ყველაფერი კრიპტოკრიმინალზე: საუბარი ნამდვილ კიბერპოლიციელთან

icon FOR
ფოტო - ყველაფერი კრიპტოკრიმინალზე: საუბარი ნამდვილ კიბერპოლიციელთან
კიბერპოლიციელმა, ევგენი პანჩენკომ უამბო Gagarin News-ს იმის შესახებ, თუ როგორ ხსნიან უკრაინელი სამართალდამცავები კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ დანაშაულებს და ართმევენ რუსეთს ვირტუალური აქტივების კრიმინალური მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობას.
GNcrypto-ის დოსიე

ევგენი პანჩენკო
თანამდებობა: უკრაინის ეროვნული პოლიციის კიბერპოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი
დაიბადა: 1990 წლის 15 ნოემბერს კიევში
განათლება: სამართლის მაგისტრი, წარჩინებით დაამთავრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული აკადემია 2013 წელს
Хобби: აქტიური დასვენება მთაში, ელექტრონული მუსიკა, ღია მონაცემთა ანალიტიკა, web3 და NFT.

GNcrypto: გასულ წელს უკრაინის კიბერპოლიციამ ვირტუალური აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებული 600-ზე მეტი დანაშაული გამოავლინა. რა დანაშაულზეა საუბარი ძირითადად?

ევგენი პანჩენკო: კრიპტოსთან დაკავშირებული დანაშაულების დაახლოებით 35% არის ყოფითი ონლაინ თაღლითობა. როდესაც დამნაშავე გვთავაზობს, მაგალითად, სახსრების გაცვლას ხელსაყრელი კურსით ან მანქანის ყიდვას კრიპტოთი. ადამიანი ანგარიშსწორებას ახდენს და თაღლითი ქრება.

შემდეგ მოდის ფსევდოსაინვესტიციო პროექტები - დაახლოებით 14%. ეს არის უფრო რთული სქემა, რომელშიც თაღლითები სთავაზობენ ინვესტირებას კრიპტოში ვითომ ხელსაყრელი პირობებით. ასეთი კრიმინალები აუცილებლად ქმნიან ვებგვერდს, სადაც აქვეყნებენ თავიანთ ე.წ. საინვესტიციო პროექტს. მათი გეგმა რაც შეიძლება მეტი თანხის შეგროვება და შემდეგ გაუჩინარებაა. ასეთი დანაშაულის დოკუმენტირების მექანიზმი მარტივი არ არის. ვინაიდან ასეთი თაღლითები, რა თქმა უნდა, იტყვიან, რომ მათ პროექტის წარმატების იმედი ჰქონდათ. მაგრამ, სამწუხაროდ, ის წარუმატებელი აღმოჩნდა და ეს არ იყო მათი ბრალი, არავითარი თაღლითური განზრახვა მათ არ ჰქონიათ.

GNcrypto: ამას ახლა მსხვილი ბირჟებიც კი ამბობენ…

ევგენი პანჩენკო: დიახ, და, მაგალითად, აშშ-ში კრიპტობირჟების მფლობელებს უკვე უყენებენ ბრალდებებს. საუბარია კომპანიის არამართებულ მენეჯმენტზე. თუ იყო გარკვეული საინვესტიციო პლატფორმა და საკმარისი თანხები იყო ჩადებული, მაშინ სად არის შედეგი? ყველა ვალებშია და მეანაბრეთა სახსრები კი დაკარგული.

მაგრამ დავუბრუნდეთ უკრაინას. არსებობს კრიპტოკრიმინალის კიდევ ერთი სახეობა - ეს არის თაღლითობა, რომელიც დაკავშირებულია ვითომ ომის მსხვერპლთათვის დახმარების შეგროვებასთან. სამმართველო, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, აკონტროლებს და აანალიზებს კრიმინალურ ტრანზაქციებს ეროვნული პოლიციის კოლეგების დავალებით. ჩვენ ვაწვდით ვირტუალური აქტივების ანალიტიკის სრულ სპექტრს. ბოლო დროს კი, ჩვენ ეროვნული პოლიციის თითქმის ყველა სამმართველო და ორგანო მოგვმართავს. ახლა ვირტუალურ აქტივებთან ბევრი დანაშაულია დაკავშირებული - ონლაინ ქურდობიდან დაწყებული სასტიკი მკვლელობებითა და გატაცებით დამთავრებული.

