KuCoin დო კვონის აქტივებს ყინავს და გამოძიებასთან თანამშრომლობს

ფოტო - KuCoin დო კვონის აქტივებს ყინავს და გამოძიებასთან თანამშრომლობს
KuCoin კრიპტოვალუტის ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა დო კვონის საქმეზე სამხრეთ კორეის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის მზადყოფნის შესახებ განაცხადა. კერძოდ, გაყინული იქნება მისი აქტივები 1354 ბიტკოინის (BTC) ოდენობით, რომელიც წინა დღეს მისი საფულედან Binance-ს გაეგზავნა.
დო კვონის საქმის გამოძიება სულ უფრო და უფრო აქტიურად მიმდინარეობს. იმისდა მიუხედავად, რომ Terraform Labs-ის სკანდალურად ცნობილი თანადამფუძნებელი  ფულის გათეთრებასთან კავშირს უარყოფს, ასევე აცხადებს გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნის შესახებ და სამხრეთ კორეიდან გაქცევას კატეგორიულად უარყოფს, ობიექტური გარემოებები სრულიად საპირისპიროზე მიუთითებს. სამხრეთ კორეის სასამართლოს მიერ მისი დაკავების ორდერის გაცემის და ინტერპოლის მიერ „წითელი ცირკულარით“ ძებნის გამოცხადების შემდეგ, დაფიქსირდა დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვა ორ გლობალურ კრიპტობირჟაზე, KuCoin-სა და OKX-ზე.

Binance-ზე რეგისტრირებული არაკომერციული ორგანიზაცია Luna Foundation Guard (LFG) საფულედან 69 მილიონ დოლარზე მეტი Bitcoin (BTC) (BTC) გადაირიცხა, აქედან 1354 BTC გადაირიცხა KuCoin-ზე სამი დღის განმავლობაში. მომხდარ ფაქტს სამართალდამცავი ორგანოები ასე გამოეხმაურნენ:

„როგორც წესი, სისხლის სამართლის გამოძიების დროს, თუ ეჭვმიტანილის ანგარიშიდან დიდი ოდენობით თანხა გადაირიცხება დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ, ბუნებრივია, ინტენსიური გამოძიება იწყება  ფულის გათეთრებისა და დაფარვის ეჭვით. თავიდან ჩვენ  უნდა შევამოწმოთ გამოიყენებდნენ თუ არა მათ საევაკუაციო ფონდად“.

საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენლები  ორივე კრიპტო ბირჟას დაუკავშირდნენ და საეჭვო აქტივების გაყინვა სთხოვეს. OKX-მა უარყო მოთხოვნა, ხოლო KuCoin-მა გამოძიებასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა.

ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი ლიუმ სამართალდამცავ ორგანოებთან და სხვადასხვა სახელმწიფოს მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობის მზადყოფნის შესებ განაცხადა. თუმცა, LFG-სა და დო კვონთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის შესახებ დამატებითი დეტალების გასაჯაროებაზე მან უარი განაცხადა:

„ჩვენ არ შეგვიძლია ამ საკითხში გარკვევა, რადგანაც ჩვენ, როგორც კრიპტოვალუტის ბირჟას,  არ გვაქვს ყველა გარემოების დადგენის შესაძლებლობა და უბრალოდ ვმუშაობთ მთავრობასთან და მარეგულირებელ ორგანოებთან, სიტუაციის მიხედვით“.