ბიტკოინი მემკვიდრეობით: ინტერვიუ ადვოკატთან

icon BTC
icon FOR
ფოტო - ბიტკოინი მემკვიდრეობით: ინტერვიუ ადვოკატთან
ყველამ ვიცით მარტივი ჭეშმარიტება: ვისი გასაღებიცაა, მისია კრიპტოვალუტაც. მაგრამ რა ვქნათ, თუ გასაღების მფლობელი სხვადასხვა მიზეზის გამო იცვლება? როგორ მივიღოთ კრიპტოვალუტა მემკვიდრეობით, ან გავიყოთ ის განქორწინებისას კანონის დარღვევის გარეშე? როგორ ხდება კრიპტოვალუტის დაყადაღება უკრაინაში?
პასუხებისთვის ადვოკატს, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატს, დანილო კრავცოვს მივაკითხეთ.

GN: გამარჯობა, დანილო! მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ და კრიპტოვალუტების გამოყენების ზოგიერთიიურიდიულ ასპექტს აგვიხსნით.

გვინდა, რამდენიმე საკითხი განვიხილოთ, რომელთა შესახებ ქსელში მცირე ინფორმაციაა.

დავიწყოთ იმ შემთხვევებით, როდესაც კრიპტოვალუტა კომპანიის გაკოტრების,  ან მისი მფლობელი მოქალაქის სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევაში დაყადაღებულია. ვიცით, რომ ასეთი პრეცედენტები უკვე ყოფილა.

რომელი კანონი არეგულირებს ასეთ ქმედებებს?
 
დკ: სხვადასხვა ქვეყანაში ვირტუალური აქტივების საკანონმდებლო რეგლამენტაციის დონე განსხვავებულია. ამ დროისთვის 50-ზე მეტ ქვეყანაში კრიპტოვალუტით ოპერაციების პირდაპირი ან ირიბი აკრძალვაა დაწესებული. ამავდროულად, იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც კანონმდებლობა არა მხოლოდ ვირტუალურ აქტივებს აკანონებს, არამედ მათი გამოყენებით განხორციელებული  გარიგებებიდან მიღებულ შემოსავლებზე გადასახადის გადახდასაც ავალდებულებს, სხვადასხვა შეფასებით, დიდი ხანია, 100-ს აჭარბებს! ინდუსტრიის ლიდერებს შორის, მაგალითად, არის ავსტრალია, სინგაპური, ლიტვა, ესტონეთი, იაპონია, სადაც ვირტუალური აქტივები კაპიტალის ბაზრის სრულფასოვანი პროდუქტია: გადახდის საშუალება, ინვესტიციის ობიექტი და ა.შ. ბუნებრივია, ასეთი სამოქალაქო უფლებების ლეგალური ობიექტი შეიძლება, ვალდებულების უზრუნველყოფის ზომაც იყოს.

GN: შეგიძლიათ, კონკრეტული მაგალითები მოიყვანოთ?

დკ:  რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილია ვირტუალური აქტივების დაყადაღების პრეცედენტებიც. დაყადაღების პროცედურების თავისებურებებზე საუბარი რთული იქნება არა მხოლოდ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული განსხვავებული კანონმდებლობის, არამედ სამართლის განსხვავებული სისტემების გამოც. თუმცა სხვადასხვა კონტინენტიდან მაგალითების მოყვანა სავსებით შესაძლებელია. 

GN: მოდით, რომელიმე ერთი ქვეყნის მაგალითზე განვიხილოთ. როგორ ხდება დაყადაღება, მაგალითად, აშშ-ში?

დკ: აშშ-ში გაკოტრების შესახებ კოდექსის გამოყენება და, შესაბამისად, მოვალის აქტივების დაყადაღების პროცედურები ასეთი აქტივის ტიპზე, გადახდისუუნარო სუბიექტის სტატუსზე, მისი რეგისტრაციის ადგილსა თუ მდებარეობაზეა დამოკიდებული. კოდექსის მიხედვით, მოვალის ქონება მოიცავს „საქმის აღძვრის დროს მოვალის ყველა კანონიერ თუ სამართლიან ქონებრივ ინტერესს“, არ აქვს მნიშვნელობა, სად მდებარეობს ეს ქონება და ვის ეკუთვნის ის. 

გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოები იმ ქონებრივი ინტერესების სპექტრის ინტერპრეტაციისადმი ფართო მიდგომის მომხრეები არიან, რომლებიც მოვალის საკუთრებას წარმოადგენს. შესაბამისად, მოვალის მფლობელობაში არსებული ვირტუალური ვალუტები ტრადიციულად, განიხილება, როგორც ამ მოვალის საკუთრების ნაწილი.

