პასიური შემოსავალი DeFi-ში ლიკვიდობის მაინინგიდან
ინვესტორს, რომელმაც ციფრულ აქტივში ინვესტიცია ჩადო და არ სურს, ის უბრალოდ საფულეში შეინახოს, CeFi და DeFi ბაზარი, პასიური შემოსავლის მისაღებად, ინსტრუმენტების დიდ არჩევანს სთავაზობს. ეს მოიცავს სეივინგს (კრიპტოდეპოზიტებს), სტეიკინგსა და მომგებიან ფარმინგს. კიდევ ერთი ასეთი ინსტრუმენტი ლიკვიდობის მაინინგია.
მანამდე ჩვენ უკვე გავაცანით ჩვენს მკითხველს პასიური შემოსავლის სხვადასხვა ვარიანტი და ფორმატი, კერძოდ, სტეიკინგი, მომგებიანი ფარმინგი და ბივალუტური ინვესტიციები. ახლა დროა, გაეცნოთ ლიკვიდობის მაინინგს.
რა არის ლიკვიდობის მაინინგი
ეს არის DeFi ბაზრის, კერძოდ, დეცენტრალიზებული ბირჟების (DEX) პროდუქტი. ის ძალიან ჰგავს მომგებიან ფარმინგს, მაგრამ მთელი რიგი განსხვავებები გააჩნია. ინვესტორებს, რომლებიც აწვდიან აქტივებს ლიკვიდობის პულებში, ლიკვიდობის მომწოდებლებს (LP) უწოდებენ.
ლიკვიდობის მაინინგი პასიური შემოსავლის გენერირების ინსტრუმენტია. ის თქვენი ზოგიერთი თავისუფალი აქტივის (მონეტების, ან ტოკენების) განთავსებას DEX-ზე არსებულ ლიკვიდობის პულებში გთავაზობთ. საკუთარი აქტივების ასეთ ლიკვიდობის პულში დროებით განთავსებისთვის, ინვესტორი იღებს ჯილდოს, კერძოდ, პროცენტს, სავაჭრო საკომისიოს ნაწილს, სავალუტო წყვილის ერთ-ერთი აქტივის ტოკენებს (ე.წ. „LP ტოკენებს“), ან DEX-ის, ან პროტოკოლის მართვის ტოკენებს.
ციფრული აქტივების სხვადასხვა წყვილებს შორის ტრანზაქციების განსახორციელებლად, დეცენტრალიზებულ ბირჟებს საკმარისი ლიკვიდობა უნდა ჰქონდეთ. სტიმულირების სტრატეგია, რომელიც მომგებიან ფარმინგთან, ან ლიკვიდობის მაინინგთან არის დაკავშირებული, უბიძგებს მომხმარებლებს, შეიტანონ რაც შეიძლება მეტი განსხვავებული აქტივი, რათა DEX-ზე ლიკვიდობა გაზარდონ. ამიტომ, ლიკვიდობის თითქმის ყველა პული, რომელიც სხვადასხვა სავაჭრო წყვილებს მოიცავს, მომხმარებლებს ერთდროულად ორი აქტივის შეტანას სთავაზობს.
სტიმული ლიკვიდობის მომწოდებლებისთვის
ფინანსური კომპონენტის გარდა, რომლითაც DEX ინვესტორებს იზიდავს, ყველა DeFi პროცესის მნიშვნელოვან ელემენტს დეცენტრალიზაცია წარმოადგენს. DEX-ებისა და პროტოკოლების შემქმნელები ცდილობენ, მიიზიდონ DeFi ბაზარზე რაც შეიძლება დიდი აუდიტორია, მათ შორის CeFi ბაზრიდან რბილი მიგრაციის გზით, რაც დეცენტრალიზებული პროექტების საზოგადოების წილის გაზრდას შეუწყობს ხელს.
ახალი მოთამაშეებისა და ლიკვიდობის მოზიდვის ერთ-ერთი სტიმული არის საზოგადოებისა და LP-ებისთვის პროტოკოლებისა და სავაჭრო პლატფორმების განვითარების კონტროლისა და მართვის უფლების დელეგირება. DEX და სხვადასხვა DeFi პროექტები მხარს უჭერენ კოლეგიალური მართვის მოდელს, რომელიც ხმის მიცემის უფლებას ყველა მომხმარებელს აძლევს. პლატფორმის მმართველობითი ტოკენების ფლობა მომხმარებლებს აძლევს ხმის მიცემის უფლებას, ხოლო დეველოპერები, როგორც წესი, აკონტროლებენ და უზრუნველყოფენ მმართველობითი ტოკენების სამართლიანად განაწილებას ყველა მონაწილეს შორის, რათა დაცული იყოს დეცენტრალიზაციის პრინციპი.