GNcrypto: GNcrypto: კრიპტოვალუტის თაღლითობების რაოდენობის მიხედვით უკრაინა მსოფლიოში მე-4 ადგილზეა. როგორ ფიქრობთ, რატომ არის ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი ლიდერი ამ სამწუხარო ნომინაციაში?

ევგენი პანჩენკო: მსოფლიოში მეოთხე პოზიცია სულაც არ არის გასაკვირი და აგიხსნით რატომაც. Chainalysis-ის მონაცემებით, კრიპტოაქტივების პოპულარობის გლობალურ რეიტინგში უკრაინა მე-4 ადგილს იკავებს. ლოგიკურია, რომ ვირტუალურ აქტივებზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთხოვნის მქონე უკრაინა კრიპტოკრიმინალის შესაბამის დონესაც იღებს.

კრიპტოვალუტის მთავარი იდეა, რომელიც სატოშიმ ჩამოაყალიბა, არის დეცენტრალიზაცია და მისი მფლობელების უსაფრთხოება, ვინაიდან კრიპტოაქტივებს უშუალოდ სწორედ ისინი ინახავენ. ამ ორი თავისებურებიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ ვირტუალური აქტივებით ჩადენილი დანაშაულების გამოძიება ძალიან რთულია. ეს არ არის მაღაზიის ქურდობა, სადაც ადამიანმა მოიპარა და გაიქცა, თან ვიდეოთვალთვალის კამერებზე მოხვდა ან ის სხვა მოქალაქეებმა გააჩერეს. აქ საჭიროა ანალიტიკოსთა დიდი და ძლიერი გუნდი, რომელმაც იცის როგორ იმუშაოს ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებთან.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი მესამე მხარის დახმარების საკითხია, რომელიც როგორც წესი არ ფიგურირებს კრიპტოვალუტურ ტრანზაქციებში. Რას ვგულისხმობ? მაგალითად, შეუძლებელია ფინანსური გამოძიების წარმოდგენა ბანკების ან გადახდის სისტემების მონაწილეობის გარეშე. ჩვენ კი, როგორც წესი, გვჭირდება კრიპტოპლატფორმების დახმარება. ჩვენ მივმართავთ ასეთ კომპანიებს სასამართლოს ან საგამოძიებო ორგანოების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. როდესაც ასეთი მესამე პირები არ არიან, გამოძიების პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს.
 
GNcrypto: შეიძლება თუ არა კანონმორჩილი მოქალაქე აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაში, როცა მისი კრიპტოაქტივები დაყადაღებულია? როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში, ვის მიმართოს?

ევგენი პანჩენკო: ბოლო სამი წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ასეთი შემთხვევა გვქონდა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ პერიოდში ასობით დანაშაული იქნა გამოძიებული, ეს ძალიან დაბალი პროცენტია. მაგრამ თუ ასეთი სიტუაცია შეიქმნა, ნუ დარჩებით ბედის იმედად. აუცილებელია თქვენი ახსნა-განმარტებითა და საპასუხო განცხადებით მიმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს. ყველა განაცხადი გაერთიანდება ერთ გამოძიების ფარგლებში და მიიღებს კომპეტენტურ შეფასებას. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს საქმის სწრაფად დახურვას. ვინაიდან თუ არსებობს განცხადება დანაშაულის ჩადენის შესახებ, ჩნდება პირობითი ეჭვმიტანილის პოვნის ამოცანა. როცა ის დამოუკიდებლად მიმართავს პოლიციას, მაშინვე გვაქვს კონფლიქტის ორივე მხარე. დავუშვათ, ადამიანებს ჰქონდათ ბიზნეს ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია, ყველაფერი უპრობლემოდ იყო, მაგრამ მოხდა შეფერხება ან შეიქმნა პრობლემური სიტუაცია. ამ შემთხვევაში შესაძლებელია სისხლის სამართლის მიმართულებით მისი განხილვის თავიდან აცილება და დავის გადაწყვეტა სამოქალაქო სამართალწარმოებაში.

