ტვიტერზე გაჩაღდა ნამდვილი დისკუსია ფინანსური ანგარიშგების ექსპერტს, ჯონ რიდ სტარკსა და Tether-ის CTO-ს, პაოლო არდოინოს შორის. მიზეზი იყო ჯონის კრიტიკული პუბლიკაცია კომპანიის ზოგადი მდგომარეობის შესახებ.
თავის პუბლიკაციაში მან, ინფორმაციის სხვადასხვა წყაროზე და მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, დაწვრილებით აღწერა, რატომ თვლის Tether-ს არასანდო კომპანიად და პროგნოზირებს მის გაკოტრებას. მისი ყველა არგუმენტიდან გამოვყოფთ რამდენიმე ძირითადს:
1. გამჭვირვალობის არარსებობა და ცრუ განცხადებები უფროსი ხელმძღვანელობის მხრიდან, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში სრულ აუდიტს გვპირდებოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამას გაურბის.
2. არასაკმარისი რეგულირება, რისი წყალობითაც Tether არ არის ვალდებული, წარადგინოს ანგარიშები, დაადასტუროს სტეიბლკოინების უზრუნველყოფა და მისი გარანტია აიღოს თავის თავზე. კომპანიისთვის სარეზერვო ფონდების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეს ინვესტორებისა და მომხმარებლებისთვის უზარმაზარ რისკებს ქმნის.
3. ხელმძღვანელობის გაუგებარი იერარქია, რომელშიც ტექნიკური დირექტორი მუდმივად აკეთებს კომენტარს ფინანსურ საკითხებზე, ხოლო სხვა მმართველების საქმიანობა კადრს მიღმა რჩება.
4. ატესტაციის პოზიციონირება, როგორც ფინანსური აუდიტის ალტერნატივა. თუმცა, ეს მიდგომა აბსოლუტურად არასწორია, რადგან ის არ არის სავალდებულო და აფასებს მონაცემებს მხოლოდ დროის გარკვეულ მომენტში იმ დროს, როდესაც აუდიტი ტარდება სერიოზული პრობლემების აღმოსაჩენად და შემდეგ აღმოსაფხვრელად.
ჯონმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა მიზეზისა და Tether-ის უფრო ადრინდელი სასამართლო დავების კომბინაციის წყალობით, ის ხვდება იმ კომპანიების რიცხვში, რომლისგანაც საქმე შორს უნდა დაიჭიროთ. პაოლო არდოინო განზე არ გადგა და პასუხად ლაკონიურად წარმოადგინა რეზერვების შესახებ ბოლო ანგარიშის ბმული.
ტექნიკური დირექტორის ამ კომენტარის საპასუხოდ, ჯონმა ახალი პუბლიკაცია გამოაქვეყნა. მასში მან კვლავ ისაუბრა ატესტაციისა და ტრადიციული აუდიტის არასწორ შედარებაზე და ასევე ჩამოთვალა Tether-თან დაკავშირებული ყველა უარყოფითი მოვლენა: სასამართლოს გადაწყვეტილება რეზერვებში მონაცემების არასანდოობის შესახებ, ონტარიოში მუშაობის აკრძალვა, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსა და იუსტიციის სამინისტროს შესაძლო გამოძიებები საბანკო თაღლითობისა და ტერორიზმის სპონსორობის მუხლითაც კი.
დასასრულს, მან SEC-ში დარეგისტრირების მნიშვნელობა აღნიშნა, რომელიც გამჭვირვალობას მუდმივი შემოწმების, სტაბილური ანგარიშგებისა და მომხმარებლებისთვის რისკის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ხარჯზე უზრუნველყოფს. არსებითად, მან კომისიის ყველა ოფიციალური განცხადება ჩამოთვალა, თუმცა, Paradigm-ის ანალიზის თანახმად, არსებულ ფორმატში რეგისტრაცია სრულიად უსარგებლოა კრიპტოვალუტური პროექტებისთვის.