მმართველობითი ტოკენები ლიკვიდობის მაინინგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ასეთი არაფინანსური პრივილეგიების მეშვეობით, ხდება მომხმარებლის ლოიალობის ფორმირება. ამრიგად, პროტოკოლებისა და DeFi პლატფორმების უმეტესობა აჯილდოებს ლიკვიდობის პროვაიდერებს არა მხოლოდ მოგების მაღალი განაკვეთებით, არამედ მმართველობითი ტოკენებითაც, რომელთა ოდენობა LP-ების მიერ პულებში მოზიდულ ლიკვიდობაზეა დამოკიდებული.
ამრიგად, ლიკვიდობის მომწოდებლები დეცენტრალიზებული საბირჟო პლატფორმის მართვაზე პირდაპირი ზემოქმედების უფლებას იღებენ. რაც მეტ ლიკვიდობას მოიზიდავენ ისინი, მით მეტი ხმა ექნებათ კენჭისყრის დროს. შედეგად, ფინანსური და არაფინანსური სტიმულების სინერგია ლიკვიდობის მაინინგს მიმზიდველ ინსტრუმენტად აქცევს მრავალი კრიპტელისთვის, რომლებიც DeFi ბაზრის სეგმენტის განვითარებაში უშუალო მონაწილეობის მიღებას ცდილობენ.
ლიკვიდობის მაინინგის უპირატესობა და რისკები
ამ ინსტრუმენტების უპირატესობებს შეიძლება მივაკუთვნოთ:
პასიური შემოსავალი. ლიკვიდობის მაინინგი პასიური შემოსავლის გამომუშავების კიდევ ერთი გზაა, რომელიც სტეიკინგს, ან მომგებიან ფარმინგს არაფრით ჩამოუვარდება.
Win-win ფორმულა. თანამშრომლობის ასეთ ფორმატს სარგებელი DeFi ბაზრის ყველა მონაწილისთვის მოაქვს. პლატფორმები ლიკვიდობის შემოდინებას და ახალ მომხმარებლებს იღებენ, ხოლო LP-ები ჯილდოვდებიან იმისთვის, რომ ლიკვიდობის პულებში თავიანთ აქტივებს ათავსებენ და ასევე იღებენ მონაწილეობის უფლებას პლატფორმებისა და ზოგადად ბაზრის განვითარებაში.
შესვლის დაბალი ბარიერი. ლიკვიდობის მაინინგში მონაწილეობა მოკრძალებული კაპიტალის მქონე ინვესტორებსაც კი შეუძლიათ, რადგან პლატფორმების უმეტესობა იზიდავს დეპოზიტებს თუნდაც მინიმალური თანხებზე.
კრიპტოდემოკრატია და საზოგადოების მართვა. ყველა, ვინც აწვდის ლიკვიდობას (თანხას მნიშვნელობა არ აქვს) მმართველობით ტოკენებს იღებს და თავისი ხმით პროექტის შემდგომ განვითარებაზე ახდენს გავლენას.
სამწუხაროდ, უპირატესობის გარდა, როგორც ნებისმიერ საინვესტიციო სფეროში, არის რისკებიც.
ფინანსური ზარალი. არსებობს სახსრების დაკარგვის შესაძლებლობა, თუ პულში დაბლოკილი აქტივების ღირებულება შესვლის ფასზე დაბლა დაეცემა.
ეგზიტსქამი. არსებობს ალბათობა იმისა, რომ DeFi პლატფორმის დამფუძნებლებმა, რომლებმაც დიდი რაოდენობით ინვესტიციები მოიზიდეს, პროექტი დატოვონ და ინვესტორების ფულით გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდნენ.
"ხვრელები" უსაფრთხოების სისტემაში. ვინაიდან ლიკვიდობის მაინინგში ჩართული სმარტ კონტრაქტების უმეტესობა მხოლოდ კოდია, რომელიც ბაგის ალბათობას უშვებს, მათ შეიძლება ხელი შეუწყონ წარმატებულ ჰაკერულ თავდასხმას. ტექნიკურმა ხარვეზებმა და უსაფრთხოების მოწყვლადმა სისტემებმა შეიძლება ჰაკერებს მისცეს შანსი, მოიპარონ ინვესტორების სახსრები, მათი DeFi პროტოკოლებიდან ამოღებისა და გარე საფულეებში გადატანის გზით.
დასკვნა
ახლა თქვენ გაქვთ გარკვეული წარმოდგენა ლიკვიდობის მაინინგის, მისი სარგებლისა და პოტენციური რისკების შესახებ. პლატფორმისა და სწორი სავალუტო წყვილის არჩევის შემთხვევაში, ამ ინსტრუმენტის გამოყენებით, შესაძლებელია სტაბილური მოგების მიღება და ამით საინვესტიციო პორტფელის შემოსავლიანობის გაზრდა. ეს ასევე პასიური შემოსავლის გენერირების კიდევ ერთი ვარიანტია.