რა თქმა უნდა, მფლობელობის ანონიმურობის გამო, ასეთი ქონების, როგორც მოვალის კუთვნილების იდენტიფიკაციის პრობლემა არსებობს. ასეთ შემთხვევებში, აშშ-ის მართლმსაჯულება მოვალის მიერ გამოყენებული ვირტუალური ვალუტების მისამართების, საჯარო და პირადი გასაღებების, ბირჟების, ციფრული საფულეების, ფინანსური და სხვა ანგარიშის ამონაწერების, ელექტრონული ფოსტისა და ვირტუალური ვალუტის გამოყენებით ტრანზაქციების დამადასტურებელი სხვა მონაცემების დასადგენად KYC-ის მონაცემებს, ოპერატიულ საგამოძიებო ინსტრუმენტებს, სასამართლო ფიცით, ტყუილის გამოაშკარავების, სასამართლოში მოწმეებისა და გადახდის ინფრასტრუქტურის წარმომადგენლების ჩვენებების შემთხვევაში სასჯელის,  საჯარიმო სანქციების შიშით, აქტივების დეკლარირებას იყენებს. ვინაიდან უამრავი კრიპტობირჟება და სხვა სუბიექტი, რომლებიც ვირტუალურ ვალუტებით ბიზნესს აწარმოებს, აშშ-ის ფარგლებს გარეთ მდებარეობს და მართლმსაჯულების ორგანოების იურისდიქცია მათზე არ ვრცელდება, ამ შემთხვევაში გაკოტრების პროცესი აშშ-ის ფარგლებს გარეთ მსგავსი უცხოური პროცედურების აღიარებით ხორციელდება. 

ასე მოხდა იაპონური კრიპტობირჟის "MtGox Co Ltd", ახალი ზელანდიის "Cryptopia Ltd"-ის გაკოტრების შემთხვევაში. შეიძლება, ითქვას, რომ მოვალის გადახდისუუნაროდ გამოცხადების თითქმის ყველა შემთხვევაში, უზრუნველყოფის ზომის სახით, აქტივების, მათ შორის ვირტუალურის დაყადაღება გამოიყენება. 

GN: რა ხდება ამ კუთხით უკრაინაში? 

დკ: უკრაინის სამართალაღსრულების პრაქტიკაში ვირტუალური აქტივების დაკავების არაერთი მაგალითი არსებობს, მათი გასხვისებისა და განკარგვის აკრძალვის სახით. განსაკუთრებით აღსანიშნავია უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების იურისდიქციის ქვეშ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმები.

ამასთან, კონკრეტული პირის ვირტუალური აქტივების საკუთრების მტკიცებულებად ითვლება: მობილურში  კრიპტობირჟების აპლიკაციების, კრიპტოგადამცვლელი სერვისების, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილი კრიპტოსაფულეების seed-ფრაზების, მომხმარებლის მიერ ვირტუალური აქტივების გადასარიცხად შექმნილი კრიპტოკოდების, ვირტუალური აქტივების განაღდების მიზნით წარმოებული მიმოწერის შესახებ ინფორმაციის, სქრინშოტების არსებობა და ა.შ. მაშინაც კი, თუკი არსებობს არგუმენტები, რომ ვირტუალური აქტივები სხვას ეკუთვნის, სასამართლოს გადაწყვეტილება დაყადაღების შესახებ ძალიან პრობლემატურია.

დაახლოებით, ამ სცენარით ხორციელდება სხვა ვირტუალური აქტივების დაყადაღებაც, რომლებიც კრიპტოვალუტას არ წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ასეთი გადაწყვეტილებების აღსრულება საკმაოდ რთულია ხოლმე, მთავარი, რაც მომხმარებელს უნდა ახსოვდეს, ისაა, რომ ვირტუალური ვალუტის ფლობის ანონიმურობა სამართალდამცავი ან ფისკალური ორგანოების პრეტენზიების შემთხვევაში მისი დაცულობის გარანტია სულაც არ არის.
 
GN: არც კი ვიცით, რა არის უარესი: ამერიკულ სასამართლოში შემოსავლების დეკლარირება, თუ უკრაინულში მტკიცება, რომ ტელეფონში არსებული კრიპტოაპლიკაციები სულაც არ ნიშნავს, რომ შენ ეს კრიპტოვალუტა მართლა გაქვს. 

მოდით, უფრო ამქვეყნიურ თემებზე გადავიდეთ. როგორ გავიყოთ კრიპტოვალუტა, მაგალითად, განქორწინების დროს? ჩვენ ვიცით, რომ ის ქონების ნაწილივით იყოფა, თუმცა ასეთი სასამართლო საქმეები ჯერ არ ყოფილა. თქვენ თუ გაქვთ ასეთი ინფორმაცია?
 