GNcrypto: თუკი დავხატავთ ადამიანის პირობით პორტრეტს, რომელიც ვირტუალურ აქტივებს კრიმინალური მიზნებისთვის იყენებს, როგორი იქნება ის? სქესი, ასაკი, განათლება, იქნებ ფსიქოლოგიური მახასიათებლები ან ჩვევები?

ევგენი პანჩენკო: კრიმინალის პირობითი პორტრეტის შექმნა არის პროფაილინგი. მე, როგორც სამართალდამცავს, არ მაქვს ასეთი მსჯელობის უფლება. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ კიბერკრიმინალები საკმაოდ გათვითცნობიერებულები, განათლებულები და ერუდირებულები არიან. ისინი თვალყურს ადევნებენ ბაზრის უახლეს ტენდენციებს, რათა გაიგონ, რა ვექტორებია ამჟამად პოპულარული მოთამაშეებს შორის, რა ბერკეტების გამოყენება შეუძლიათ თავიანთ თაღლითურ სქემებში. როგორც წესი, საქმე გვაქვს თანამედროვე, პროგრესულ ადამიანებთან, რომლებსაც მოვლენების პულსზე თითი უდევთ.

GNcrypto: ჩვენ ვიცით, რომ ეუთოსა და UNODC-ის ქვედანაყოფები ამჟამად ახორციელებენ პროექტს უკრაინაში, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ ფულის გათეთრების რისკები კრიპტოვალუტების და ვირტუალური აქტივების მეშვეობით. რაში მდგომარეობს ამ თანამშრომლობის არსი?
 
ევგენი პანჩენკო: ეს საკითხი კონტროლზე აიყვანა კიბერპოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ, კერძოდ, იური ვიხოდეცმა. დეპარტამენტის უფროსი, პირადად მონაწილეობს საერთაშორისო თანამშრომლობის მრავალ ჯგუფში. ჩვენ ვცდილობთ წავართვათ რუსეთს შესაძლებლობა გამოიყენოს ისეთი ძლიერი რესურსი, როგორიცაა ვირტუალური აქტივები კრიმინალური მიზნებისთვის. ამიტომ, ჩვენ წინ ვწევთ საკითხს, რომ სანქციები მოიცავდეს წვდომის შეზღუდვას პლატფორმებზე, რომლებიც მართავენ კრიპტოაქტივებს, ანუ ბირჟებსა და გადამცვლელებზე.

მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საერთაშორისო იუსტიციას თავისი თავისებურებები აქვს. ეუთოსა და UNODC-ის დახმარებით ჩვენ ვუგზავნით ჩვენს წინადადებებს სასანქციო შეზღუდვის შესახებ ევროკავშირისა და აშშ-ის შესაბამის სტრუქტურებს. ეს მძლავრი ევროპული პლატფორმები უზრუნველყოფენ ნორმატიულ და საკონსულტაციო მხარდაჭერას, გვეხმარებიან საკუთარი მიგნებების სისტემატიზაციაში. ამრიგად, ჩვენ ვიღებთ არა მარტო ეროვნულ შედეგებს მტერთან დაპირისპირებაში, არამედ საერთაშორისო დონეზეც გავდივართ.

ერთ-ერთი ბოლო ამბავი ირანს ეხება. ამ ქვეყანასა და რუსეთს შორის იქმნება ორმხრივი გაცვლითი ურთიერთობები, სტეიბლკოინის მსგავსი უნიკალური ინსტრუმენტების შემუშავების ჩათვლითაც კი. ჩვენ პოპულარიზაციას ვუწევთ შიდა მექანიზმებს და წარვადგენთ წინადადებებს, თუ რა ეტაპებზეა შესაძლებელი სანქციებით, გადაწყვეტილებებით, სისხლის სამართლის პროცესებით ზემოქმედება, რათა სანქციების ქვეშ მყოფ ეკონომიკებს კრიპტოსფეროში გადასვლაში ხელი შევუშალოთ. ფინანსური სანქციების გამო ხომ კრიპტო რუსეთისთვის გარედან ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად ლამის ერთადერთი გზა ხდება. ჩვენ ამ გზის მონიტორინგი საიმედოდ უნდა მოვახდინოთ და  მის აღმოსაფხვრელად პროაქტიული ზომები მივიღოთ.