G7 მაისში კრიპტოვალუტის რეგულირების სტრატეგიას წარადგენს?

ფოტო - G7 მაისში კრიპტოვალუტის რეგულირების სტრატეგიას წარადგენს?
მაისის მოახლოებული სამიტი, რომლის გამართვას "დიდი შვიდეული" იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში გეგმავს, შეიძლება გახდეს სიგნალი მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების ძალისხმევის გაერთიანებისთვის. მთავარი მიზანი ციფრული ვალუტების უფრო მკაცრი რეგულაციის დანერგვაა.
საინფორმაციო სააგენტო "კიოტოს" ინფორმაციით, იაპონიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიისა და ევროკავშირის მაღალჩინოსნები, გეგმავენ წარმოადგინონ გლობალური ერთობლივი სტრატეგია, რომლის მიზანი კრიპტოსექტორში გამჭვირვალობის გაზრდა, მომხმარებლების დაცვა და მსოფლიო ფინანსური სისტემის პოტენციური საფრთხეების აღმოფხვრაა.

იაპონიამ უკვე შემოიღო კრიპტოვალუტების რეგულაცია, ხოლო ევროკავშირის წესები კრიპტოაქტივების ბაზრებთან დაკავშირებით (MiCA) 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს. ამავდროულად, დიდი ბრიტანეთი ეტაპობრივად ავითარებს საკუთარ კრიპტოსამართლებრივ ბაზას, კერძოდ, საგადასახადო დეკლარაციებში კრიპტოაქტივების ცალკე კატეგორია შემოაქვს და ციფრული გირვანქა სტერლინგის  გეგმებს ამუშავებს. კანადა ციფრულ აქტივებს ფასიან ქაღალდებთან აიგივებს, ხოლო შეერთებული შტატები კრიპტოვალუტებთან მიმართებაში მოქმედ ფინანსურ კანონმდებლობას იყენებს. ბევრი ელოდება, რომ კანონმდებლები უახლოეს მომავალში კრიპტოვალუტების დასარეგულირებლად საფუძვლიან ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზას შექმნიან.

ასევე ციფრული აქტივების სტანდარტების შესაქმნელად, პარალელურად, მუშაობენ ფინანსური სტაბილურობის საბჭო (FSB), საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი (BIS). თებერვალში, G20-მა, რომელშიც მსოფლიოს 20 ყველაზე მძლავრი ეკონომიკა შედის, ეს ერთობლივი ძალისხმევა ინდოეთის ქალაქ ბანგალორში გამართული შეხვედრის დროს დააანონსა. ამ წლის ივლის-სექტემბრამდე წარმოდგენილი იქნება არაერთი რეკომენდაცია, რომელიც მიმართულია გლობალური სტეიბლკოინების რეგულირებაზე, ზედამხედველობასა და კონტროლზე, კრიპტოაქტივებსა და კრიპტოვალუტის ბაზრებთან დაკავშირებულ აქტივობებზე. თუმცა, ამ რეკომენდაციების ზოგადი მიმართულება გაურკვეველი რჩება.

თებერვალში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა სამოქმედო გეგმა კრიპტოაქტივებთან დაკავშირებით, რომელშიც მოუწოდებს ქვეყნებს, ჩამოართვან  ციფრულ ვალუტებს გადახდის ლეგალური საშუალების სტატუსი. საერთაშორისო სავალუტო ფონდი დიდი ხანია ეწინააღმდეგება კრიპტოვალუტების გადახდის ლეგალურ  საშუალებად აღიარებას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2021 წლის სექტემბერში სალვადორმა ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად გამოაცხადა. თუმცა, ფონდი კრიპტოვალუტების უფრო ფართო რეგულაციას ემხრობა და ახლა მუშაობს ცენტრალური ბანკებისთვის განკუთვნილ, ციფრული ვალუტების ინტეროპერაბელურ პლატფორმაზე, რომელიც სხვადასხვა გლობალურ CBDC-ებს გააერთიანებს და ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას უზრუნველყოფს. 

უფრო ვრცლად კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნებისა და G20-ის განზრახვების შესახებ წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში ვებგვერდზე.