როდის გახდება კრიპტოვალუტები მეინსტრიმი?
2023 წლის მარტის დასაწყისში აქტივების მართვის უმსხვილესმა ფრანგულმა კომპანიამ Amundi გამოაქვეყნა Thematic Paper (დოკუმენტი, რომელიც აანალიზებს კონკრეტულ თემას) კრიპტოვალუტების კრიზისის შემდგომი მომავლის შესახებ.
Amundi აღნიშნავს, რომ ერთი შეხედვით, 2022 წელს კრიპტოვალუტების ფასების დაცემამ, Luna-ს კრახმა და FTX-ის გაკოტრებამ გავლენა მოახდინა ინვესტორების აზრზე, რომლებიც დივერსიფიცირებული პორტფელის შექმნას ცდილობდნენ და დაადასტურა მათი შიში უზარმაზარი ვოლატილობის, ახალგაზრდა ბაზრისა და რეგულირების ნაკლებობის შესახებ. უფრო მეტიც, ისინი ამ ვარდნას ხედავენ, როგორც ტრადიციულ ბაზარზე კრიზისის გაძლიერებულ ვერსიას და 2023 წლის დასაწყისში ბიტკოინის ფასის ზრდა მხოლოდ აძლიერებს მათ მოსაზრებას სარისკო აქტივებთან დიდი კორელაციის შესახებ. მაგრამ Amundi თვლის, რომ კრიზისი, პირიქით, კრიპტოვალუტაში ინვესტირების შესაძლებლობებს ქმნის.
მაკროფაქტორები 2023
კომპანია აღნიშნავს, რომ სანამ მაღალი ინფლაციის გამო საბაზისო განაკვეთის აწევის ტრენდი ნარჩუნდება, ინვესტორები ძალიან პოზიტიურ სიახლეებს არ ელიან. მაგრამ, როგორც კი ის შემობრუნდება, შესაძლოა შეიქმნას ხელსაყრელი გარემო კრიპტოვალუტების, განსაკუთრებით ბიტკოინის ფასის ზრდისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მან ვერ შეძლო ინვესტორების აქტივების დაცვა 2022 წელს.
შემდეგ დადებით ფაქტორად Amundi ხედავს კრიპტოვალუტების შესაძლო გამოყენებას ბანკების, ფინანსური ინსტიტუტების ან კომპანიების მიერ ეკონომიკის სხვა სექტორებიდან. კომპანიებს შეუძლიათ შექმნან ახალი კრიპტოვალუტური პროდუქტები, მხარი დაუჭირონ არსებულებს ან განახორციელონ სხვა ინიციატივები: გადახდები, აქტივების ტოკენიზაცია, დაკრედიტება, თავის პროდუქტებში NFT-ს ინტეგრაცია. თუმცა, არ არის აუცილებელი, რომ კომპანიებმა გაიმეორონ 2021 წლის ტრენდები, როდესაც NFT-ები ყველაზე ხშირად ციფრული ხელოვნებისა და კოლექციონირების სფეროში გამოიყენებოდა.
Amundi ცალკე გამოყოფს DeFi სერვისებს და ზოგადად დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს და აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიის წინსვლასთან ერთად, ისინი შეიძლება უფრო ფართოდ გამოყენებადი გახდნენ და ახალი დაფინანსება მიიღონ, რაც მათ დაეხმარება, თავი დააღწიონ პირობით ცენტრალიზებულ მმართველობას, როდესაც პროექტის ტოკენების უმეტესი ნაწილი შემქმნელების ან მთავარი ინვესტორის ხელში რჩებოდა, რაც მათ საზოგადოების ნებისმიერი ინიციატივის დაბლოკვის საშუალებას აძლევდა.
კრიპტოვალუტების განვითარებაში სახელმწიფოების მონაწილეობასთან დაკავშირებით, კომპანია მოგვიწოდებს არ დავიკავოთ უკიდურესად ნეგატიური პოზიცია და მაგალითად მოჰყავს სალვადორი, რომელიც აჩვენებს, რომ ზოგიერთი ქვეყანა განიხილავს რეზერვების ნაწილის ბიტკოინში გადაყვანის ან გადახდის საშუალების სახით მისი ლეგალიზაციის შესაძლებლობას. მაგრამ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მცირე ქვეყნების გავლენამ გამოიწვიოს ხანგრძლივი ხარული ბაზარი, ამიტომ ასეთი სიახლეები მხოლოდ ადგილობრივ პოზიტივად აღიქმება.
ბოლო ფაქტორად Amundi ასახელებს CBDC-ს, რომელიც განსხვავდება კრიპტოვალუტებისგან იმით, რომ არ გულისხმობს ბლოკჩეინის გამოყენების ვალდებულებას, ხანდახან კი შემუშავებულია უბრალოდ ისეთ კრიპტოვალუტურ გამოწვევებზე პასუხის გასაცემად, როგორიცაა კერძო სტეიბლკოინები. ამის მიუხედავად, CBDC-ებს შეუძლიათ წაახალისონ ახალი შემუშავებები და უბიძგონ საზოგადოებას ციფრული აქტივების შესწავლისკენ.
