პარიზში Burger King გაჯეტების დამუხტვაში კრიპტოვალუტას იღებს
სწრაფი კვების ქსელი Burger King პარიზში იწყებს კოლაბორაციას გადახდის სისტემებთან Alchemy Pay და Binance Pay. ახლა Instpower-ის აპარატებში პაუერბანკის ქირის გადახდა კრიპტოვალუტითაა შესაძლებელი.
ამიერიდან, პარიზში მდებარე Burger King-ის ფილიალებში Instpower-ის გარე აკუმულატორების გაქირავების ავტომატები განთავსდება. Alchemy Pay-სა და Binance Pay-თან თანამშრომლობის წყალობით, კრიპტოთი გადახდის შემდეგ, პაუერბანკებით სარგებლობას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.
წყარო: alchemypay.medium.com
პარიზის Burger King-თან თანამშრომლობამ ევროპაში ოპერირების კუთხით ახალ დონეზე გადაგვიყვანა. Instpower-ის მანქანები მომხმარებელს თავიანთი მოწყობილობების გზაში დატენვის საშუალებას აძლევს. ეს პაუერბანკები ფართოდ გავრცელებულია აზიაში, მაგრამ ევროპული ბაზარი მათ ათვისებას ახლა იწყებს, - განაცხადა Instpower-ის ევროპული წარმომადგენლობის, Flash Development-ის CEO-მ, იან ფუმ.
ფუ ხაზს უსვამს, რომ ამიერიდან ევროპელებისთვის გაჯეტების დამუხტვისა და ამ სერვისის გადახდის ინოვაციური გზებია ხელმისაწვდომი. Instpower-ის უპირატესობების შეფასებას შეძლებენ მოგზაურები, ან პარიზელები, რომლებსაც გაჯეტების დატენვა სახლიდან მოშორებით დასჭირდათ.
ეს Burger King-სა და Web3 პროექტების პირველი თანამშრომლობა არ არის. 2021 წელს NFT მარკეტპლეის Sweet-თან ერთად მან წამოიწყო ინიციატივა Keep It Real Meals. ის საშუალებას აძლევდა რესტორნის მომხმარებლებს, განებლოკათ წვდომა ცნობილი მუსიკოსების NFT კოლექციებზე და მიეღოთ სხვადასხვა ჯილდოები. ასევე, Robinhood-ის მხარდაჭერით, Burger King-მა ლოიალობის პროგრამის მონაწილეებს შორის გაათამაშა საპრიზო ფონდი, რომელიც Bictoin-ისგან, Ethereum-ისა და Dogecoin-ისგან შედგებოდა.
Instpower-ის შესახებ
Instpower არის ჰონგ-კონგური კომპანია, რომლის სპეციალიზაცია აკუმულატორების გაქირავებაა. ის 2019 წელს დაარსდა და ოთხ წელიწადში ამ სფეროს ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი გახდა.
წყარო: Twitter
ბრენდი, რომელიც ელექტრონიკის წამყვან მწარმოებლებთან, Anker-სა და Sunwoda-სთან თანამშრომლობს, თავის მომსახურებას მსოფლიოს 13 ქვეყანაში გვთავაზობს. ლოკაციების რაოდენობა, სადაც პაუერბანკის დაქირავებაა შესაძლებელი, 14 ათასს აჭარბებს.
როგორ მუშაობს სერვისი? აკუმულატორის მისაღებად, თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Instpower-ის აპლიკაცია. მისი მეშვეობით, შეგიძლიათ იპოვოთ ინფორმაცია უახლოესი დამტენი სადგურების შესახებ, დაასკანეროთ QR კოდი მანქანაზე, გადაიხადოთ სერვისის საფასური და შემდეგ დააბრუნოთ პაუერბანკი რუკაზე მითითებულ ერთ-ერთ ლოკაციაზე.
წყარო: instpower.com
ჩამონტაჟებული კაბელები Lightning, micro-USB და Type-C პორტებისთვის ესადაგება ყველაზე გავრცელებული ტიპის ელექტრონულ მოწყობილობებს. Instpower-ის მეშვეობით შეგიძლიათ, დატენოთ სმარტფონები, პლანშეტები, ელექტრონული წიგნები, უკაბელო ყურსასმენები, ელექტრონული სიგარეტები და პორტატიული სათამაშო კონსოლები.