დკ: უკრაინის სასამართლო პრაქტიკაში გვხვდება ვირტუალური აქტივების (კრიპტოვალუტების) სახით ერთობლივად შეძენილი ქონების გაყოფის სასამართლო საქმეები. პრაქტიკულად, ყველა გადაწყვეტილება ასეთ შემთხვევებში მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშეა მიღებული. ასეთი გადაწყვეტილებების მიზეზი კვლავ ასეთი აქტივების საკუთრების ანონიმურობაა. სასამართლომ უტყუარად უნდა დაადგინოს ისეთი ქონების (ფინანსური აქტივის) არსებობის ფაქტი, რაც, მხარეთა ინტერესების დაპირისპირების პირობებში, თითქმის შეუძლებელია. ამიტომ, სასამართლო მისი გაყოფის მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს, ვინაიდან კრიპტოაქტივის არსებობისა და მიღების წყაროს შემოწმება შესაძლებელია (მაგალითად, ციფრული ანგარიშის (საფულის) მისამართის შემოწმებით, რომელზედაც  კრიპტოვალუტა ინახება), თუმცა, არცერთ მხარეს არ შეუძლია და არ სურს ასეთი ინფორმაციის მიწოდება (ისევე, როგორც ასეთი ფინანსური აქტივის არსებობის სხვა მტკიცებულება), სასამართლო მისი დაყოფის მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

შესაბამისად, როგორც ნებისმიერ სხვა კონფლიქტურ სადავო სიტუაციაში, აქაც  შეგვიძლია, მეუღლეებს პატიოსანი და ნებაყოფლობითი შეთანხმებისკენ სწრაფვა ვურჩიოთ.
 
GN: დანილო, თუ იცით უკვე ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც მემკვიდრეებმა კრიპტოვალუტაზე, როგორც მემკვიდრეობის ნაწილზე გამოთქვეს პრეტენზია? თუ არა, მაშინ ვარაუდი ვცადოთ, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ეს?
 
დკ: ვინაიდან კანონი „ვირტუალური აქტივების შესახებ“ ძალაში ჯერ არ შესულა, მათზე, როგორც სამოქალაქო უფლებების სრულუფლებიან ლეგალურ ობიექტზე, ვერ ვისაუბრებთ. თუმცა, თუ სადავო ურთიერთობები კანონით არ რეგულირდება, სასამართლო მსგავსი შინაარსის ურთიერთობების მარეგულირებელ კანონს (სამართლის ანალოგია) იყენებს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სასამართლო კანონმდებლობის ზოგადი პრინციპებიდან (სამართლის ანალოგი) გამომდინარეობს. ამ პრინციპებით ხელმძღვანელობისას, უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ კრიპტოვალუტის ან სხვა ვირტუალური აქტივების სახით არსებული ქონება მემკვიდრეობითია და კანონით მემკვიდრეებს შორის უნდა გაიყოს.

უკრაინაში კანონმდებლობა, ფორმალურად, სიკვდილის შემთხვევაში ქონების განკარგვის რეგისტრაციის შესაძლებლობაში ნოტარიუსს არ ზღუდავს. ანდერძის გაფორმებისას ნოტარიუსი მხოლოდ მოანდერძის ნებას აფიქსირებს, ქონებაზე მისი უფლებამოსილების შემოწმების გარეშე. სამკვიდროს დაუფლების ეტაპზე ასეთი ქონების არსებობის დადასტურების ტვირთი მემკვიდრეებს ეკისრება.  მისი არსებობის დოკუმენტური მტკიცებულება სწორედ მათ და არა ნოტარიუსმა უნდა წარმოადგინონ. 

GN: კარგი, წარმოვიდგინოთ, რომ მემკვიდრეებმა ზუსტად იციან, რომელ ბირჟაზე ვაჭრობდა ბიტკოინებით მათი მდიდარი ბიძა. რა უნდა მოიმოქმედონ ამ შემთხვევაში?

დკ: თუ ვსაუბრობთ კრიპტოსაფულეების, ან კრიპტობირჟებზე არსებული ანგარიშების მემკვიდრეობის წესებზე, მათ ასეთი სერვისის მფლობელი სამომხმარებლო ხელშეკრულებაში იმ იურისდიქციის კანონმდებლობის შესაბამისად ადგენს, სადაც იურიდიული პირია რეგისტრირებული.

