ვინ არის სატოში ნაკამოტო – ბიტკოინის იდუმალი შემქმნელი?

icon BTC
ფოტო - ვინ არის სატოში ნაკამოტო – ბიტკოინის იდუმალი შემქმნელი?
ბიტკოინის შემქმნელის ვინაობა დღემდე იდუმალებითაა მოცული. ვინ დგას ამ ფსევდონიმის უკან და ვის უნდა უმადლოდეს კაცობრიობა ახალი კლასის დეცენტრალიზებული ციფრული აქტივების და კერძოდ ბიტკოინის შექმნისთვის?
14 წლის წინ გამოქვეყნდა დოკუმენტი (თეთრი ფურცელი–WP), რომელიც შეიცავდა ახალი თაობის  დეცენტრალიზებული ფულის - ბიტკოინის (BTC) შექმნის კონცეფციას. დოკუმენტი საჯარო გახდა კრიპტო-ანარქისტული საზოგადოების შიგნით მასობრივი e-mail-გზავნილების გზით, რომელსაც ხელს  სატოში ნაკამოტო აწერდა. ამ საზოგადოების წევრები ცდილობდნენ თავი დაეღწიათ სახელმწიფოსა და მთავრობების კონტროლისგან, დაბეგვრის უსამართლო სისტემისა და ფულის ემისიაზე მონოპოლიისგან. საზოგადოება არსებული ფინანსური და საბანკო სისტემის ალტერნატივის ძიებაში იყო, რომელიც მოკლებული იქნებოდა  შეზღუდვებს, აკრძალვებსა და მაღალ საკომისიოს. მომავალს უკავშირებდნენ მონაცემთა შენახვისა და გაცვლის დეცენტრალიზებულ სისტემებს, ასევე კერძო ციფრულ ფულს, რომელსაც სახელმწიფო ვერ  გააკონტროლებდა, და რაც p2p ტრანზაქციების შუამავლების გარეშე განხორციელების საშუალებას მისცემდა. კრიპტო ანარქისტები ცდილობდნენ  ყველა ინფორმაცია კონფიდენციალური და დაცული ყოფილიყო კრიპტოგრაფიისა და დაშიფვრის მეთოდების საშუალებით. ბიტკოინის კონცეფცია კი ამ საზოგადოების მისწრაფებებს სრულად შეესაბამებოდა. 

ბიტკოინის გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში სატოში ნაკამოტოს ფიგურა იდუმალებით იყო მოცული. გასაგებია, რომ სატოში ნაკამოტო მხოლოდ ფსევდონიმია და არა ნამდვილი სახელი. და Bitcoin WP-ის გამოქვეყნების თარიღიდან 14 წლის შემდეგაც კი, ზუსტად არ არის ცნობილი, ვინ იყენებდა მას მიმოწერაში და ფორუმებზე, ნამდვილი  სახის დამალვით.  მრავალი ვერსია არსებობს, თუ ვინ შეიძლება იყოს ის, ვინც  ბიტკოინი  და პირველი დეცენტრალიზებული ბლოკჩეინი შექმნა. ზოგი თვლის, რომ ეს ერთი ადამიანი კი არ არის, არამედ კრიპტო-ანარქისტული დეველოპერების ჯგუფია, რომელიც  საჯაროობას ერიდება.

ბევრი ნიშანი მოწმობდა, რომ იაპონურ სახელს და კერძოდ იაპონიას არანაირი კავშირი არ ჰქონდა პირველი კრიპტოვალუტის შემქმნელთან. სატოში ნაკამოტო მიმოწერას ძირითადად დასავლეთ ევროპის ზონასთან (UTC-0) დაკავშირებულ დროის ინტერვალებში აწარმოებდა, ბრიტანული ინგლისურის გამოყენებით. Bitcoin WP ასევე  წმინდა ინგლისურ ენაზე  გამოქვეყნდა და არა იაპონურზე, რომელზეც შემდგომშიც არც არავის  უთარგმნია. იყო სხვა ნიშნებიც და მინიშნებებიც სატოში ნაკამოტოს ბრიტანულ წარმომავლობაზე, ამიტომ, როგორც ჩანს, ის საზოგადოებას უბრალოდ კონსპირაციულ თამაშებს ეთამაშებოდა.

თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც „იაპონურ კვალს“ სწორედ სატოში ნაკამოტოს საძებნელად  მიჰყვებოდა. და  იპოვეს კიდეც.  ამერიკელი ფიზიკოსი დორიან სატოში ნაკამოტო, ლიბერტარიანული შეხედულებებით, წარმოშობით იაპონელი იყო  პენტაგონის საიდუმლო პროექტებში მუშაობის გამოცდილებით.თითქოს, 100%–იანი  დამთხვევაა. როდესაც 2014 წელს ჟურნალისტები მის კვალს დაადგნენ, მან ცოტა ხნით შეუწყო  ინტრიგას ხელი, ტკბებოდა მოულოდნელი ყურადღებით, მაგრამ საბოლოოდ აღიარა, რომ ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების შესახებ არაფერი იცოდა.

მას შემდეგ ბიტკოინის შემქმნელის როლის პოტენციურ კანდიდატთა სიაში ბევრი მოხვდა. ზოგიერთი ბობოქარი სასამართლოშიც კი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ეს არის ის ადამიანი, ვინც   სატოში ნაკამოტოს ფსევდონიმს იყენებდა  და პრეტენზია ჰქონდა მისი მუშაობის შედეგებზე.

ჰაროლდ თომას (ჰელი) ფინი

ერთ-ერთი პირველი,ვინც „ეჭვმიტანილთა“ სიაში მოხვდა, ჰელ ფინი იყო. ის იყო კრიპტო-ანარქისტული საზოგადოების წევრი და  90-იან წლებში კრიპტოგრაფიული მეთოდებით მონაცემთა  დაშიფვრის რევოლუციური პროგრამული უზრუნველყოფის - PGP –ერთ-ერთი შემქმნელი. იმ ფაქტმა, რომ ის იყო ბიტკოინებში პირველი გზავნილის მიმღები (2009 წლის 12 იანვარი), ზოგიერთს მისცა საშუალება დაეკავშირებინათ მისი პიროვნება ფსევდონიმთან Satoshi Nakamoto, რომლის  დაუსწრებლად ცნობასაც, სხვათა შორის, თავად ჰელიც არ უარჰყოფდა.  მაგრამ ვინ იყო პირველი 10 BTC-ის რეალური  გამგზავნი (ტექნიკურად, ეს ოპერაცია შეიძლება  ერთმა ადამიანმაც შეასრულოს ორი განსხვავებული საფულის გამოყენებით) და გამოიყენა თუ არა ჰაროლდ ფინიმ ფსევდონიმით Satoshi Nakamoto - ამის შესახებ უკვე ვეღარ გავიგებთ. ჰელ ფინი 2014 წელს გარდაიცვალა.

ნიკ საბო

კიდევ ერთი სავარაუდო კანდიდატი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ფსევდონიმი სატოში ნაკამოტო, არის ნიკ საბო. ის იყო IT კრიპტოგრაფი, შეიმუშავა სმარტ–კონტრაქტის კონცეფცია და 90-იანი წლების ბოლოს შექმნა ელექტრონული ფული სახელწოდებით Bit Gold (ციფრული ოქრო). ახლა ბიტკოინსაც უწოდებენ "ციფრულ ოქროს" და სახელები Bit Gold და Bitcoin ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მაშინ Bit Gold, როგორც პროექტი, აღარ გამოსულა. ნიკი ოფიციალურად უარყოფს ბიტკოინის ავტორობას, თუმცა ეჭვის საფუძველი არსებობს.
2013 წელს ბლოგერმა სკაი გრეიმ, ბიტკოინის პროგრამული კოდისა და პროტოკოლის დაწერის სტილის გაანალიზების შემდეგ, თქვა, რომ დიდი ალბათობით ნიკ საბო და სატოში ნაკამოტო ერთი და იგივე პიროვნებაა. ნაპოვნია სხვა გვერდითი მტკიცებულებები, მაგალითად, როგორიცაა ის ფაქტი, რომ ნიკის 40 ტექსტი შეიცავს სიტყვებს შორის  ორმაგ დაშორებას, ისევე,როგორც  სატოში ნაკამოტოს ტექსტები. კიდევ ერთი არგუმენტი იყო ის, რომ 2008 წელს, Bitcoin WP-ის გამოქვეყნების წინა დღეს, საბომ თავის ბლოგზე დაწერა მორიგი მცდელობისა და მისი ციფრული ვალუტის ხორცშესხმის გეგმების შესახებ. ეს დამთხვევაა თუ მტკიცებულება? მაგრამ ყველა ამ არგუმენტს ნიკ საბო იცილებს და უარყოფს.

