MetaFi-ს კონცეფცია. Web3 პროექტების თავსებადობის გაუმჯობესება
MetaFi არის კონცეფცია, რომელიც ბლოკჩეინის სტანდარტიზებული მეტამონაცემების მეშვეობით ერთიანი Web3 ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს. მიზანი – ციფრული აქტივების თავსებადობის გაუმჯობესებაა.
MetaFi აერთიანებს ორ ტერმინს: მეტამონაცემებსა და დეცენტრალიზებულ ფინანსებს. ითვლება, რომ ერთიანი ფინანსური არქიტექტურის შემუშავება ხელს შეუწყობს მომხმარებლის ურთიერთქმედების გამარტივებას Web3 სივრცეში და ასევე ხელს შეუწყობს ბლოკჩეინის უნიფიცირებას მათზე ტრადიციული Web2 პროდუქტების უფრო აქტიური გადასვლისთვის (სოციალური ქსელები, ბრაუზერები და სხვა აპლიკაციები, რომლებიც დღეს დომინირებენ). ზოგადად, MetaFi გლობალური ციფრული ეკონომიკის შექმნას ისახავს მიზნად.
კონცეფციის თანახმად, კრიპტოვალუტების, მეტავერსების, NFT-ების, ბლოკჩეინ თამაშებისა და სხვა Web3 პროდუქტების ერთ ეკოსისტემაში თავსებადობის რეალიზაციისთვის მეტამონაცემების ერთიანი სტანდარტი უნდა შემუშავდეს.
MetaFi-ის იდეა მდგომარეობს მონაცემების აღწერისთვის საერთო მოთხოვნების დანერგვაში, იმისთვის რომ მათი გამოყენება შეიძლებოდეს ნებისმიერ ბლოკჩეინში. შედეგად, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ქსელებსა და პროგრამულ სისტემებში ამოქმედებული აქტივების ერთ გარემოში გაერთიანება.
რა არის მეტამონაცემები?
მეტამონაცემები არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობით სხვა მონაცემების აღწერა ხდება. მაგალითად, მათ მიეკუთვნება ინფორმაცია ვებგვერდის, ფაილის, დოკუმენტის შესახებ. ისინი მიუთითებენ ელემენტის მახასიათებლებსა და თვისებებზე, რომლებიც განასხვავებს მას სხვა მსგავსი ობიექტებისგან და ამარტივებს დიდი საინფორმაციო ნაკადების მართვას. მეტამონაცემები ასევე წარმოდგენილია ტრანზაქციებში, რომლებიც ბლოკჩეინში იწერება. ეს შეიძლება იყოს მისი შესრულების თარიღი, დრო და ჰეში.
NFT-ის შემთხვევაში, მეტამონაცემები მოიცავს სახელს, აღწერას, გამოსახულების მახასიათებლებს და სხვა ინფორმაციას, რომელიც არაჩანაცვლებად ტოკენს სხვებისგან გამოარჩევს.
სხვადასხვა ბლოკჩეინში მეტამონაცემების ერთიანი სტანდარტის წყალობით, კრიპტოაქტივები ერთმანეთთან თავსებადი ავტომატურად გახდება.
MetaFi-ს მუშაობის მაგალითები
MetaFi-ს მეშვეობით შესაძლებელი იქნება ტრანზაქციების შექმნა ჩვეულებრივი ტოკენებისა და NFT-ების გამოყენებით, ან NFT-ს ფრაგმენტებად დაყოფა, მისი ნაწილის კრიპტოდაკრედიტების DeFi პლატფორმაზე გადასატანად.
კიდევ ერთი მაგალითია სტანდარტიზებული NFT მარკეტპლეისი, არაჩანაცვლებადი ტოკენების ყველა არსებული პლატფორმის აგრეგატორი, რომელიც მხარს უჭერს ყველა ბლოკჩეინს, რომელიც სხვადასხვა ტიპის NFT-ებს ემსახურება. ერთიანი ინტერფეისის მქონე ასეთი პლატფორმა შეძლებდა ყიდვის, გაყიდვის და უნიკალური ციფრული სერტიფიკატების შექმნის ამოცანა მაქსიმალურად გაემარტივებინა.
ასეთი კონცეფცია ასევე გამოყენებადია მეტავერსის კონტექსტში. ამ შემთხვევაში, MetaFi მოთამაშეებს საშუალებას მისცემს, თავისუფლად გადაინაცვლონ ერთი ვირტუალური სამყაროდან მეორეში. ანუ, მათ შეეძლებათ, გადაიტანონ პერსონაჟები, ნივთები, თამაშშიდა ტოკენები და ავატარები ერთი მეტავერსიდან მეორეში.
რა პრობლემებს აწყდება MetaFi?
მოყვანილი მაგალითების შემდეგ, იდეა შეიძლება მარტივი ჩანდეს, მაგრამ როდესაც საქმე ტექნიკურ განხორციელებას ეხება, ის პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის შეზღუდულ შესაძლებლობებს აწყდება. მეტამონაცემების ერთიანი სტანდარტისა და გლობალური ეკონომიკური Web3 ინფრასტრუქტურის შექმნა დეველოპერებისთვის რთული პროცესია.
MetaFi-ს განსახორციელებლად საჭიროა მეტად ტექნოლოგიური აღჭურვილობა, მაღალმასშტაბირებადი ბლოკჩეინები დაბალი საკომისიოთი და დიდი გამტარუნარიანობით, ასევე განვითარებული კიბერუსაფრთხოება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლება არის ბლოკჩეინის თავსებადობის სირთულე, რომლის მიღწევა შეუძლებელია მხოლოდ სტანდარტიზებული მეტამონაცემების წყალობით. ამიტომ, კომპანიებს მოუწევთ, დამოუკიდებლად იმუშაონ თავიანთ ქსელებზე, რათა მათმა დეცენტრალიზებულმა აპლიკაციებმა ადვილად მოახდინოს "კომუნიკაცია" სხვა პლატფორმებთან.
თუმცა, შესაძლებელია მომავალში გაჩნდეს უფრო და უფრო მეტი ინტეროპერაბელური პროექტები (ურთიერთქმედების უნარის მქონე), რომლებიც მხარს უჭერენ მრავალ ბლოკჩეინს ციფრული აქტივების გადაადგილების გასაადვილებლად. თავსებადობა ხომ მოსახერხებელია.