Honeypot: რა საერთო აქვს კიბერუსაფრთხოებასა და თაღლითობას
Honeypot (თაფლის ქოთანი, სატყუარა) არის მექანიზმი, რომელსაც ერთდროულად იყენებენ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებიც და კრიპტოთაღლითებიც.
პირველები აწყობენ ხაფანგებს კომპიუტერული სისტემის გატეხისგან დასაცავად, მეორენი ამას აკეთებენ ხარბი და გულუბრყვილო მომხმარებლების სახსრების ხელში ჩასაგდებად.
“თაფლის ქოთანი” კიბერუსაფრთხოებისთვის
Honeypot კიბერუსაფრთხოებაში ჰაკერებისთვის განკუთვნილი მახე პროგრამაა, რომელიც ნებისმიერი ფაილის, პროგრამული უზრუნველყოფის, სერვერებისა და უსაფრთხოების მაცდური ხარვეზის მქონე სხვა ელემენტების ნიღაბქვეშ იმალება. მიზანი რეალური სამიზნიდან თავდამსხმელის ყურადღების გადატანა, მისი ქცევის შესწავლა, კიბერდანაშაულის შესახებ მეტი მონაცემის მიღება და ამ ინფორმაციის საფუძველზე დაცვის გაუმჯობესებაა.
„თაფლის ქოთანი“ სტრუქტურული კომპონენტებითა და შინაარსით რეალური ობიექტისგან არ უნდა განსხვავდებოდეს, რათა სატყუარამ იმუშაოს და ჰაკერი ვერ მიხვდეს, რომ მას ჩაუსაფრდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეუძლია, შეგნებულად შეიყვანოს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები შეცდომაში თავისი ქმედებებით და ის თავად გააბრიყვოს. საბოლოო შედეგი Honeypot-ის დამაჯერებლობაზეა დამოკიდებული.
ბლოკჩეინებში სატყუარის როლს ძირითადად "მოწყვლადი" სმარტ კონტრაქტები, ან კვანძები ასრულებს. ისინი იქმნება სპეციალურად მომხმარებლებისთვის, რომლებიც მათ საკუთარ ინტერესებში გამოსაყენებლად ეძებენ.
ასეთი სმარტ კონტრაქტები და ნოდები ქსელურ სტრუქტურაში არსებულ, უფრო ნაკლებად შესამჩნევი ხარვეზებისგან ყურადღების გადატანას ემსახურება, რომლებსაც ბლოკჩეინის, ან დეცენტრალიზებული აპლიკაციის დაზიანება ნამდვილად შეუძლია. როდესაც ჰაკერი ხაფანგში ხვდება, პროგრამა მისი ნაბიჯების მონიტორინგს ახორციელებს, შემდეგ კი მავნე ქმედებებს ბლოკავს. Honeypot-ის სტრატეგიის წყალობით, შესაძლებელია ბლოკჩეინის დაცვა რეალური საფრთხეებისგან, ბოროტმოქმედის აღმოჩენა და მის ტაქტიკაზე დაკვირვება.
როგორ იყენებენ კრიპტოთაღლითები Honeypot-ს?
ზოგიერთი კიბერკრიმინალი სხვანაირად ფიქრობს. ისინი არ კარგავენ დროს ხარვეზების მქონე სმარტ კონტრაქტების მოძიებაზე, არამედ თავად ქმნიან მათ, იზიდავენ კრიპტოვალუტის მფლობელებს, რომლებიც სწრაფ და მარტივ მოგებას ხარბდებიან.
კრიპტოთაღლითების სმარტ კონტრაქტები გამოირჩევა აშკარა მოწყვლადობით, რომელიც წონადი მოგების მიღების შესაძლებლობას იძლევა. თუმცა მახეს აქვს პირობა: მსხვერპლმა "ასეთი საჩუქრისთვის" პროცენტი საკუთარი ჯიბიდან უნდა გადაიხადოს. როდესაც ეს ხდება, მომხმარებლის სახსრები თაღლითის საფულეში ავტომატურად ირიცხება.
ამრიგად, ადამიანი სატყუარას ეგება, აშკარა შეცდომასა და მოგების შესაძლებლობაზე კონცენტრირდება და სირთულის რამდენიმე დონეს ვერ ამჩნევს.
Honeypot ხარბი მომხმარებლებისთვის
აქ მოცემულია ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ყველაზე გავრცელებული ხაფანგის მაგალითი.
ფორუმზე, ან სოციალურ ქსელებში ჩნდება ადამიანი, რომელსაც თავი სულელად მოქვს. მან არ იცის, როგორ გადაიტანოს ტოკენები, ვთქვათ SHIB, 6000 დოლარის ოდენობით, ბირჟაზე თავისი კრიპტოსაფულიდან და სთხოვს მომხმარებლებს დახმარებას მცირე ჯილდოს სანაცვლოდ. ამისათვის ის აზიარებს თავის პრივატულ გასაღებს საჯარო დომენში. ადამიანები, რომლებიც ხრიკს ვერ ამჩნევენ, დიდი სიამოვნებით სარგებლობენ „სულელის“ გულუბრყვილობით და თანხმდებიან თანხების გადარიცხვას საკუთარ მისამართზე.
თუმცა, უცებ აღმოჩნდება, რომ თქვენ გადარიცხვის საკომისიო ETH-ში უნდა გადაიხადოთ. სატყუარას სახით სპეციალურად არის არჩეული Ethereum-ის ბლოკჩეინზე ამოქმედებული ტოკენები, რათა საკომისიო უფრო მაღალი იყოს. დიდი ფიქრის გარეშე, მომხმარებელი ბოროტმოქმედის საფულეში მცირე თანხას რიცხავს, რათა უფრო სოლიდური ოდენობა გაიტანოს. მაგრამ სახსრები იქ კი არ ჩნდება, არამედ უმალ მიედინება სპეციალური სმარტ კონტრაქტის საშუალებით იმის ჯიბეში, ვინც ეს სქემა აამოქმედა. ანუ პირობითი 6000 დოლარის გატანის შესაძლებლობა აპრიორი არ არსებობს.
ამრიგად, სხვისი დანაზოგის მიღების სურვილით, ადამიანი თავად ხდება მანიპულაციის მსხვერპლი და თავისი სიხარბე მას ძვირად უჯდება.