თუ განვაზოგადებთ, ასეთი გადაცემის ყველა მეთოდის დაყოფა ორ ჯგუფად არის შესაძლებელი:

1. კანონით გათვალისწინებული ტრადიციული მექანიზმები: ანდერძი, სპეციალური განკარგულება სერვისისადმი ანგარიშის მფლობელის გარდაცვალების შემთხვევაში ქმედებების შესახებ, მინდობილობა, აფიდევიტი და სხვა;

2. ტექნოლოგიური: გარდაცვალების მოვლენამდე გადავადებული გადახდის სისტემები ან ანგარიშზე გადავადებული წვდომის სისტემები (არც ისე გავრცელებულია).

სამწუხაროდ, ბევრ მაგალითს ვერ მოვიყვან, რადგან კრიპტოსერვისების მფლობელებს ურჩევნიათ, არაფერი თქვან იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში. ისინი მხოლოდ იმ ზოგადი ფრაზით შემოიფარგლებიან, რომ ანგარიშზე არსებული თანხები იყინება, მემკვიდრეობის საკითხები კი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წყდება.

GN: რამე მუშა ალგორითმი თუ იცით?

დკ: ბირჟის მოქმედებების ზოგადი ალგორითმი შეიძლება, იყოს შემდეგი (მოქმედებების მსგავსს ალგორითმებს Coinbase და Gemini ითვალისწინებს): მემკვიდრე KYC-პროცედურას გადის და შემდეგ დოკუმენტებს წარადგენს (გასათვალისწინებელია, რომ იურისდიქციის მიხედვით ბირჟები, განაცხადი, ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს ლეგალიზებული და ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანთან ერთად წარმოდგენილი):

- ანგარიშის მფლობელის გარდაცვალების ცნობა;
- კრიპტოვალუტის მფლობელსა და მემკვიდრეს შორის ნათესაური კავშირის დადასტურება (ქორწინების, დაბადების ან სხვა მოწმობა);
- ანგარიშის გარდაცვლილი მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც KYC-სთვის იყო გამოყენებული;
- მემკვიდრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- მემკვიდრის ფოტოსურათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით;
- ანდერძი;
- მოწმობა ან სხვა დოკუმენტი მემკვიდრეობის უფლების შესახებ, რომელშიც მითითებულია კრიპტოვალუტის გარდაცვლილი მფლობელის ანგარიშის ელექტრონული ფოსტის მისამართი.

მემკვიდრის განცხადებასა და დოკუმენტებს კრიპტობირჟა სამკვიდრო უფლებების არსებობისა და საკმარისობის კრიტერიუმით ამოწმებს და გადაწყვეტილებას არსებითად იღებს. თუ წარმოდგენილი დოკუმენტები საკმარისი და დამაჯერებელია, მამკვიდრებლის ანგარიშიდან კრიპტოვალუტის აქტივები მემკვიდრის ანგარიშზე ჩაირიცხება.

ისევ გავიმეორებ, ამ ღონისძიების წარმატების საკვანძო საკითხი მემკვიდრეების მიერ ელექტრონული ფოსტის, ან ტელეფონის შესახებ ინფორმაციის ფლობაა, რომელზეც მოანდერძემ შესაბამის კრიპტოვალუტის სერვისში ანგარიში გახსნა. 

GN: რა ვუყოთ აპარატულ საფულეებს? მართლაც, ხომ არ მივუთითებთ seed-ფრაზას ანდერძში, არა?

დკ: თუ ვსაუბრობთ ე.წ. "ცივ საფულეებზე" არსებული ვირტუალური აქტივების მემკვიდრეობაზე, მაშინ მეთოდები უფრო გასაგები, მაგრამ ნაკლებად სანდოა, რადგან საიდუმლო ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემას ითვალისწინებს: საბანკო უჯრა, ელექტრონულ მონაცემთა დაშიფრულ საცავში ანგარიშის შესახებ ინფორმაციის შენახვა, კრიპტოსაფულეზე წვდომის შემცველი დოკუმენტების ნოტარიუსისთვის შესანახად გადაცემა.

ვირტუალური აქტივების თითოეულმა მფლობელმა იცის, რომ ბინის, ან სხვა უძრავი ქონებისგან განსხვავებით, სადაც მესაკუთრე რეესტრშია მითითებული, კრიპტოაქტივის კონკრეტული პირის მიერ ფლობა არა იურიდიული, არამედ ფაქტობრივი საკითხია. კრიპტოვალუტას ფლობს ის, ვინც "ცივი" საფულის გასაღები, პაროლი, seed-ფრაზა, ან ბირჟის ანგარიშზე წვდომისთვის login-ისა და პაროლის კომბინაცია იცის. ამიტომ, ასეთი საქმის სასამართლო პერსპექტივები კრიპტოაქტივის არსებობის შესახებ სანდო ცოდნისა და დოკუმენტური მტკიცებულებების გარეშე ბუნდოვანი ჩანს. სასამართლოს უბრალოდ არ აქვს დავის საგნის გააზრება და შედეგად, გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია.

