SBF-ის მიღმა: ეიდენ პლეტერსკის გაკოტრება და გატაცება

ფოტო - SBF-ის მიღმა: ეიდენ პლეტერსკის გაკოტრება და გატაცება
თაღლითობაში ბრალდებული, კანადელი ეიდენ პლეტერსკი, რომელიც საკუთარ თავს "კრიპტომეფეს" უწოდებს, გაიტაცეს და აწამეს. არსებობს ვარაუდი, რომ მან ინვესტორები მოატყუა და $29 მილიონი კანადური დოლარით დააზარალა, ფულის უმეტესი ნაწილი კი მანქანებზე, ძვირადღირებულ დასვენებასა და კერძო თვითმფრინავზეც კი დახარჯა.
სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, ეიდენი ტყვეობაში 3 დღე იმყოფებოდა. გამოსასყიდის სახით ბოროტმოქმედები 3 მილიონ კანადურ დოლარს ითხოვდნენ. საბოლოო ჯამში, ის გაათავისუფლეს და დაემუქრნენ, რომ ვითარება მხოლოდ გაუარესდებოდა, თუ თანხას არ დააბრუნებდა. კანადის პოლიცია და ადვოკატები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.

დავა ეიდენის გაკოტრების საქმეზე 2022 წლიდან მიმდინარეობს და ინვესტორებს, რომლებმაც სასამართლოს გზით $1,6 მილიონის დაბრუნება მოახერხეს, ახლა დანარჩენი სახსრების უკან მიღება სურთ.

სად წავიდა ფული?

დაზარალებულების მიერ დაქირავებული ადვოკატი ნორმან გრუტი მიიჩნევს, რომ გაჟღერებული თანხა მხოლოდ პირველი ნაბიჯია, საბოლოო მოთხოვნა კი ბევრად უფრო დიდი იქნება. არსებული ცნობებით, პლეტერსკიმ ანგარიშზე დაახლოებით $41  მილიონი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელს ჯერ ყველა ინვესტორი არ შეუერთდა.

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ეიდენმა მოაწყო მასშტაბური პონცის სქემა, კრიპტოვალუტაში ჩადო მხოლოდ $500 000-მდე და $362 000-ად დაიქირავა საწყობი, სადაც ნაღდ ფულს ინახავდა. დანარჩენი თანხა კი მან ძვირადღირებულ სასახლეებსა და მანქანებში დახარჯა. ის ფლობდა ათეულობით სპორტულ მანქანას, მათ შორის იშვიათ McLaren Senna-ს, რომლის ღირებულებაც $1 მილიონს აღემატება. მათ სურათებს ის თავის  Instagram-ში აქვეყნებდა. 

თავად პლეტერსკი პონცის სქემის შექმნას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ ფული კრიპტოვალუტებსა და ტრადიციულ აქტივებში ჩადო, მაგრამ 2021 წლის ნოემბერში, ბიტკოინის ფასის დაცემის გამო, თითქმის მთელი თანხა დაკარგა.
ამასთან, ვფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ სიხარბემ მძლია, მე ვიკავებდი ძალიან აგრესიულ პოზიციებს და ვცდილობდი მოგების მიღებას, რაც, როგორც ჩანს, შეუძლებელი იყო, ან არ იყო შესაძლებელი იმ დროს, რამაც გამოიწვია კიდევ უფრო დიდი დანაკარგები
, – © ეიდენ პლეტერსკი
საბოლოო ჯამში, ინვესტორები ეჭვმიტანილის მთელი ქონების გაყიდვასა და თანხის დაბრუნებას ითხოვენ.

განსხვავება მხოლოდ მასშტაბშია

სამწუხაროდ, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული გახმაურებული სკანდალების გამო, საცალო მომხმარებლების მოტყუების საკითხს ცოტა დრო ეთმობა. მაგრამ, კანადის პროვინციის ახალი შოტლანდიის ფასიანი ქაღალდების კომისიის განცხადებით, 2021 წლიდან კრიპტოთაღლითებმა ჩრდილოეთ ამერიკაში $1 მილიარდზე მეტი მოიპარეს. ეს ნიშნავს, რომ ისინი კვლავ ძლიერდებიან, ფულის გამოძალვის კლასიკურ სქემებს იყენებენ და სარგებლობენ იმით,  რომ ადამიანებს ახალი ბაზრების   შესახებ ნაკლები ცოდნა აქვთ.

ფულის გამოძალვა ფეიკების შექმნით, პლეტერსკის მსგავსი წარმატებული ტრეიდერის იმიჯის გამოყენებით, ან ვითომ სტეიკინგიდან მიღებული დიდი პროცენტის, ავტომატური ვაჭრობისა და მინდობილი მართვის დაპირებით, კრიპტოვალუტური თაღლითობის მთავარ მეთოდებად ინვესტიციების ყველა დონეზე რჩება. ძალიან ხშირად, კრიმინალები,  მავნე ფაილების კომპიუტერში ჩამოტვირთვის გზით, იღებენ არა მხოლოდ ფულს, არამედ წვდომას ადამიანის ტექნიკაზეც.

ხელისუფლება კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, არ მიიღონ მონაწილეობა კრიპტოვალუტაში განხორციელებულ  ინვესტიციებში, თუ ის აქტივების საეჭვო მესამე მხარისათვის გადაცემას გულისხმობს, რადგან ასეთ შემთხვევებში ფულის დაბრუნების შანსი ნულის ტოლია.

ენდე, მაგრამ შეამოწმე

პატიოსანი გლობალური მოთამაშეებისა და DeFi-ს არსებობის მიუხედავად, კრიპტობაზარი მესამე მხარის თაღლითობის რისკებს ვერასოდეს ჩამოიცილებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა უგულებელყოთ ცენტრალიზებული ბირჟები, ან უარი თქვათ ინვესტირებაზე. პირიქით, სახსრების განაწილების ინსტრუმენტების არჩევისადმი კრიტიკული მიდგომა საშუალებას მოგცემთ, შეამციროთ რისკები და შესაძლო დანაკარგები უარყოფითი სცენარების შემთხვევაში. წარმატებული ინვესტიცია ხომ გარკვეული პლატფორმის, ან ადამიანის მიმართ ბრმა ნდობა კი არ არის, არამედ, პირველ რიგში, ხარისხიანი განათლება და თქვენი ფინანსების დამოუკიდებელი მართვაა, ყველა შესაძლო რისკის აღიარებით.