თეთრი სახლი კრიპტოვალუტის მაინერებს გადასახადს დაუწესებს

ფოტო - თეთრი სახლი კრიპტოვალუტის მაინერებს გადასახადს დაუწესებს
აშშ-ის 2024 ფისკალური წლის ბიუჯეტმა ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას, ოჯახებისთვის ხარჯების შემცირებას, ასევე სამედიცინო და სოციალური უზრუნველყოფის გამყარებას. პროექტის ერთ-ერთი სიახლე არის DAME - ელექტროენერგიის აქციზური გადასახადი ციფრული აქტივების მაინინგისთვის.
DAME (Digital Asset Mining Energy) გადასახადი კრიპტომაინინგის ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ხარჯებთან დაკავშირებული პრობლემებისა და რისკების გადაჭრის კუთხით პრეზიდენტის თანმიმდევრული პოლიტიკის კანონზომიერი დადასტურებაა. ის გულისხმობს ელექტროენერგიის მოხმარებაზე გადასახადის სამეტაპიან შემოღებას - პირველ წელს 10%, მეორე წელს 20%-მდე ზრდით, ხოლო შესაბამისი კანონის მიღებიდან მესამე წელს - 30%-მდე მატებით. ამრიგად, 10 წლის განმავლობაში, კრიპტოვალუტის მაინერებს, გადასახადის მეშვეობით, ადგილობრივი საზოგადოებებისა და გარემოსდამცველი ორგანიზაციებისთვის  3,5 მილიარდამდე აშშ დოლარის კომპენსირება მოუწევთ. 

პრეზიდენტის ეკონომიკური ანგარიშის თანახმად, ვირტუალური აქტივების გამოშვებას თან ახლავს რეალური გავლენა ეკონომიკასა და გარემოზე. DAME-ს ძირითადი ამოცანაა, აიძულოს მაინინგ კომპანიები, გამოიჩინონ  პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება იმ ზარალის მიმართ, რომელსაც მაინინგის პროცესი საზოგადოებას აყენებს. კერძოდ, საუბარია გარემოს დაბინძურებაზე, ელექტროენერგიის ღირებულების იძულებით ზრდასა და კლიმატზე სათბურის აირების გლობალურ გავლენაზე.

2022 წელს სხვადასხვა დანადგარების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების სტატისტიკა აჩვენებს, რომ კრიპტომაინინგი საცხოვრებელი ფართების განათებასა და ტელევიზორების ელექტროკვებასთან ერთ პოზიციაზე იმყოფება და უსწრებს საყინულეებს, ვენტილატორებს, ტუმბოებს, სარეცხ მანქანებსა და ჭურჭლის სარეცხ მანქანებს. ამასთან, მაინინგ  კომპანიები ამჟამად არ უხდიან ფინანსურ კომპენსაციას ადგილობრივ საზოგადოებებს რესურსების აქტიური გამოყენებისთვის.

როგორ აისახება მაინერების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება ელექტროქსელებზე, ეკოლოგიასა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე? თეთრ სახლში აღნიშნავენ მაინინგის შემდეგ უარყოფით ეფექტებს:

  • გარემოს ლოკალური დაბინძურება, უმეტესად რეგიონებში, სადაც ფერადკანიანი და დაბალი შემოსავლის მქონე თემები ცხოვრობენ;
  • ელექტროქსელების გადატვირთვა ინტენსიური და არასტაბილური მოხმარების შედეგად, ოპერატიული მომსახურებისა და სპეციალისტების უსაფრთხოების რისკებით;
  • ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა მომხმარებლებისთვის;
  • სხვა დარგების საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი ალტერნატიული ენერგიის რაოდენობის შემცირება და "ბინძურ" ენერგორესურსებზე მათი მდგრადი დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
  • დამატებითი ფინანსური რისკები ელექტროენერგიის მიმწოდებლებისთვის, რომლებიც მაინერების საჭიროებებიდან გამომდინარე, მაინინგის გეოგრაფიული მობილობისა და სტაბილური ბიზნეს მოდელის არარსებობის გამო, წარმოების მოდერნიზაციას ახდენენ.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მაინინგი ვერ დაიკვეხნის იმით, რომ ადგილობრივი საზოგადოებებისა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურებისთვის ეკონომიკურ, ან სოციალურ  სარგებელს უზრუნველყოფს, თეთრი სახლი დარგის გამჭვირვალე რეგულირების დანერგვას ეროვნულ დონეზე გეგმავს. სააქციზო გადასახადი DAME არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც კრიპტოინდუსტრიის პასუხისმგებლიან განვითარებას უზრუნველყოფს და ზოგადად ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობისთვის რისკებს შეამცირებს.