ცხადია, ამ პოზიციას იზიარებს პაოლოც, რომელმაც დეტალურად აღწერა, თუ რატომ არ ვრცელდება ყველა ეს რჩევა მის კომპანიაზე. აქ არის რამდენიმე ძირითადი პუნქტი:
1. Tether არ მუშაობს ამერიკელ კლიენტებთან, ხოლო ძირითადი ბაზრები არიან ქვეყნები, სადაც ადამიანებს საბანკო სისტემაზე წვდომა ნაკლებად აქვთ.
2. კომპანია იცავს აშშ-ის ყველა სანქციას, სერიოზულად ამოწმებს თანამშრომლებს, დირექტორების ჩათვლით და ყველა კლიენტს AML საბანკო სტანდარტის შესაბამისად.
3. ყველა გადარიცხვა მოწმდება Chainalysis-ის მეშვეობით, რომელიც აქტიურად ეხმარება კრიმინალების იდენტიფიცირებას მთელს მსოფლიოში. პარალელურად, Tether თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების თავისებურებების წყალობით, მოთხოვნებზე მსოფლიოს ნებისმიერ ბანკზე უფრო სწრაფად რეაგირებს.
4. კომპანია რეგისტრირებულია FinCEN-ში, წარადგენს რეგულარულ ანგარიშებს საეჭვო საქმიანობის შესახებ და ბირჟების, ან პროტოკოლების გატეხის შემდეგ მოპარულ თანხებს დაუყოვნებლივ ბლოკავს.
5. Tether აყალიბებს თავის რეზერვებს ყველა სახის რისკისა და საბოლოო მომხმარებლის დაცვის გათვალისწინებით. ამისთვის გუნდი ინახავს ბევრად მეტ თანხას, ვიდრე საჭიროა ვალდებულებების შესასრულებლად.
დასასრულს პაოლომ განაცხადა, რომ ბანკების დახურვის ფონზე, მათი სისტემა ტრადიციულ ორგანიზაციებზე ბევრად უკეთ გამოიყურება, მაგრამ, ამის მიუხედავად, კომპანია მუდმივად იმყოფება კრიტიკოსებისა და პრესის ზეწოლის ქვეშ. მისი აზრით, ასეთმა აკვიატებამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ მართლაც პრობლემური პროექტები და ფინანსური ინსტიტუტები შეუმჩნეველი დარჩება.
თითქოს, ყველაფერი ამით უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ჯონმა გადაწყვიტა, არა მხოლოდ გაეგრძელებინა დისკუსია, არამედ შეხებოდა კრიპტოვალუტების, როგორც სოციალური თანასწორობის ინსტრუმენტისა და საბანკო სისტემის ალტერნატივის უმოქმედობის თემას. შედეგად, თუ ამ კამათს შორიდან შევხედავთ, ის ორი განსხვავებული თაობის შეჯახებას წააგავს: გამოცდილი ბიზნესმენი ტრადიციული ფინანსური სისტემიდან და ექსპრესიული კრიპტოენთუზიასტი, რომელსაც საკუთარი იდეის დაუოკებლად სჯერა.
დაახლოებით ამგვარად იყოფიან კომენტარებში მომხმარებლებიც: ზოგი ამტკიცებს, რომ Tether არ იძლევა ტოკენების დიდი მოცულობის განაღდების საშუალებას ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით, ზოგი კი ჰყვება, თუ როგორ იქცა მათთვის USDT ხსნად დანაზოგის შენარჩუნების მცდელობაში. დრო გვიჩვენებს, ვინ არის მართალი, მაგრამ ახლა შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ: კომპანია ნამდვილად უნდა ისწრაფოდეს მეტი გამჭვირვალობისკენ, კრიტიკოსებმა კი არ უნდა გამოიტანონ ნაჩქარევი დასკვნები ახალი ტექნოლოგიების შესახებ ერთ, ან უფრო მეტ პროექტზე დაყრდნობით.