წარუმატებლობა არ ნიშნავს დასასრულს
ზოგიერთმა ანალიტიკოსმა და ორგანიზაციამ 2022 წელს ნაჩქარევად უწოდა კრიპტოვალუტებს ყალბი აქტივები და დაბლოკვისა და გადაჭარბებული რეგულაციის მოწოდებით გამოვიდა. Amundi კატეგორიულად არ ეთანხმება ამას და ასახელებს მიზეზებს, თუ რატომ არ არის ასე:
1. ინვესტორებმა კრიზისი უნდა შეაფასონ, როგორც ბაზრის გაწმენდა ცუდი პროექტებისა და ჭარბი მოლოდინებისგან, რაც რეალისტური მიზნების ფორმირების საშუალებას მოგვცემს. ეს გზა ბევრმა ტექნოლოგიურმა აქციამ გაიარა, სანამ ამჟამინდელ სიმაღლეებს მიაღწევდა. უფრო მეტიც, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიტკოინმა ძლიერი ვარდნა აჩვენა. ყოველ ჯერზე მას ნაჩქარევად აცხადებენ მკვდრად, მაგრამ დროთა განმავლობაში ფასი მხოლოდ ახალ მაქსიმუმებს აჩვენებდა.
2. კრიზისის მიუხედავად, Ethereum გადავიდა PoW ტექნოლოგიიდან კონსენსუსის ახალ ალგორითმზე PoS, რამაც ენერგიის მოხმარება შეამცირა და მის მიმართ გარემოსდაცვითი საზოგადოების დამოკიდებულება გააუმჯობესა. ახლა პირველი დონის თითქმის ყველა კრიპტოვალუტა PoS ტექნოლოგიაზე მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ ენერგიის მოხმარების საკითხი ახლა ძირითადად ბიტკოინის სპეციფიკაა და არა ყველა კრიპტოვალუტის.
3. 2022 წლის კრიზისმა არა მხოლოდ ხელუხლებლად დატოვა კრიპტოვალუტების ძირითადი პრინციპები (დეცენტრალიზაცია, ტრანზაქციების უცვლელობა), არამედ გააძლიერა ისინი, ვინაიდან ყველა უარყოფითი მოვლენა დაკავშირებული იყო ცენტრალიზებულ მესამე მხარეებთან (ბირჟები, კრედიტორები, ჰეჯ-ფონდები). ამას მოჰყვა თაღლითი ფინანსისტების ტიპური ქცევა: გადაჭარბებული ლევერიჯი, ცუდი რისკ მენეჯმენტი ან აშკარა თაღლითობა.
4. ინსტიტუციონალური ინვესტორების ინტერესი შენელდა, მაგრამ არ ჩამქრალა. 2022 წელს კომპანიამ BlackRock შეიძინა წილი Circle-ში და მოახდინა თავისი პლატფორმა Aladdin-ის ინტერგრაცია Coinbase-თან, რითაც აჩვენა, რომ ფასების ზეწოლამ არ დააზარალა პოტენციური ინვესტიციები კრიპტოვალუტის განვითარებაში.
5. რეგულაცია ნაგულისხმევად უარყოფით ფაქტორად მიიჩნევა, მაგრამ ზოგადად დადებითი სიგნალია. მანამდე, განვითარებული ეკონომიკის მქონე დიდ ქვეყნებში, განიხილებოდა კრიპტოვალუტების პირდაპირი აკრძალვა, ახლა კი ასეთ მიდგომას მარეგულირებლები მხარს არ უჭერენ. გლობალური წესების ფორმირება რთულია, მაგრამ კრიპტოვალუტური სექტორის სტაბილური რეგულაციის მიღება დროის საკითხია.
კრიპტოვალუტა როგორც მეინსტრიმი
Amundi თვლის, რომ გლობალური რეგულაციის დამკვიდრებისა და კრიპტოვალუტების მრავლობითი რისკის შემცირების შემდეგაც კი (თაღლითობა, გატეხა, ეკოლოგია), არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ადამიანებისთვის მთავარი აქტივი გახდებიან. ბევრმა ექსპერიმენტმა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, ფინანსებით დაწყებული, მედიცინით დამთავრებული, დადებითი შედეგი გამოიღო ტექნიკური თვალსაზრისით, მაგრამ მასობრივი მოხმარების პროდუქტის სტატუსს ვერ მიაღწია. თუ ასე გაგრძელდა, მაშინ ინვესტორებმა შეიძლება საბოლოოდ დაკარგონ ინტერესი ამ სფეროს მიმართ. ერთადერთი გამონაკლისი იქნება ბიტკოინი, რომელიც განიხილება როგორც ღირებულების საცავი და არა როგორც დეცენტრალიზებული აპლიკაციის აქტივი.
ამ კუთხით ყველაზე ოპტიმალურად შეიძლება ჩაითვალოს ფინანსური სექტორი, ვინაიდან აქტივების ტოკენიზაცია გახსნის ფართო შესაძლებლობებს ტრადიციული აქტივებით განხორციელებული სხვადასხვა ოპერაციებისთვის. თუმცა, ახალმა პროექტებმა ჯერ ვერ ჩაანაცვლეს ადრინდელი გადაწყვეტილებები და ვერ დაიკავეს ბაზრის მნიშვნელოვანი წილი სამართლებრივი, ტექნიკური და პოლიტიკური პრობლემების გამო.
ამიტომ, პროექტის შემქმნელებმა მეტი დრო უნდა დაუთმონ ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების პოპულარიზაციას ჩვეულებრივ მომხმარებლებში, რადგან ამ ტექნოლოგიებს დიდი პოტენციალი აქვს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. მაგრამ, დიდი ალბათობით, პრობლემა ის არის, რომ კრიპტოვალუტებს უბრალოდ მეტი დრო სჭირდებათ, რომ გახდნენ მეინსტრიმი, როგორც ეს ტექნოლოგიებს წარსულში ემართებოდა.