S&P Solutions კრიპტობანკომატების მეშვეობით ფულს ათეთრებდა

icon SCRT
icon FOR
ფოტო - S&P Solutions კრიპტობანკომატების მეშვეობით ფულს ათეთრებდა
კაიაჰოგას ოლქის პროკურატურამ აშშ-ის საიდუმლო სამსახურთან (USSS) ერთად S&P Solutions და მისი სამი თანამშრომელი კრიპტობანკომატების სალიცენზიო მოთხოვნების დარღვევაში, ფულის გათეთრების შეთქმულებაში და კორუფციულ საქმიანობაში დაადანაშაულა.
კიბერთაღლითობისა და ფულის გათეთრების მიზნობრივი ჯგუფის (USSS) გარდა, მასშტაბურ გამოძიებაში  28 შესაბამისი უწყება მონაწილეობდა, მათ შორის სხვადასხვა შტატის  პოლიციის დეპარტამენტები და პროკურატურები, ფედერალური სავაჭრო კომისია, გამოძიების ფედერალური ბიურო და აშშ-ის სასაზღვრო დაცვის სამსახური.

საბრალდებო აქტის ფიგურანტები გახდნენ S&P Solutions, კომპანია სახელწოდებით Bitcoin of America (BOA) და მისი საკვანძო თანამშრომლები:

  •  სონი მეჰრაბანი - კომპანიის დამფუძნებელი და მფლობელი, 45 წ.
  • რეზა მეჰრაბანი - მენეჯერი, სონი მეჰრაბანის მამა, 75 წ. ;
  • უილიამ სურიანო, მენეჯერი, ადვოკატი,  69 წ. 

ბრალდებულები უკანონოდ ფლობდნენ კრიპტობანკომატებს ჩრდილო-აღმოსავლეთ ოჰაიოში და მათ 2023 წლის თებერვლის ჩათვლით იყენებდნენ. მათ ასევე არ გააჩნდათ თანხების გადარიცხვის ოფიციალური ლიცენზია და შეგნებულად შეიყვანეს შეცდომაში ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოები, გამოაშკარავების თავიდან ასაცილებლად.

გამოძიებამ დაადგინა, რომ Bitcoin of America (S&P Solutions) არ ახორციელებდა მომხმარებელთა დაცვისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ღონისძიებებს. შედეგად, თაღლითები აქტიურად იყენებდნენ კრიპტობანკომატებს მსხვერპლისგან თანხების მისაღებად. თავის მხრივ, Bitcoin of America ასეთი გადარიცხვებისთვის საკომისიოს სახით იღებდა  ტრანზაქციების თანხის 20%-ს და მას თაღლითობაზე ინფორმირების შემდეგაც იკავებდა.

2023 წლის 1 მარტს, USSS-ის ოფიციალურმა პირებმა და ოჰაიოს გამომძიებლებმა  Bitcoin of America-ის (S&P Solutions) კუთვნილი 52 კრიპტობანკომატი ამოიღეს – 41 კაიაჰოგას ოლქში და 11 ლორეინის ოლქში. ამის შემდეგ ჩატარდა ჩხრეკა სონი მეჰრაბანის სახლში  ფლორიდაში და რეზა მეჰრაბანის სახლში ილინოისში, რა დროსაც ეჭვმიტანილები დააკავეს. ასევე დააკავეს საქმის მესამე ფიგურანტი, უილიამ სურიანო. ის რივერსაიდის პოლიციამ დააკავა.

Bitcoin of America (S&P Solutions)-ის თანამშრომლებს  ბრალი შემდეგი მუხლებით წაუყენეს:

  • კორუფციული საქმიანობა;
  • სალიცენზიო მოთხოვნების დარღვევა და საბუთების გაყალბება;
  • შეთქმულება;
  • ფულის გათეთრება;
  • მოპარული ქონების დაუფლება;
  • დანაშაულის იარაღის შენახვა;
  • საგადასახდო კანონმდებლობის დარღვევა.

ამჟამად გამოძიება გრძელდება. 

კრიპტობანკომატები მრავალი ქვეყნის მარეგულირებლების განსაკუთრებული ინტერესის ობიექტია. ისინი ნარკოტიკებით, იარაღით და ადამიანებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ფულადი სახსრების უკანონო ბრუნვის სქემების მნიშვნელოვან ელემენტად მიიჩნევა. ამიტომ, ფინანსური ზედამხედველობის წარმომადგენლები კრიპტობანკომატების ოპერატორების სავალდებულო რეგისტრაციასა და ოფიციალური ლიცენზიის აღებას დაჟინებით მოითხოვენ.