ასევე უნდა აღინიშნოს ჩვენი ეროვნული სასამართლო სისტემის კიდევ ერთი უარყოფითი ფაქტორი - ვირტუალური აქტივების ბუნებისა და კანონების გაცნობიერების დაბალი დონე. ეს ყველაფერი არც თუ სასიხარულო პროგნოზს იძლევა.
 
GN: დანილო, არის თუ არა ეს კავშირში იმასთან, თუ რომელი ქვეყნის სასამართლო განიხილავს საქმეს? 

დკ: დარწმუნებით შეიძლება, ითქვას, რომ მემკვიდრეებისთვის ყველაზე ხელსაყრელი იქნება სასამართლო პროცესი, რომელიც არა სამართლებრივი გაურკვევლობის პირობებში, არამედ განვითარებული სპეციალიზებული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მქონე ქვეყნებში წარიმართება. ასეთებს შეიძლება, ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, იაპონია მივაკუთვნოთ.
 
GN: მემკვიდრეობის რა გადასახადების გადახდა მოგვიწევს უკრაინაში? 
 
დკ: უკრაინაში ფიზიკური პირის მიერ მემკვიდრეობითი ქონების ღირებულების სახით მიღებული შემოსავალი, ზოგადი წესით,  ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადსა და სამხედრო დაბეგვრას ექვემდებარება. 

პირადი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი  მემკვიდრის კატეგორიის მიხედვით იცვლება - ახლო ნათესავი/ოჯახის წევრი, მოქალაქეების სოციალურად დაუცველი კატეგორიები, არარეზიდენტი მოანდერძე და 0-დან 18%-მდე მერყეობს. სამხედრო დაბეგვრა 1,5%-ს შეადგენს.

თუმცა, ყველაზე დიდ პრობლემას ასეთი მემკვიდრეობითი ქონების ღირებულების განსაზღვრა და მისი ფასის არასტაბილურობა წარმოადგენს. ეს საკითხები უკრაინულ რეალობაში ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არ არის.
 
GN: არიან თუ არა უკრაინაში იურისტები, რომლებიც მზად არიან, ასეთ საქმეებს მოჰკიდონ ხელი? ეს ამოცანები განსაკუთრებულ სპეციალიზაციას მოითხოვს?

დკ: მართალი გითხრათ, ინტერვიუსთვის მომზადებისას მინდოდა, რამდენიმე საკითხზე კონსულტაცია მოქმედ უკრაინელ ნოტარიუსებთან გამევლო. მე თვითონ დამაკლდა სამართლებრივი პროცედურების გაგება, რომლებიც ნოტარიუსმა უნდა განახორციელოს სამემკვიდრეო საქმის გახსნისას, რომელშიც ვირტუალური აქტივები სამკვიდრო საკუთრების შემადგენლობაში შედის. სამწუხაროდ, ვერცერთმა მათგანმა ასეთი ამოცანის პერსპექტივის შესახებ მინიმალური დარწმუნებითაც ვერ მიამბო. არ არსებობს საკანონმდებლო რეგულაცია, არ არსებობს სამართალაღსრულების გასაგები და გამჭვირვალე პრაქტიკა.

რა თქმა უნდა, კრიპტოსაკითხებში კლიენტის ინტერესების დაცვისთვის, ადვოკატს გარკვეული პროფილური ცოდნა სჭირდება. სულ მცირე, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის, კრიპტობირჟებისა და მათი პროცედურების, ელექტრონული საფულეების, გადამცვლელი სერვისების ფუნქციონირების პრინციპების შესახებ საბაზო ცოდნაა საჭირო.

GN: და ბოლო კითხვა. პირადად თქვენ თუ დათანხმდებოდით სასამართლოში კრიპტოკლიენტის ინტერესების დაცვას?

დკ: მიუხედავად რისკისა, რომ პროფესიულ იურიდიულ გარემოში (ნოტარიუსები, მოსამართლეები, სახელმწიფო უწყებები და ა.შ.), შესაძლოა, ამ პრობლემატიკის არასათანადოდ გაგებას წავაწყდე, ასეთ შემთხვევებზე უარს არ ვიტყოდი. კანონის ძალაში შესვლამდე, დროა, უკრაინული პრაქტიკა ჩამოყალიბდეს.