ადამ ბეკი

ეს კრიპტოგრაფიც შედის უძველესი კრიპტოვალუტის სავარაუდო შემქმნელთა სამეულში. ბიტკოინის შესახებ პირველი პუბლიკაციის  დროს ის ლონდონში ცხოვრობდა. მერე მალტაში გადავიდა (კვალს ფარავდა?). არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ ადამს წვლილი მიუძღვის ბიტკოინის შექმნაში - ცნობილია, რომ იგი მიმოწერას აწარმოებდა სატოში ნაკამოტოსთან და მისი პუბლიკაციის ბმული Hashcash-ის შექმნის შესახებ მოცემულია Bitcoin WP-ში. სწორედ მისი იდეა დაედო საფუძვლად  (PoW) ალგორითმს, რომელიც  ბიტკოინის ბლოკჩეინს დღემდე იყენებს. ადამი უარყოფს ყველა განცხადებას, რომ სწორედ ის არის სატოშა ნაკამოტო. 

დეივ კლეიმანი

ისიც ამ სიაშია. 1995 წელს ავტოკატასტროფის შედეგად პარალიზების შემდეგ, დეივმა  კოდების წერა დაიწყო და  განაწილებული რეესტრების ტექნოლოგიით (ბლოკჩეინი) დაინტერესდა. მის ზოგიერთ კოლეგას მისი პროგრამირების სტილი ასევე ძალიან მოაგონებს  სატოში ნაკამოტოს სტილს. 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან დეივმა დაიწყო ახალი ელექტრონულ გადახდის სისტემის შექმნა. 2008 წლის მარტში მან  თავის მომავალ პარტნიორს, კრეიგ რაიტს, შემდეგი მისწერა: „შენი დახმარება მჭირდება დოკუმენტის რედაქტირებაში, რომლის გამოქვეყნებას მოგვიანებით,ამ წლის ბოლოს ვაპირებ.  ელექტრონული ფულის ახალ ფორმაზე ვმუშაობდი. Bit cash, Bitcoin… შენ ყოველთვის ჩემთან იყავი და მინდა, რომ ამის  ნაწილი იყო.” რამდენიმე თვის შემდეგ Bitcoin WP გამოქვეყნდა. შემდგომში, დეივ კლეიმანმა და კრეიგ რაიტმა ერთად დააარსეს კომპანია W&K Info Defense Research, რომელმაც ბიტკოინების მაინინგი დაიწყო. მთელი დროის განმავლობაში მათ  1,1 მილიონზე მეტი BTC დააგროვეს. 2013 წელს დეივი  გარდაიცვალა. 
 
არიან ისეთებიც, ვინც ძალით ცდილობდა ამ სიაში მოხვედრას, ფსევდონიმი Satoshi Nakamoto  და ბიტკოინის ავტორობის მითვისებით. საუბარია ზემოთ უკვე ნახსენებ ადამიანზე - კრეიგ რაიტზე. მთელი ამ წლების განმავლობაში ის არაერთხელ ამტკიცებდა, რომ სწორედ ის არის ბიტკოინის შემქმნელთა გუნდის მთავარი წევრი. არაერთხელ ცდილობდა ამის დამტკიცებას სასამართლოს გზით, თუმცა ყველა პროცესი წააგო. 2021 წელს სასამართლომ მას მისი გარდაცვლილი პარტნიორის, დეივ კლეიმანის ოჯახისთვის კომპენსაციის სახით მაინინგის კომპანიის თანამფლობელობისას მოპარული შემოსავლისთვის 100 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა (თუმცა ისინი  თითქმის 180 მილიარდ დოლარს ითხოვდნენ). მას სასამართლო დავა  ნიკ საბოსთანაც სურდა (მისი გაგებით, სატოში ნაკამოტოს გვირგვინის კიდევ ერთ კონკურენტთან), მაგრამ გადაიფიქრა და სარჩელი გამოიტანა. რამდენიმე სასამართლო დავამ, რომლებიც მან  2022 წლის განმავლობაში წააგო, საბოლოოდ გაამყარა მისი მეტსახელი „ყალბი სატოში“, რის გამოც კრიპტოვალუტის საზოგადოება მას ახლა მხოლოდ როგორც მატყუარას, თაღლითსა და პატენტების ქურდს  მიიჩნევს.   
 
ბიტკოინის არსებობის  ისტორიაში შემქმნელის კანდიდატთა სიაში ათამდე ადამიანი იყო -  (მათ შორის ილონ მასკიც კი), მაგრამ არავინ იცის, ვინ იდგა ფსევდონიმ სატოში ნაკამატოს უკან: კაცი, ქალი თუ თანამოაზრეთა ჯგუფი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მისი მონეტები 750,000-დან 1.1 მილიონამდე BTC-ის ოდენობით ჯერ კიდევ ინახება უძრავად საფულეებზე, ჯერ კიდევ არის შანსი ამის შესახებ  მომავალში გავიგოთ.