავრებული, რომლებიც ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფენ.
ინდუსტრია, რომელიც ოდესღაც კრიპტოტრეიდინგით განისაზღვრებოდა, ახლა გაცილებით ფართოა
, – აღნიშნავს Fortune Crypto-ს რედაქტორი ჯეფ რობერტსი.
თითოეული კატეგორიისთვის შედგენილია სია, რომელშიც ხუთი გამარჯვებული შედის. Fortune-ის აზრით, ამ კომპანიების უმეტესობამ დაამტკიცა, რომ პოტენციურად, მათ შესწევთ უნარი კიდევ ათწლეულების განმავლობაში ვითარდებოდნენ. ეს მიუხედავად მრავალი გამოწვევისა და პრობლემისა, რომლის წინაშე დღეს ინდუსტრია დგას.

Fortune Crypto-ს რედაქტორი ჯეფ რობერტსი გამარჯვებულებს ულოცავს

CeFi

ამ კატეგორიაში Fortune-მა გააანალიზა კრიპტობირჟების, სტეიბლკოინების ემიტენტებისა და კასტოდიანების მიღწევები და პოტენციალი. შეგახსენებთ, რომ CeFi (ცენტრალიზებული ფინანსები) სეგმენტში წარმოდგენილია ცენტრალიზებული მართვის მქონე პლატფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ წვდომას ციფრული აქტივების ბაზარზე.

წამყვანი CeFi კომპანიების ხუთეული ასეთია: Coinbase, Binance (ერთადერთი არაამერიკული კომპანია), Kraken, Galaxy Digital და Circle.

TradFi

TradFi კატეგორიას Fortune-მა მიაკუთვნა ტრადიციული ბანკები, ბირჟები და ფინტექ კომპანიები, რომლებმაც კრიპტოგრაფიასა და ბლოკჩეინში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა მოახერხეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, გამარჯვებულები გახდნენ ისეთი გიგანტები, როგორიცაა PayPal, Robinhood, JPMorgan Chase, Fidelity და Visa.

NFT

კატეგორია, რომელიც ფულის სამყაროს სულიერ და მატერიალურ ფასეულობებთან აერთიანებს. აქ Fortune-ის ექსპერტებმა შეაფასეს კომპანიები, რომლებიც წამყვანი NFT მარკეტპლეისების უკან დგანან. ავტორების თქმით, სარეიტინგო ადგილზე ზეგავლენა იქონია NFT ვაჭრობის მოცულობამ და მიღებულმა საკომისიო მოსაკრებელმა.

კატეგორიის ლიდერები: OpenSea, Yuga Labs (თავისი Bored Ape Yacht Club-ით), Sky Mavis, Art Blocks და RTFKT (Nike).

VC

მრავალ ვენჩურულ კომპანიას შორის შეირჩა ისინი, ვინც მინიმუმ 35 პროექტი დააფინანსა. ინვესტიციის მომგებიანობასთან ერთად,  გათვალისწინებული იყო გარკვეულწილად ეფემერული “რეპუტაცია” და “სოციალური პასუხისმგებლობა”. 

გამარჯვებულებად დასახელდნენ Polychain Capital, Animoca Brands, Andreessen Horowitz, Pantera Capital და Blockchain Capital.

მონაცემთა პროვაიდერები და ბლოკჩეინ ანალიტიკოსები

ამ კატეგორიაში კომპანიები მოზიდული დაფინანსებისა და დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით შეფასდა. ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კარგმა პაბლისითიმ.

შედეგების მიხედვით, Fortune-ის რეიტინგში მოხვდნენ - Chainalysis, Coin Metrics, The Graph, Dune და Messari.

ინფრასტრუქტურა

ინფრასტრუქტურული საწარმოები ხშირად კრიპტომოვლენების "კულისების მიღმა" დგანან. ესაა მაინინგ კომპანიები, აღჭურვილობის მწარმოებლები და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერები. Fortune Crypto 40 განიხილავდა მოთამაშეებს, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაცია $400 მილიონიდან იწყებოდა.

ერთ დროს, სწორედ ინფრასტრუქტურული კომპანიები დაეხმარნენ კრიპტოინდუსტრიას გამხდარიყო ტრილიონი დოლარის ბრუნვის მქონე დარგი. მათ შორისაა აპარატული საფულეების ფრანგული პროვაიდერი Ledger, მაინერები Genesis Digital Assets, Bitmain (მაინინგისთვის განკუთვნილი მანქანების უმსხვილესი  მწარმოებელი), Alchemy და Moonpay.

პროტოკოლები

ამ კატეგორიაში შეფასდა დეცენტრალიზაციის დონე, ფინანსური მაჩვენებლები, აქტიურობა პოპულარიზაციაში  და პროექტის უსაფრთხოება.

გამარჯვებულები - Ethereum Foundation, Bitcoin, Polygon Labs, Solana Foundation და Offchain Labs (Arbitrum).

DeFi

და ბოლოს, კატეგორია DeFi (დეცენტრალიზებული ფინანსები), რომელიც Fortune-ის რეიტინგს აბოლოებს. ჟურნალში ყურადღება გაამახვილეს პროტოკოლის კოდის აუდიტზე, DAO-ს მართვაზე, პროექტთან დაკავშირებული იურიდიული ორგანიზაციის არსებობაზე. ასევე გაითვალისწინეს Total Value Locked ($200 მლნ-დან) და მინიმუმ $100 ათასის ოდენობის ბრუნვა თვეში.
 
გამარჯვებული გახდა Uniswap Labs, რომელმაც უკან ჩამოიტოვა Lido, MakerDAO, Aave და Curve.

რეიტინგის შედეგები და გამარჯვებულები თითოეულ კატეგორიაში

წყარო: Fortune Crypto 40

წყარო: Fortune Crypto 40

აღსანიშნავია, რომ Fortune-მა თავისი კვლევის სრული მეთოდოლოგიის გამჟღავნებაზე უარი განაცხადა და ამის მიზეზად  საბაზრო კონკურენცია დაასახელა. ამასთან, გამოცემის ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მთლიანობაში, უპირატესობას მოქმედ კომპანიებს ანიჭებდნენ, და არა ახლებს. საქმიანობის მასშტაბს და ფინანსურ წარმატებას უფრო მეტი წონა ჰქონდა, ვიდრე პროექტის იდეოლოგიას, ან მის ინოვაციურობას. თუმცა, Fortune არ გამორიცხავს, ​​რომ ბაზრის ლანდშაფტმა, შესაძლოა, უახლოეს წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადოს. მიზანსწრაფული ახალბედები კი ბაზრის გამოცდილ მოთამაშეებს გამარჯვებულთა დაფნის გვირგვინებს ჩამოართმევენ.

Gagarin News-ის დოსიე

Fortune მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ბიზნეს გამოცემაა. ჟურნალის პირველი ნომერი გამომწერებმა 1930 წლის თებერვალში მიიღეს.

გამოცემის აქტივები მოიცავს Fortune 500™-სა და სხვა რეიტინგებს, რომლებიც ბიზნეს ეფექტურობისა და ბიზნეს რეპუტაციის ეტალონად იქცა.

Fortune Crypto 40 არის რეიტინგი, რომელიც ეფუძნება კომპანიების საქმიანობის შედეგებსა და 200 ფინანსური ხელმძღვანელის გამოკითხვას, რომელიც Researchscape-მა ჩაატარა.